პრემია Wolfson Economics Prize-ის, რომელიც შარშან ევროს ზონიდან ერთი, ან რამდენიმე ქვეყნის გასვლის საუკეთესო სცენარისათვის დაწესდა, ორგანიზატორებმა ხუთი პრეტენდენტისაგან შემდგარი შორტ-ლისტი გამოაქვეყნეს. გარდა ამისა, დიდი ინტერესი გამოიწვია 11 წლის ჰოლანდიელი ყმაწვილის ნამუშევარმა. პრემიის ყველაზე ახალგაზრდა პრეტენდენტმა მოიფიქრა, თუ როგორ შეიძლება საბერძნეთი აიძულონ, რომ ევროდან უკან, დრაჰმაზე გადავიდეს.
ბრიტანული სავაჭრო ქსელის Next-ის მფლობელმა, ლორდმა საიმონ ვულფსონმა საკუთარი პრემიის დაწესების შესახებ გასული წლის ოქტომბერში განაცხადა. Wolfson Economics Prize-ის პრემიის ოდენობა 250 ათასი ფუნტი სტერლინგი (390 ათასი დოლარი) გახლავთ. ანუ, ამ მხრივ იგი მხოლოდ ნობელის პრემიას ჩამოუვარდება, რომლის გამარჯვებულს 10 მილიონ შვედურ კრონას (1,5 მილიონი დოლარი) გადასცემენ.
ამ პრემიის დაწესების მიზანი ეკონომისტებისათვის ევროს ზონის რეორგანიზებაზე ჩაფიქრებისათვის სტიმულის მიცემა გახლდათ. ვულფსონის თქმით, ევროპული კრიზისისას ბევრს საუბრობენ ევროს ზონიდან ამა თუ იმ ქვეყნის შესაძლო გასვლის შესახებ, მაგრამ წესიერი სცენარი თითქმის არ არსებობს.
მედიამ Wolfson Economics Prize-ის უმალ შეარქვა “ პრემია ევროს მკვლელობისათვის”. თუმცა, თავად ვულფსონმა არაერთხელ აღნიშნა, რომ პირადად მას სურს ევროს ზონაში მოვლენები ისე განვითარდეს, რომ შესაძლო კრახი თავიდან აიცილონ.
აღსანიშნავია, რომ ანალიტიკოსები გამუდმებით აცხადებენ, რომ ამგვარი სცენარის არსებობა აუცილებელია. ევროს ზონაში ხომ კრიზისი კვლავ მძვინვარებს და როდის გამოჩნდება შუქი გვირაბის ბოლოს არავინ იცის.
Wolfson Economics Prize-ის წესების მიხედვით, პრემიის პრედენდენტთა განაცხადები 31 იანვრამდე მიიღებოდა. სულ მიღებული 452 განაცხადიდან სარგანიზაციო კომიტეტმა შორტ-ლისტი გამოაქვეყნა, რომელშიც ხუთი პრეტენდენტი შევიდა.
თუმცა, ამ ხუთეულზე ცოტა შემდეგ. ჯერ 11 წლის იურე ჰერმანსზე ვისაუბროთ, რომელმაც ჰოლანდიური ბრედენბრუკიდან ძალიან საინტერესო გეგმა გაგზავნა, თუ როგორ უნდა გავიდეს საბერძნეთი ევროს ზონიდან. ბიჭის აზრით, კრიზისის დასაძლევად საბერძნეთი თავის ძველ ვალუტას, დრაჰმას უნდა დაუბრუნდეს. ამისათვის ქვეყნის ყველა მცხოვრები უნდა ადგეს, ბანკებში მიიტანონ რაც კი ევროები გააჩნიათ და დრაჰმებზე გადაცვალონ. ბანკებმა კი ეს ევროები მთავრობას მისცეს, რომ შემდეგ ვალები გაისტუმრონ. ბიჭის გეგმის მიხედვით, თუ რომელიმე ბერძენი ევროებს გადამალავს და შემდეგ მათ სხვა ქვეყანაში დახარჯვას შეეცდება, გადამალულზე ორჯერ მეტი თანხით უნდა დაჯარიმდეს.
მართალის, 11 წლის ეკონომისტი შორტ-ლისტში ვერ მოხვდა, მაგრამ იგი 100 ევროს ოდენობის წამახალისებელ პრიზს მიიღებს. თანაც იგი მთელმა მსოფლიომ გაიცნო და ჰოლანდიელი ბიჭი წარმატებულ ხუთეულზე პოპულარული გახდა.
რაც შეეხება შორტ-ლისტს, მასში შევიდნენ როჯერ ბუტლი და მისი გუნდი Capital Economics-დან, კერძო ინვესტორი კეტრინ დობსი, იენს ნორვიგი და ნიკ ფირუზე Nomura Securities-დან, ნილ რეკორდი Record Currency Management-დან და ჯონათან ტეპერი Variant Perception-დან. ამ ხუთეულის ნაშრომები, როგორც აღნიშნავენ, ძალიან მძიმე საკითხაივა.
კერძოდ, ბუტლის ნაშრომში საუბარია უეჭველ დევალვაციასა და დეფოლტზე, რეალური ხელფასების შემცირებაზე და იმაზე, რომ ყველა ქვეყანას სავალუტო თვითგამორკვევა დამოუკიდებლად მოუწევს. დობსი ევროს სრულიად გაქრობას პროგნოზირებს, იგივე შეიძლება ითქვას ნორვიგსა და ფირუზეზე. ძლიერ რადიკალურია რეკორდი, რომელიც თვლის, რომ ევროს ზონიდან რომელიმე ქვეყნის გასვლა არა მარტო სავალუტო კავშირის დაშლას, არამედ მთელი სივრცის კოლაფსს გამოიწვევს. ტეპერი კი ევროს ზონის ამჟამინდელ მდგომარეობას უბრალოს “არმაგედონისაკენ მიმავალ გზას” უწოდებს.
თავისთავად ცხადია, ასე ორი სიტყვით ძნელია ნაშრომთა არსის გადმოცემა, თითოეული ხომ 100 გვერდს აღემატება და ათასგვარ დიაგრამას შეიცავს. ფაქტია, რომ პროგნოზები დამაიმედებელი ნამდვილად არ არის. Wolfson Economics Prize-ის საუკეთესო ხუთეულის თითოეულ წარმომადგენელს 10 ათასი ფუნტი სტერლინგის ოდენობის პრემია უკვე გარანტირებული აქვს, 29 მაისამდე მათ თავიანთი ნაშრომების დახვეწა მოუწევთ, გამარჯვებულს კი 5 ივლისს დაასახელებენ.