"დიდი დინოზავრების ჯიში გადაშენდა და ძუძუმწოვრებს დაუთმო ადგილი, მაგრამ ამ ჯიშის ნამდვილი წარმომადგენელი, ნიანგი, ახლაც ჩვენთან ერთად ცხოვრობს" - წერდა ზიგმუნდ ფროიდი ესეში "უკმაყოფილება კულტურაში" (Das Unbehagen in der Kultur", 1930). ევოლუციის თეორიიდან მოტანილ მეტაფორას ფროიდი იმის აღსაწერად იყენებდა, რაც ჩვენ წარსული, განდევნილი, გადალახული, დაძლეული გვგონია, მაგრამ მაინც ჩვენში, ჩვენს გვერდით, ჩვენთან ერთად არსებობს. პოლიტიკაში გადმობარგებული ბიზნესმენებიდან საქართველოში ფსიქოანალიზით ბოლო დროს ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა, მაგრამ ამჯერად არც მასზე და არც ფსიქოანალიზზე საუბარს არ ვაპირებ.
ამას წინათ თვალში მომხვდა კახა ბენდუქიძის ინტერვიუ, რომელშიც ის, სხვათა შორის, ელიტურ კორუფციაზე საუბრობდა. "ელიტური კორუფცია" - ამბობდა ბენდუქიძე - "ისე, როგორც ეს წარმოუდგენია ზოგიერთ ოპოზიციურ ძალას, იგივეა, რომ მე გითხრათ, რომ აი, ამ ოთახში არის ძალიან ბევრი ნიანგი, მაგრამ ჩვენი ეშინიათ და არ ჩნდებიან."
კორუფციასთან ბრძოლა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი სამარკო წარმატებაა. მართლაც: პატრული ქრთამს არ იღებს, პასპორტის ან რაიმე ცნობის აღება თუ გინდა, მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დაწესებულ მოსაკრებელს იხდი და ა.შ. ჩვეულებრივ, ყოფით დონეზე ჩემნაირ ჩვეულებრივ მოქალაქეს ქრთამის მიცემა არ უხდება.
ელიტურ კორუფციაზე საქართველოში ბევრს ლაპარაკობენ (მაგრამ იშვიათად განმარტავენ) უკვე ხსენებული ოპოზიციონერები, სხვადასხვა მერყევი ელემენტები და ასევე აშშ-ის ელჩი საქართველოში ქართველი ჟურნალისტების მიერ ჯონ ბაასად მონათლული ჯონ ბასი, რომელიც, მმართველი პარტიის აზრით, საქართველოს ერთი ჩვეულებრივი მეგობარი ქვეყნის ელჩისათვის, საერთოდ ძალიან ბევრს ლაპარაკობს. როგორც წესი, იგულისხმება კორუფციის "ხარისხობრივი" ტრანსფორმაცია "ქვედა" რგოლებიდან (საგზაო პოლიცია, საპასპორტო სამსახურები, დაბალი რანგის ჩინოვნიკები) გაურკვეველ ზედა რგოლებში.
კახა ბენდუქიძე ტყუილად არ სარგებლობს ჭკვიანი ადამიანის რეპუტაციით. ის ზუსტად განმარტავს, რას ნიშნავს ელიტური კორუფცია "ისე, როგორც ეს წარმოუდგენია ზოგიერთ ოპოზიციურ ძალას": 1) "არის ვთქვათ გაფუჭებული მინისტრი და ჰყავს კრისტალურად სუფთა მოადგილეები, ან კორუმპირებული მოადგილეები და კრისტალურად სუფთა დეპარტამენტის უფროსები. ანუ ქვედა დონეზე ყველა სუფთაა: ეს ხალხი ხედავს ყველაფერს და ჩუმად არის. მისი უფროსი მექრთამეა, ის კი წყნარად აღიქვამს და პატიოსნად მუშაობს. ეს არის ზღაპრიდან მოტანილი სიუჟეტი." - ასკვნის ბენდუქიძე. 2) "ელიტურ კორუფციას ეძახიან ფაქტიურად საჯარო სამსახურის რეფორმის შედეგებს, კერძოდ, მაღალ ხელფასებს საჯარო სამსახურში."
"ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ ხდება," - განაგრძობს კახა ბენდუქიძე - "სადაც შეიძლება მთავრობის კრიტიკა, მაგრამ ეს ხალხი ამჯობინებს, იოლი გზით წავიდეს. იმის მაგივრად, რომ შეისწავლონ რა პრობლემებია, იბრძოლონ ამ პრობლემების დასაძლევად, ისინი ამ მოგონილ ელიტარულ კორუფციას აბრალებენ ყველაფერს. თუ ეს ჩემი მსჯელობა საკმარისი არ არის, მაშინ მოდით სექტორულად განვიხილოთ, სად არის ეს ელიტური კორუფცია? და რაში გამოიხატება? ენერგეტიკაში? ჯანდაცვაში? განათლებაში? პოლიციაში? თავდაცვაში? სია შეგიძლიათ გააგრძელოთ და პასუხებიც მოიკითხოთ." - ურჩევს ის ჟურნალისტს. ჟურნალისტს, თუ არ ვცდები, პასუხები არ მოუკითხავს.
შეკითხვა, არსებობს თუ არა ელიტური კორუფცია საქართველოში, სულაც არ არის ტრივიალური. ის პირდაპირ არის დაკავშირებული ქართული სახელმწიფოს მომავალთან. საქართველო, ნაციონალური მოძრაობის ჩირლიდერების წარმოდგენისაგან განსხვავებით, ჯერ არ "აშენებულა". ის ახლა იქმნება, თავიდან ფუძნდება. ამიტომ აქვს მნიშვნელობა ყოველ კანონს და კონსტიტუციაში შეტანილ ყველა ცვლილებას - მათ შორის ისეთსაც, რომელსაც მმართველი პარტია არა სახელმწიფოს, არამედ საკუთარი გრძელვადიანი ინტერესების გათვალისწინებით აკეთებს. ელიტური კორუფციის საკითხთან დამოკიდებულებაც პირდაპირ კავშირშია იმასთან, იარსებებს თუ არა საქართველოში ადამიანი ან პარტია, რომელიც კანონზე მაღლა იდგება და ნებისმიერ კანონს, ფუნდამენტური კანონის ჩათვლით, თავის თავზე მოირგებს.
იქამდე, სანამ ელიტურ კორუფციაზე საუბარს გავაგრძელებდე, მის განმარტებას შემოგთავაზებთ, რომელიც კახა ბენდუქიძისეულისაგან ოდნავ განსხვავდება, მერე კი, როგორც XIX საუკუნის ვინმე ჟურნალისტი იტყოდა, შენ, ძვირფასო მკითხველო, თავადვე განსაჯე, იმალება თუ არა შენს ოთახში, ტახტის ქვეშ, რომელიმე ნიანგი.
დავიწყოთ იმით, რომ კორუფცია სულაც არ ნიშნავს მარტო ქრთამის აღებას. არსებობს პოლიტიკური და ბიუროკრატიული კორუფცია, კრონიზმი (როდესაც თანამდებობაზე ინიშნებიან ლოიალური ადამიანები) და ნეპოტიზმი (თანამდებობებზე ნათესავების დანიშვნა), კანონით გათვალისწინებული მომსახურებისათვის კანონით გაუთვალისწინებელი საჩუქრების მიღება (მაგ. რომელიმე ბიზნესმენი რომელიმე მაღალი რანგის ჩინოვნიკს დასასვენებლად გაუშვებს ისეთ ადგილას, სადაც ეს ჩინოვნიკი თავისი ხელფასით ვერაფრით დაისვენებდა). უფრო ზოგადად რომ ვთქვათ, კორუფციასთან გვაქვს საქმე, როდესაც სისტემის მონაწილე სუბიექტი თავს კანონზე მაღლა აყენებს და საკუთარი პოზიციების გასამყარებლად დაუსჯელად იყენებს აშკარად უკანონო გზებს (ან ისეთ გზებს, სადაც კანონის და უკანონობის გარჩევა შეუძლებელი ხდება).
რამდენიმე მაგალითს მოვიყვან:
1) 2002 წელს თანამდებობიდან გაათავისუფლეს გერმანიის თავდაცვის მინისტრი რუდოლფ შარპინგი (გერმანული მაგალითები იმიტომ არ მომყავს, რომ გერმანია სამაგალითო დემოკრატიად მიმაჩნია, უბრალოდ, რადგანაც დიდი ხანია აქ ვცხოვრობ, შესაბამისი მაგალითები უფრო იოლად მახსენდება). მისი მოხსნის ერთ-ერთი მიზეზი ის გახლდათ, რომ 2001 წელს მინისტრი შვებულებაში, მაიორკაზე, ბუნდესვერის თვითმფრინავით გაფრინდა (ბუნდესვერი სამთავრობო რეისებს ასრულებს). შარპინგს ქრთამი არ აუღია. მან კერძო მიზნებისათვის გამოიყენა სერვისი, რომელიც მას ეკუთვნოდა, როგორც თანამდებობის პირს, ისიც სამსახურებრივი მიზნებისათვის.
2) წელს გერმანიის პრეზიდენტი, ქრისტიან ვულფი გადადგა. მის გადადგომას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, ერთ-ერთი ის იყო, რომ მან თავისი მეგობარი ბიზნესმენისაგან შეღავათიანი კრედიტი, ნახევარი მილიონი ევრო, აიღო. საქმე იმაშიც კი არ იყო, რომ ვულფი ამ თანხის საფასურად ბიზნესმენს რამეს დაჰპირდა ან რამე "გაუკეთა". ასეთი მოქმედებით მან თავი "კორუმპირებადი", სხვაზე დამოკიდებული გახადა და ქვეყნის პირველი პირის სტატუსს ძნელად გამოსასწორებელი ზიანი მიაყენა.
3) 2007 წელს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და გამოძალვის ბრალდებით. ოღონდ ოქრუაშვილი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან მთავრობა დატოვა და მმართველ პარტიას დაუპირისპირდა. ერთ-ერთი ბრალდება იყო პარლამენტარ ჯემალ სვანიძისათვის კომპანია "ჯეოსელის" 2,5%-იანი წილის "ართმევა".
ეს წილების და ქონების ასეთი გადანაწილება ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა: მაგ. სამაუწყებლო კომპანიები "რუსთავი 2" და "იმედი", რომლებიც დღეს მმართველი პარტიის ერთობ უხეირო პროპაგანდით არიან დაკავებული, მფლობელებს ჩვეულებრივი მოქალაქისათვის ერთობ არაგამჭვირვალე გზით იცვლიდნენ.
ოქრუაშვილის შემთხვევა ასევე ელიტური კორუფციის შემთხვევაა: ძნელია, რიგითმა ჩინოვნიკმა პარლამენტარს საკუთარი ათმილიონიანი წილი დაათმობინოს. მე კი არ ვიცი, რა მოხდებოდა, ოქრუაშვილი რომ მთავრობაში დარჩენილიყო: გვეცოდინებოდა რამე ამ შემთხვევის შესახებ? რა მექნიზმები გვაქვს, სხვა მინისტრების (ნამდვილი) შემოსავლების კონტროლისა? როგორ ხდება, რომ უმსხვილესი ტელეკომპანიები პრეზიდენტის მეგობრების ხელში აღმოჩნდება?
ელიტური კორუფციის ეს მოდელი იყენებს უკანონო (ან კანონსა და უკანონობას შორის ნაცრისფერ ზონაში მყოფ) მეთოდებს ისე, რომ ქვეყნის მოქალაქეები მისგან თითქმის სრულიად დაუცველნი არიან.
ეს სამი მაგალითი კერძო შემთხვევაა იმისა, თუ როგორ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ელიტური კორუფცია. ასეთი შემთხვევები სისტემური არ არის. მე მაინც მგონია, რომ როდესაც საქართველოში ელიტურ კორუფციაზე ლაპარაკობენ, სულ სხვა რაღაცას გულისხმობენ. მართლაც, ვინ არის კორუფციის სუბიექტი? ვინ იღებს სარგებელს კორუმპირებული სისტემის შექმნისაგან? კიდევ ორ მაგალითს მოვიშველიებ:
4) საბჭოთა კავშირის ნგრევამ ზოგს თავისუფლება მოუტანა, ზოგისთვის გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო, ზოგს ქონება წაართვა, ზოგს კი კაპიტალი დააგროვებინა. როდესაც საბჭოთა კავშირი ინგრეოდა, გერმანიის მთავრობას თავმჯდომარეობდა ჰელმუტ კოლი, რომელმაც, სოციალ-დემოკრატიული ოპოზიციის უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, გერმანიის გაერთიანების ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და ისტორიაში "გაერთიანების კანცლერის" სახელით შევიდა. ამ ისტორიულ როლს კოლი არ დაუცავს, როდესაც (1999 წ.) გამოაშკარავდა, რომ პირადად მას და მის პარტიას შემოწირულობებისათვის შვეიცარიაში არალეგალური ანგარიშები ჰქონდათ. კოლი, რომელიც ამ დროს კანცლერი აღარ იყო, ყველა პარტიული თანამდებობიდან გადადგა. ესეც ელიტური კორუფციის შემთხვევაა, იმიტომ რომ პარტიას, რომელიც დიდი ხანია ქვეყანას მართავს (გერმანელი ქრისტიან-დემოკრატების და კოლის შემთხვევაში ეს 16 წელიწადი იყო) გარკვეული რესურსების გამოყენება და მართლმსაჯულებისათვის გვერდის ავლა შეუძლია. ხდება ასეთი რამე საქართველოში? გამჭვირვალეა ყველა პარტიის შემოსავლები? რა მექანიზმები გვაქვს ამის გასარკვევად?
5) სიის გაგრძელება ალბათ კიდევ შეიძლება, მაგრამ ბოლო, ყველაზე დიდი ნიანგით დავამთავრებ: ამ ნიანგს "პარტიული კაპიტალიზმი" ჰქვია და მის მაგალითს შეგვიძლია ტაივანში მივაგნოთ ჩინური ნაციონალისტური პარტიის ავტორიტარული მმართველობის დროს. მმართველი პარტია ქმნის ფირმებს, რომლებსაც ამა თუ იმ, დიდ თუ წვრილ მონოპოლიას (მაგ. სარეკლამოს) უგდებს ხელში. ასეთ ფირმებს მმართველი პარტიის ზედა ეშალონების მეგობრები და ნათესავები უდგანან ხოლმე სათავეში. ეს ფირმები, სხვებთან შედარებით, სასათბურე პირობებში არიან, იმიტომ რომ არც საგადასახადო ინსპექცია აწუხებთ ზედმეტად, არც კონკურენცია. ამ ფულით მმართველი პარტია აფინანსებს არა მარტო არჩევნებს, არამედ ამა თუ იმ პროექტს, რომელიც მის ძალაუფლებას ამყარებს. ამ პროექტებით ის ხელს უწყობს "სოციალურ კორუფციასაც", რადგანაც ამ პროექტებში მისადმი ან ლოიალურად განწყობილ ადამიანებს რთავს, ანაც ნეიტრალურად განწყობილთა ლოიალურობას ყიდულობს. ესეც ელიტური კორუფციის შემთხვევაა, რომელიც, ეჭვი მაქვს, ზოგიერთი პოსტსაბჭოთა ეკონომიკის არქიტექტორებს შეიძლება მოდელადაც კი ჰქონდეთ აღებული.
ბოლო ორი მაგალითი გვიჩვენებს, რომ "კორუფციონერი" სულაც არ არის აუცილებელი, რომელიმე ჩინოვნიკი ან მინისტრი იყოს. ელიტური კორუფციის სისტემას შეიძლება ქმნიდეს პარტია, რომელსაც შეგნებული აქვს, რომ მეოცე საუკუნისეული ავტორიტარიზმი ოცდამეერთე საუკუნეში არ იმუშავებს და საკმაო შემოქმედითი პოტენციალი აქვს იმისათვის, რომ ხელისუფლების შენარჩუნების უფრო თანამედროვე ფორმები გამოიგონოს. ასეთი ფორმა შეიძლება იყოს (სემილეგალური) ფინანსური იმპერიის შექმნა, რომელიც ხელოვნური მონოპოლიებისაგან შედგება, კონკურენტებს კი სახელმწიფო აპარატის მეშვეობით უმკლავდება. ეს ფინანსური იმპერია, თავის მხრივ, უზრუნველყოფს არჩევნებში მეტად თუ ნაკლებად უპრობლემოდ გამარჯვების შესაძლებლობას ისე, რომ დემოკრატიის ფასადი შენარჩუნებული იყოს.
ელიტური კორუფციის ეს მოდელი იყენებს უკანონო (ან კანონსა და უკანონობას შორის ნაცრისფერ ზონაში მყოფ) მეთოდებს ისე, რომ ქვეყნის მოქალაქეები მისგან თითქმის სრულიად დაუცველნი არიან.
პირადად ჩემთვის, არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, "კარგი" თუ "ცუდი" მიზნით იქმნება ელიტური კორუფციის სისტემა, რომელმაც ერთსა თუ ორ სამხრეთაზიურ სახელმწიფოში "გაამართლა" იმ თვალსაზრისით, რომ მოსახლეობას გარკვეული კეთილდღეობა მოუტანა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ კორუმპირებული სისტემის შექმნა თავისთავად არანაირად არ იძლევა პოლიტიკური და ეკონომიკური წარმატების გარანტიას, მეორეც იმიტომ, რომ, ჩემი აზრით, ყველა ასეთ მაგალითში წარმატება მხოლოდ კორუმპირებული სისტემის დაძლევის შემდეგ გახდა შესაძლებელი. პირადად ჩემთვის, საქართველოს მომავალი ევროპულ დემოკრატიასთან არის დაკავშირებული - სამართლებრივ სახელმწიფოსთან - ისეთთან, რომელშიც არც ერთი მოთამაშე პრივილეგირებული არ არის და კანონზე მაღლა არ დგას - თანაც ყოველგვარი ხელოვნურად გაჯანჯლებული გარდამავალი პერიოდების გარეშე. და ისეთ საბაზრო ეკონომიკასთან, სადაც ბაზრის მონაწილეები პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით არ წახალისდებიან ან იდევნებიან.
დავამთავრებ იმით, რომ დემოკრატიის ხარისხი (ელიტური) კორუფციის შემთხვევებით არ განისაზღვრება, არამედ სისტემის უნარით, ბობოლებიც (ადამიანებიცა და პარტიებიც) კი მოინელოს (როგორც ეს მაგ. იტალიაში მოხდა). მაგრამ იმისათვის, რომ სისტემამ მათი მონელება შეძლოს, მოვლენისათვის საკუთარი სახელის დარქმევის უნარი მაინც უნდა ჰქონდეს.
PS. ეჭვი მაქვს, რომ ამ მოსაზრებასაც მოჰყვება კამათი ნორმატივიზმის და რეალიზმის შესახებ. ამაზე კიდევ ცალკე დავწერ, მაგრამ სანამ ცალკე დავწერდე, ვიტყვი, რომ თუკი არ გვექნა ნორმატიული ჰორიზონტი იმისა, საითკენ ვმოძრაობთ და არ ვიმოქმედებთ იმ ჩარჩოში, რომელსაც ეს ნორმატიული ჰორიზონტი გვთავაზობს, მაშინ ძალიან იოლია, კეთილმა განზრახვებმა ისევ იქ დაგვაბრუნოს, საიდანაც გამოსვლა ასე ძალიან გვინდა.