წარმომიდგენია, როგორ იკვნეტენ ფრჩხილებს ისინი, ვინც შატო ლაფიტი 2006 წელს არ შეიძინა, აღნიშნა ამას წინათ ერთ-ერთმა ანალიტიკოსმა ინტერვიუში. მართლაც, 6 წლის წინ მსოფლიოს უძვირფასეს ღვინოებს შორის შემავალი შატო ლაფიტ როტშილდის ერთი ყუთი 4 ათასი ფუნტი სტერლინგი (6300 დოლარი) ღირდა, შარშან კი მისმა ფასმა 13500 ფუნტ სტერლინგს (21400 დოლარი) მიაღწია.
საქმე იმაშია, რომ შატო ლაფიტის და შატო მუტონ როტშილდის შეძენა განსაკუთრებით უყვართ ჩინელ ინვესტორებს. სწორედ მათ გააქტიურებას უკავშირებენ კომპანია Bordeaux Index-ის ანალიტიკოსები, რომელიც ღვინოს მთელს მსოფლიოში ყიდის, ღვინის გაძვირებას. სწორედ ბაზარზე ჩინური ფულის მოდინების დამსახურებაა, რომ ინდექს Liv-Ex Fine Wine 50-ის თანახმად ღვინის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს გასული წლის ივნისშიDმიაღწია და მას შემდეგ მაქსიმუმთან საკმაოდ ახლოსაა.
აქამდე თითქმის ნახევარი წლით ადრე ჰონკონგში Sotheby's აუქციონის საშემოდგომო ვაჭრობაზე 1869 წლის შატო ლაფიტი 233 ათას დოლარად გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული აუქციონის ღვინის შვიდი სარეკორდო ვაჭრობიდან სამი სწორედ ჰონკონგში გაიმართა. ასეთივე წარმატებული იყო ჰონკონგის Christie's აუქციონი, რომლის ღვინის დეპარტამენტის გაყიდვებმა 2009 წლის შემოდგომაზე 5,1 მილიონოი დოლარი შეადგინა. ერთი წლის შემდეგ ეს მაჩვენებელი 10,3 მილიონამდე, 2011 წლის შემოდგომისთვის კი 15,9 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
კომპანია Berry Bros & Rudd-ის, რომელიც მეჩვიდმეტე საუკუნიდან ღვინით ვაჭრობს, წარმომადგენლები იხსენებენ, რომ როცა 10 წლის წინ ჰონკონგში წარმომადგენლობა გახსნეს, მათი კლიენტები ძირითადად უცხოელები იყვნენ. ახლა კი ღვინოს უმეტესად ჩინელები ყიდულობენ, რომელთაც ძალიან იზიდავთ ღვინოში ინვესტირება.
დიახ, საუბარი სწორედ რომ ინვესტირებაზეა, რადგან ჩინეთში ღვინოს თითქმის არ მოიხმარენ. მაგალითად, 2009 წლის მონაცემებით, ჩინეთში ღვინის მოხმარება 110-ჯერ ჩამოუვარდება საფრანგეთის მაჩვენებელს. ევროკავშირში ერთი ადამიანი წლის განმავლობაში საშუალოდ 28 ლიტრ ღვინოს მიირთმევს, ჰონკონგში 3,6 ლიტრს, მატერიკულ ჩინეთში კი 0,5 ლიტრს.
მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, მდიდარი ჩინელებისათვის ღვინო ინვესტირების მშვენიერი საშუალებაა. გარდა ამისა, ძალიან კარგ ტონად ითვლება ჩინელთა შორის ძვირფასი ღვინის ჩუქება. ამიტომაც, ჰონკონგსა და მატერიკულ ჩინეთში ღვინის იმპორტი გამუდმებით მატულობს. ექსპერტთა გათვლებით, 2017 წლისათვის წელიწადში 50 მილიონი ყუთი ღვინის იმპორტი განხორციელდება, რაც ამჟამინდელ მონაცემებს 25-ჯერ აღემატება. ეს კი მართლაც სერიოზული მაჩვენებელია.
ამ დროისათვის ჩინეთში ორი სავაჭრო მოედანი მუშაობს, რომლებიც ღვინოში ინვესტირების საშუალებას იძლევა. ესენი გახლავთ ჰონკონგსა და შანხაიში. ზოგიერთი ბანკი მზად არის გასცეს წლიური 6 პროცენტის განაკვეთის მქონე სესხი ღვინის კოლექციის ნახევრის დასაფინანსებლად, მხოლოდ, იმ პირობით, რომ თუ კრედიტორი ვალს არ დააბრუნებს, ღვინის კოლექცია ბანკის საკუთრება გახდება.
აღსანიშნავია, რომ 2010 წელს ჰონკონგის აუქციონზე ღვინით ვაჭრობა 268 პროცენტით გაიზარდა და ლონდონისა და ნიუ იორკის ანალოგიური ვაჭრობები უკან ჩამოიტოვა. გარდა ამისა, 2011 წელს ჰონკონგი შესყიდვების მოცულობის მხრივ ბორდოდან ღვინის ნომერ პირველი იმპორტიორი გახდა. შარშან განთქმული ფრანგული ღვინის ყოველი მეათე ბოთლი ჩინელის მიერ გახლდათ შეძენილი.
მართალია, შარშან დაფიქსირებული სარეკორდოდ გაძვირების შემდეგ ძვირფასი ღვინის ფასები 20-25 პროცენტით დაეცა, ექსპერტები მაინც დადებით დინამიკას ვარაუდობენ, რის საშუალებასაც მათ ჩინური ფაქტორი აძლევს. ანალიტიკოსთა აზრით, უახლოესი სამი წლის მანძილზე, ყოველწლიურად ჩინური ღვინის ბაზარი, დაახლოებით, 12,2 პროცენტით გაიზრდება.
ასე რომ, ფრანგ მეღვინეებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ. ჩინელების წყალობით, რომლებიც ძვირფას ღვინოში ინვესტირებას ისევე უყურებენ, როგორც ფულის ოქროში ან ნავთობში კაპიტალდაბანდებას, მათ ნახელავზე მოთხოვნა კვლავ გვარიანი იქნება.