“დღე არ გავა ისე, რომ არ დაფიქსირდეს ექიმის სამსახურიდან გაშვების ფაქტი”

“დღე არ გავა ისე, რომ არ დაფიქსირდეს ექიმის სამსახურიდან გაშვების ფაქტი”

საქართველოში მალე ექიმი აღარ დარჩება და თუკი დარჩება ისინიც უხელფასო და ყოველგვარ უფლებას მოკლებულები იქნებიან. სწორედ ეს არის “100 საავადმყოფოს” საპრეზიდენტო პროგრამის რეალური შედეგი.

ყოველ დღე ექიმები მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებს მართავენ ან სასამართლოს მეშვეობით ცდილობენ თავიანთი უფლებების დაცვას. სანაცვლოდ, ჰოსპიტალური პროექტის მონაწილენი მათ ქუჩაში ყრიან. რამდენიმე დღის წინათ,  ზუგდიდის 50–მდე ექიმი ხელფასების მომატებასა და შრომის საათობრივ ანაზღაურებას ითხოვდა. მათი თქმით, 2012 წლის პირველი იანვრიდან, რაც საავადმყოფოს მმართველობა  “ალდაგი ბისიაის” გადაეცა, ხელფასები დაახლოებით, 30%–ით შემცირდა. ერთ–ერთი ექიმის განცხადებით, იანვრის თვეში 300 ლარის ნაცვლად, 170 ლარი მიიღო.

ზუგდიდის წმინდა ლუკას სახელობის საავადმყოფო “ბლოკ ჯორჯიას” სხვა აქტივებთან ერთად “ალდაგი ბისიაიმ” გასული წლის სექტემბერში შეიძინა. ამ ყველაფერს წინ უძღოდა ის, რომ საავადმყოფოდან 100-მდე მედპერსონლი გაათავისუფლეს. საპროტესტო აქციის შემდეგ კი აქციის ორგანიზატორი ექიმები სამსახურიდან მომენტალურად დაითხოვეს. ეს არც “ალდაგი ბისიაში” დაუმალავთ. სადაზღვევო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, მაია ივჩენკომ ექიმების გათავისუფლების მიზეზად სწორედ საპროტესტო აქციის ორგანიზატორობა დაასახელა. 

“რესპუბლიკური პარტიის” ზუგდიდის ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მაია ივჩენკოს ჟურნალისტებთან გაკეთებული კომენტარის გამო პასუხი უნდა მოეთხოვოს და მან ბოდიში მოიხადოს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნონა თოლორაია, აღშფოთებულია ასეთი დამოკიდებულებით. “ივჩენკომ ამ კომენტარით უგულვებელყო საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლება და შრომის კანონმდებლობა, რომელიც ისედაც უსამართლოა”, - აცხადებს თოლორაია. 

მოგვიანებით, გათავისუფლებული ქირურგები კამო ახალაია და ზვიად თოლორაია სამსახურში დააბრუნეს. ექიმების განცხადებით, საავდმყოფოს ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება მედპერსონალის თხოვნის საფუძველზე მიიღო.

საავადმყოფოს მფლობელი სადაზღვევო კომპანია “ალდაგი ბისიაის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მაია ივჩენკოს განცხადებით, მათთვის ექიმების აზრი მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ ხელმძღვანელობამ გაითვალისწინა მედპერსონალის თხოვნა და გათავისუფლებული ორი ქირურგი სამსახურში დააბრუნა. ივჩენკოს თქმით, მას იმედი აქვს, რომ მომავალში ექიმები აქციის ფორმით საკუთარი აზრის დაფიქსირებისგან თავს შეიკავებენ.

ექიმებთან დაკავშირებით იგივე ვითარებაა მთელი საქართველოს მასშტაბით. მაგალითად, კახეთში შპს „ჯეოჰოსპიტალმა“, რომელიც გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოს და პოლიკლინიკას მართავს, 40-მდე ექიმი და ექთანი სამსახურიდან გაათავისუფლა.

როგორც საავადმყოფოს უფროსმა ექიმმა მარინა ნაცაურმა განუცხადა, 10-მდე ექთანმა პრაქტიკული უნარჩვევების ტესტირება ვერ ჩააბარა.

 „მინიმალური კომპეტენციის ზღვარი დაახლოებით 10-მა ექთანმა ვერ გადალახა. მათ ტესტირება იანვრის თვეში ჩაუტარდათ. ექთნები გამოცდებს პრაქტიკულ უნარჩვევებში აბარებდნენ, რომელიც მათთვის უცხო არ უნდა ყოფილიყო“, - განაცხადა ნაცაურმა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, 25-ზე მეტი თანამშრომელი დაითხოვეს გურჯაანის პოლიკლინიკიდანაც.

 ექიმები დაითხოვეს ხობის მრავალპროფილიანი საავადმყოფოდანაც. 7 ყოფილი თანამშრომელი კომპანია “ბლოკ ჯორჯიას” 10 თვის გაუცემელი ხელფასების ანაზღაურებას სასამართლოში ედავება. როგორც ყოფილი ექიმები ამბობენ, ისინი სამსახურიდან ისე დაითხოვეს, რომ კომპანიას მათთვის სახელფასო დავალიანება არ გადაუხდია.

 საქართველოში ექიმთა პროფკავშირების ხელმძღვანელი ჯონი ჯანაშია ექიმებზე განხორციელებულ ქმედებას ამაზრზენს უწოდებს და აცხადებს, რომ შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან ფაქტზე აუცილებლად უნდა მოხდეს რეაგირება. მისი თქმით, სადაზღვევო კომპანიებმა ხელში ჩაიგდეს სამედიცინო დაწესებულებები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და სისტემა დანგრევის პირამდე მიიყვანეს.

 “სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები თვითნებურად ამცირებენ მედპერსონალთა ხელფასებს და სამედიცინო ხარჯებს ზრდიან. ზუსტი ციფრი არ გვაქვს თუ რამდენი ექიმი გაუშვეს სამსახურიდან. ექიმებს აშანტაჟებენ.

დღე არ გავა, რომელიმე რაიონში არ დაფიქსირდეს ექიმის სამსახურიდან გაშვების ფაქტი. თვალის დახუჭვა და თავის მოტყეობა კარგს არაფერს მოუტანს როგორც საავადმყოფოებს, ასევე ზოგადად დარგსაც.

 სადაზღვევოები გამდიდრებას ხარჯის ზრდითა და ხელფასების შემცირებით აპირებენ. დიდი საავადმყოფოები იხურება და მათ მაგიერ ლაზარეთის მსგავსს დაწესებულებებს ხსნიან, რომელსაც “ხუთვარსკვლავიანს” უწოდებენ და ამით თავს იწონებენ “, - აცხადებს ჯონი ჯანაშია.