თბილისის რამდენიმე უბანში ბოლო პერიოდში რამდენიმეწლიანი ცაცხვები ახალმა კიპარისის ხეებმა ჩაანაცვლა. ბარათაშვილის ქუჩაზე ხეების მოჭრას მოსახლეობის პროტესტიც მოჰყვა. როგორც საქართველოს მწვანეთა პარტიის გენერალური მდივანი გია გაჩეჩილაძე "რეზონანსთან" საუბარში ამბობს, ხეების ასე ინტენსიურად გაჩეხვა თბილისს კატასტროფულ მდგომარეობამდე მიიყვანს.
"არსებობს სპეციალური ნორმები, რომელსაც დასახლებული პუნქტი გამწვანებით უნდა აკმაყოფილებდეს, რომ იქ ნორმალური ეკოლოგიური სიტუაცია იყოს. ამ ნორმებს დედაქალაქი ვერანაირად ვერ აკმაყოფილებს. ერთ სულ მოსახლეზე 5 კვადრატული მეტრიც არ მოდის მაშინ, როდესაც ევროპის ქალაქებში გამწვანების ზოლი ერთ სულ მოსახლეზე 50-60 კვადრატული მეტრია, ზოგან მეტიც", - ამბობს გაჩეჩილაძე. მისივე თქმით, დეკორატიულ მცენარეებს, რომლებიც ამ ბოლო დროს ქალაქში ირგვება, არანაირი ეკოლოგიური ფუნქცია არა აქვს. "მსოფლიოს დიდ ქვეყნებში - იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთში დეკორატიულ მცენარეებს არავინ არ რგავს კორპუსებისა და საცხოვრებელი სახლების წინ. პირველ რიგში, ეს ქვეყნები თავიანთ მოსახლეობაზე ზრუნავენ და ხეს იმის გამო არავინ არ ჭრის, რომ ის ფასადს ჩრდილავს. "ფოთლოვან ხეებს, ძირითადად, ეკოლოგიური ჯანმრთელობისათვის საჭირო ფუნქცია აქვს. ისინი ტოქსიკურ გამონაბოლქვს ნეიტრალიზაციას უკეთებენ, ზაფხულის პერიოდში ჩრდილს ქმნიან, შემოდგომაზე, ქარიანი სეზონების დროს, 2-3-ჯერ ამცირებენ ქარის სიჩქარეს. ასევე გამწვანება ამცირებს ქალაქის დამტვერიანებას.ხეების დარგვის ძირითადი ფუნქცია სწორედ ეს არის და არა ის, რომ ვიღაც ტურისტმა გაიაროს წელიწადში ერთხელ და თქვას - რა ლამაზი ხე დაურგავთო. "დეკორატიულ მცინარეებს სწორედ ამისთვის რგავენ, რომ ტურისტებს თვალი მოსჭრან. ხალხი როგორ იცხოვრებს, ამაზე არ ფიქრობენ. "ჭავჭავაძის პროსპექტზე უზარმაზარი, სამოცწლიანი ხეები რომ მოჭრეს, არც არაფერი დაურგავთ, მათ სუფთა ეკოლოგიური ფუნქცია ჰქონდათ", - ამბობს გაჩეჩილაძე. მწვანეთა პარტიის ლიდერი ხეების გაჩეხვას მერიის მიერ დაწყებულ მშენებლობებს უკავშირებს. "რაც ესენი მოვიდნენ, შესეულები არიან ხეებს და კატასტროფულ მდგომარეობამდე მიიყვანეს ქალაქი. გამგეობისა და პოლიციის ახალი შენობების ასაშენებლად სკვერებში და პარკებში ამოჩეხეს უზარმაზარი მასივები და გამგეობის შენობები - უსაქმურთა ბუდეები ჩადგეს. "ამიტომ გაჩეხეს ხეები გლდანის და ვაკე-საბურთალოს რაიონებში, ასევე სხვა ადგილებშიც. აღარ ვლაპარაკობ სანაპიროზე რა უბედურება დაატრიალეს", - ამბობს გაჩეჩილაძე. მისივე თქმით, ქალაქში სრულიად ჯანსაღი ხეები იჭრება. "ფოტოებიც კი გვაქვს გადაღებული, მერე სალაპარაკო რომ არ იყოს. მოვა დრო მაგაზე ყველამ პასუხი უნდა აგოს. ეხლაც რომ დარგონ იგივე ჯიშის ხე, ის როდის გაიზრდება? ერთი თაობა უნდა, სანამ ხე თავის ფუნქციებს შეასრულებს. იმდენად მძიმე ტვირთს იღებს გამწვანება ქალაქებში, ხეები რომლებიც აქ ცოცხლობს, მხოლოდ 50-60 წელია ჯანსაღი, იგივე ჯიშები ტყეში 120-130 წელი ასრულებს თავის ფუნქციას", - ამბობს გაჩეჩილაძე. მისივე აზრით, იმ შემთხვევაში, თუ ხეების მოჭრა ასე გაგრძელდა, ქალაქს ძალიან დიდი ეკოლოგიური საფრთხე დაემუქრება. "საფრთხე ამ შემთხვევაში ის არის, რომ ისედაც მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობაში მყოფი ქალაქი კიდევ უფრო დაბინძურდება, კატასტროფულ მდგომარეობამდე მივალთ. ქარების სიჩქარე მოიმატებს, ეს პირველ რიგში ადამიანებს და ძირითადად, ბავშვებს დააზარალებს. ამის პერსპექტივა დღეს ნამდვილად არის." თბილისის მერიის ეკოლოგიის და გამწვანების სამსახურის უფროსი გიორგი ქორქაშვილი "რეზონანსთან" საუბარში ხეების გაჩეხვას კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ მხოლოდ ტოტების გასხვლა და ხეების ფორმირება ხდება. "გაჩეხვა გადაჭარბებული ნათქვამია. ბარათაშვილის ქუჩაზე მხოლოდ სამი ცაცხვის ხე მოიჭრა, დანარჩენების ფორმირება მოხდა", - ამბობს ქორქაშვილი. მისივე თქმით, ბარათაშვილის ქუჩაზე კიპარისების დარგვა დარჩენილ ხეებს ხელს არ უშლის. "ბარათაშვილის ქუჩაზე ორივე მხარეს იყო კიპარისის ხეები გათვალისწინებული. ამ ტერიტორიაზე, "ფილიპსის" მაღაზიის მიმდებარედ სამი ხე იჭრება იმიტომ, რომ ერთმანეთს ხელს უშლიან, გვერდიგვერდ ვერ გაიხარებენ. დიდი ხეების მოჭრა გათვალისწინებული არ არის. ერთი კედარის ხე იყო კუთხეში, რომელიც გადმოხრილი იყო და მხოლოდ ის მოვჭერით. ფაქტია, რომ მე იმ მოჭრილ ხეებს არ ვმალავ", - ამბობს ქორქაშვილი. რაც შეეხება ახლადდარგული ხეების გახმობის ფაქტს, ქორქაშვილი ამბობს, რომ თუ ასეთი რამ მოხდება, იმ ადგილებში გამხმარ ხეებს ნერგების მომწოდებელი კომპანია ახლით შეცვლის. "ნერგების მომწოდებელ კომპანიასთან - "ევროტრანს ჯორჯიასთან" კონტრაქტით გათვალისწინებული გვაქვს, რომ თუ მის მიერ მოწოდებული ნერგი არ გაიხარებს, ერთი წლის განმავლობაში მას ვალდებულება აქვს, ნერგი გამოცვალოს. შესაბამისად, თუ ნერგების გახმობა ხდება, ეს კომპანიის პასუხისმგებლობაა და გამოიცვლება. "ამ კომპანიას ასევე აქვს ვალდებულება აღებული, რომ თუ ხეების 90%-მა არ გაიხარა, ნერგები მთლიანად უნდა შეიცვალოს", - ამბობს ქორქაშვილი. აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ხეები თბილისის რამდენიმე უბანში მოიჭრა. 2012 წლის თებერვალში, მოსკოვის გამზირზე 70-მდე ფიჭვის ხე აჭრეს, ასევე იპოდრომის ტერიტორიაზე და კიკვიძის პარკში. |