"აშკარაა ტენდენცია, რომ ამერიკა აღარ აპირებს თვალი დახუჭოს საქართველოში არსებულ რეალობაზე. ამერიკის შეერთებული შტატებისათვის მსოფლიოში დემოკრატიის გავრცელება არც მიზანია და არც ინტერესი, ეს უფრო ვალდებულებაა, აღებული მსოფლიოს წინაშე. თუკი სადმე გადაუხვევენ დემოკრატიის გზას, ამერიკის შეერთებული შტატები ამ ვალდებულების კონტექსტში იწყებს მოქმედებას. რაც შეეხება ნორლანდის ნათქვამს, ვაშაძე მართალია, - ეს იყო საუბარი, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს საუბარი არ ყოფილა სამზარეულოში ან ქუჩაში, ეს საუბარი ამერიკის შეერთებული შტატების სენატში შედგა და არ შეიძლება ჩაითვალოს უბრალო მუსაიფად. ამ საუბარს აუცილებლად მოჰყვება ქმედებაც და შესაბამისი, უკვე ოფიციალური", - აცხადებს პროფესორი ლადო პაპავა გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ხელისუფლებას არჩევნებამდე და არჩევნების დროსაც, მოსვენება არ უწერია... / "ნორლანდის შეფასებები საქართველოს შესახებ ძალზე სერიოზულია"
"ერთი მომენტიც მინდა გავიხსენო: ბატონმა კუბლაშვილმა განაცხადა, რომ თურმე თინა ხიდაშელი და სხვა ოპოზიციონერები ამერიკის შეერთებულ შტატებს მცდარ ინფორმაციას აწვდიან საქართველოს შესახებ. თურმე თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტში, სენატსა და კონგრესში ისეთი ბრიყვები სხედან, რომ ამ ინფორმაციების მიხედვით აკეთებენ დასკვნებს. ჯერ ერთი, ნუ დაგვავიწყდება, რომ ჟვანია და სააკაშვილი თავის დროზე ასევე დარბოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ათას ტყუილსა და მართალს ელაპარაკებოდნენ შევარდნაძის შესახებ, მაშინ ეს თურმე ნორმალური ყოფილა... პრობლემა რაშია, იცით? ნებისმიერმა მმართველმა გუნდმა უნდა იცოდეს, - ოპოზიცია იმისთვის არსებობს, რომ თუკი მიეცემა შანსი, მას ყველანაირად გამოიყენებს მოწინააღმდეგის დასამარცხებლად, მოწინააღმდეგის დამარცხების ერთ-ერთი შანსი კი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორისთვის ინფორმაციის მიწოდებაა. ამიტომ მომავალი ელჩის, ნორლანდის მიერ გაკეთებული შეფასებები საქართველოს შესახებ ძალზე სერიოზულია, მით უფრო იმ თვალსაზრისით, რომ ეს შეფასებები გაკეთდა ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოში", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო პაპავა.
"ყველა, ვინც პოლიტიკაშია, პოლიტიკოსი არ არის, ბასის გამკრიტიკებელი განცხადებებიც ადასტურებს, რომ ეს ადამიანები პოლიტიკოსები არ არიან. ეტყობა, ამ განცხადებების შემდეგ ბატონ ბობოხიძეს პარტიაში შენიშვნა მისცეს და მან ტონი შეცვალა. ჯონ ბასის პირველი განცხადება, რომელიც "ფეისბუკზე" დაიდო, საკმაოდ მკაფიო განცხადება იყო და მერე ამ განცხადების შესახებ გაკეთებულმა კომენტარმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, ზოგიერთს მოეჩვენა, რომ ბასმა გააძლიერა კრიტიკა საქართველოს ხელისუფლებისა და კონკრეტულად პარლამენტის მისამართით, ზოგიერთს კი მოეჩვენა, რომ ბასმა უკან დაიხია და თავისი განცხადებით პირველ განცხადებაში კიდევ მეტი ბუნდოვანება შეიტანა. ასეა თუ ისე, ერთი რამ იკვეთება. გავიხსენოთ ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ნიუანსები ეგვიპტეში მომხდარი რევოლუციისას. მაშინ, როცა ხალხი გამოვიდა ქუჩაში მუბარაქის რეჟიმის წინააღმდეგ, ქალბატონმა კლინტონმა და პრეზიდენტმა ობამამ ღიად დაუჭირეს მუბარაქს მხარი. მაგრამ როცა ნახეს, რომ ხალხი არ იშლებოდა, პირიქით, საპროტესტო მუხტი ძლიერდებოდა და გამოსვლები მწვავდებოდა, შეცვალეს პოზიცია და ვაშინგტონი გადავიდა ხალხის მხარეს", - განმარტავს რესპონდენტი.
"ამიტომაც ვთვლი, რომ უნდა განვასხვავოთ ვაშინგტონის ინტერესები მისივე საერთაშორისო ვალდებულებებისაგან. კერძოდ, ვაშინგტონის ინტერესია, რომ მას ჰყავდეს სტრატეგიული პარტიორი, ხოლო ჩვენს რეგიონში, განსაკუთრებით ირანთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე, მას სჭირდება, რაც შეიძლება მეტი მომხრე ჰყავდეს. მაგრამ თუკი ხედავს, რომ პროცესები მიდის არადემოკრატიულად და, ხშირ შემთხვევაში, ანტიდემოკრატიულადაც, ამ ინტერესებს ვალდებულებები გადაფარავს და ვაშინგტონი პარტნიორი მთავრობის ნაცვლად პარტნიორი ქვეყნის დემოკრატიას დაიცავს!" - მიიჩნევს ლადო პაპავა.