ეტყობა ხელისუფლება ერთობ შეწუხდა საწვავის ფასებთან მუდმივად მჭიდრო კონტაქტში ყოფნის ბრალდებით და გადაწყვიტა საპარლამენტო ტრიბუნიდან ეპასუხა ოპონენტებისათვის. ოღონდ ესაა,რომ ბრალდების გამნეიტრალებელი ფიგურა სწორად ვერ შეარჩია და მიკროფონთან აკაკი ბობოხიძე მიუშვა. ბობოხიძემ რამდენიმე თვის წინ თავი ჰიბრიდულ სიმინდთან დაკავშირებით “გამოიჩინა”, ახლა კი ნავთობბიზნესში “ცდის ბედს”.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, აკაკი ბობოხიძის მტკიცებით, ხელისუფლებას საწვავის ფასების რეგულირების არანაირი ბერკეტი არ გააჩნია. ასეთი კომენტარი ბობოხიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ გააკეთა, რომელთაც საწვავზე ფასის მხოლოდ 5 თეთრით გაძვირების ფონზე,მოხვნის საფასურის 1 ლარით გაძვირება გააპროტესტეს.
დეპუტატის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობას და სოფლის მეორნეობაში დასაქმებულ მოსახლეობას, ხელი შეუწყოს. ხელისუფლებას ქვეყანაში შესაბამისი ტექნიკა შემოჰყავს, თუმცა არ აქვს ბერკეტი საწვავის ფასების დარეგულირებისთვის, რადგან საბადოები არ გააჩნია.
“არსად საქართველოს არცერთ ტერიტორიაზე ნავთობსაბადოები აღმოჩენილი არ არის. ყოველ შემთხვევაში იმ რაოდენობით, რომ საქართველოს მოსახლეობას ეყოს”, - განაცხადა უმრავლესობის ერთ-ერთმა სახემ.
მიკროფონთან მისულ ბობოხიძეს გულმა მაინც არ მოუთმინა, რომ თავის საყვარელ თემაზე არ ჩაეგდო 2 სიტყვა. იხელთა რა დრო და მიკროფონი დეპუტატმა ჰიბრიდულ სიმინდზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ ლაგოდეხში ოპოზიციის მიერ “ნაგინები თესლი”, უკვე 4 ათას ჰექტარზე დაითესა. რამ შეაყვარა ამ იმერელ კაცს ჰიბრიდული სიმინდისგან გამომცხვარი მჭადი, ჯერჯერობით ვერავინ დაადგინა.
ასეთმა კომენტარმა ვერაფრით დააკმაყოფილა საპარლამენტო უმცირესობა და ქდმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ ხელისუფლებას (ბობოხიძეს) ურჩია, საწვავის ბიზნესი”გველეშაპებისგან გაათავისუფლოს” და კონკურენცია დაუშვას. ასეთ შემთხვევაში ვეფხვაძე საწვავის 15-20 თეთრით გაიაფებას პროგნოზირებს.
“ეს თქვენს პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. არიან ადამიანები, რომლებიც გველეშაპებივით ასხედან ამ ბიზნესს. ეს ადამიანები არ იძლევიან საშუალებას, საწვავის ბიზნესი თავისუფალ კონკურენციულ გარემოში აღმოჩნდეს”, - განაცხადა ვეფხვაძემ.
ნაციონალური ხელისუფლება საკუთარ გველეშაპებს ვეფხვაძის მოწოდებაზე ლაგამს ნადვილად არ ამოდებს, პირიქით, რაც დრო გადის, მათი მადა უფრო დაუოკებელი ხდება. ამას ბოლოდროინდელი ფაქტებიც ადასტურებს. მაგალითად, ბოლო დღეების განმავლობაში მსოფლიოში ნავთობის ფასები მცირდება. ქართულ ბაზარზე კი საწვავის გაიაფების პროგნოზები ჯერჯერობით არ კეთდება.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 1 ბარელი ნავთობის ფასი 126დოლარიდან 120 დოლარმდე ჩამოვიდა. უცხოელი ანალიტიკოსები ტენდენციის შენარჩუნებას პროგნოზირებენ.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა განუცხადა, საქართველოში ფასები მას შემდეგ შემცირდება, რაც მსოფლიოში ნავთობის ფასის კლების ტენდენცია10-14 დღის განმავლობაში მაინც შენარჩუნდება.
აღსანიშნავია, რომ ნავთობის მაღალი ფასების ფონზე ავტომფლობელების ნაწილმა საკუთარი ავტომობილით გადაადგილება შეამცირა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა დაიწყო.
მთვრალაშვილის თქმით, ასეთ შემთხვევაში ორგანიზაციის რეკომენდაციაა, ავტომფლობელები ბენზინიდან ავტოგაზზე გადავიდნენ. მისი ინფორმაციით, ავტოგაზის ღირებულება 1 კბ.მ-ზე 1,10 ლარს შეადგენს, რაც მომხმარებლის ხარჯებს მნიშვნელოვნად ზოგავს.