სულ რაღაც 126 ტრაქტორის შემოყვანა ძლივს მოახერხა ხელისუფლებამ და ისიც დაგვიანებით. აღმოსავლეთ საქართველოში ხვნა და ზოგან თესვაც კი უკვე დასრულებულია. მოსავლის აღებაში კი ტექნიკა თითქმის არ მონაწილეობს. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში ძალიან მალე უცხოურ უხარისხო პროდუქციას მთლიანად ქართული, ხარისხიანი პროდუქტი ჩაანაცვლებს. ასეთი აზრი პრეზიდენტს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ახალი ტრაქტორები იხილა და სოფლების გზას გაუყენა. “ძალიან მნიშვნელოვანი დღეა იმიტომ, რომ ჩვენს დანაპირებს ვასრულებთ, რომელიც მოსახლეობას მივეცით, რომ წელს რაიონებსა და სოფლებში ასეულობით დამატებით ტრაქტორს შემოვიყვანდით და წლის განმავლობაში ეს რიცხვი უკვე ათასებზე ავიდოდა. საქართველოს მთავარი ამოცანაა, რომ ბევრად მეტი მიწა დამუშავდეს, ვიდრე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დამუშავდა. ეს კი ნიშნავს, რომ ბევრად მეტ ოჯახს შემოსავლის წყარო უნდა გაუჩნდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მაღაზიებში ქართული პროდუქტი უნდა იყიდებოდეს და არა უცხოური. იმ პირობებში, როცა ჩვენ დღგ-სგან გავათავისუფლეთ სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ეს იმას ნიშნავს, რომ გაზრდილი ტურიზმის პირობებში მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას შევძლებთ, ჩვენ კაფეებში, ჩვენ ქუჩებში, ჩვენ ბაზრებში, ძირითადად, ქართული პროდუქცია იქნება და ეს კი თავის მხრივ ნიშნავს, რომ ექსპორტზე გავალთ, მაშინ როცა იყო წლები, როცა საერთოდ ადგილობრივ ბაზარზე არსებული პროდუქცია მთლიანად ჩაანაცვლა უცხოურმა საკმაოდ უხარისხო პროდუქციამ. ჩვენი გეგმაა, უახლოეს წლებში სოფლის მეურნეობის წარმატება გაორმაგდეს, ქართულ ბაზარზე ხარისხიანი ქართული პროდუქტი იყიდებოდეს, მეტი ადამიანი დასაქმდეს და ოჯახებს დამატებითი შემოსავალი გაუჩნდეს”, - ლამის ქადაგად დავარდა პრეზიდენტი. მიუხედავად იმისა, რომ გრძელი ზამთრის გამო სამუშაოების დაწყება საქართველოს ყველა რეგიონში დაგვიანდა, ჩამორჩენის აღმოფხვრას სააკაშვილი მუშაობის სწრაფი ტემპის, ტექნიკის მობილიზებისა და სხვა ტიპის დამატებითი სამუშაოების ხარჯზე ეცდება. “ჩვენი ამოცანაა, წელს საქართველოში დამუშავდეს ბევრად მეტი მიწა მიუხედავად ყველაფრისა, ვიდრე დამუშავდა წინა წლებში. იმ პირობებში, რომ ჩვენ სოფლის მეურნეობის პროდუქცია დღგ-სგან გავათავისუფლეთ, შევძლებთ ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ტურისტების რაოდენობის გაზრდის ფონზეც და გარდა ამისა, შევძლებთ ექსპორტის გაზრდას”, - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა და პირველი ტრაქტორი სიმბოლურად თავად დაქოქა. ამის შემდეგ კი რამდენიმე ათეული ტრაქტორი რეგიონებისკენ გაემართა, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით 12 სერვისცენტრში განთავსდება და საგაზაფხულო სამუშაოებისთვის მათი გამოყენება ნებისმიერ ფერმერს შეეძლება. მაინც რამდენი იყო ეს ახალი ტრაქტორები, რომელთა მეშვეობითაც პრეზიდენტი სოფლის მეურნეობის აყვავებას გვპირდება. რამდენი და სულ რაღაც 126 ცალი, არადა საქართველოში ამ ეტაპზე მინიმუმ 3000 ტრაქტორია საჭირო (ამ რაოდენობის ტექნიკა ავადსახსენებელ კომუნისტურ ეპოქაში საქართველოში ყოველწლიურად შემოდიოდა), რათა სოფლის მეურნეობამ წელი წამოიდგას. ახლა საინტერესოა, დაგვიანებული ხომ არ არის ახალი ტექნიკის კახეთისა და ქართლის ხოდაბუნებში გაშვება? წესით და რიგით, ხვნის პროცესი კარგა ხნის დასრულებულია. ის კი არადა, თესვაც ბევრგან ბოლომდე ჩამთავრებულია; ანუ მიუხედავად, ცოტათი გაწელილი ზამთრისა, მოსახნავი უკვე ყველგან მოიხნა. თუმცა, ტყუილუბრალოდ თავი რომ არ გამოვიდოთ, თავად გლეხებს მოვუსმინოთ: პრეზიდენტის ტრაქტორებთან დაკავშირებით კახეთის საინფორმაციო ცენტრი გურჯაანის რაიონის სოფლებში ვაზისუბანსა და ჩუმლაყში რამდენიმე გლეხს გაესაუბრა: გიორგი რუაძე, ჩუმლაყის მკვიდრი: “ეს ტრაქტორებიც ისეთივე ძვირი თუ იყო, რა აზრი აქვს? ერთ ჰექტარზე ფრეზი რომ ჩაატარო და მიწა გააფხვიერო, 150 ლარი ღირს. მანამდე, მოხვნა და კულტივაცია კიდევ უფრო ძვირი, 200-230 ლარი ჯდება. ძალიან ძვირია. ისევ, ძველი შალგებიანი ტრაქტორებით ვამუშავებთ მიწას”. ელდარ ღარიბაშვილი, ვაზისუბნის მკვიდრი: “რას ამბობს კაცო? მიშა, რაღა დროს მოხვნაა, სიმინდი ამოვიდა უკვე. ვერა ხედამ... ეხლა ვთესავთ უკვე. მოხვნა დაგვიანდა. რომ მოხნა, ამოდენა ფული მისცე, ხომ უნდა მოიყვანო რამე. აბა, უყურე რატო იგეთი გვალვებია, ეს რამეს დაგაცლის?” ავთო მაისურაძე, ჩუმლაყის მკვიდრი: “განა არ მოიხვნება, მოიხვნება, მაგრამ როდის რაღა უნდა მოასწრო? ამ შაბათ-კვირას მასობრივად დათესავს ხალხი ყველაფერს. რომ მოხნავ, პირდაპირ ხომ არ დათესავ? აქამდე სად იყო ეგ ტრაქტორები, ცოტა ადრე ვერ ჩამოიყვანეს? ძვირია თან ძალიან. ჯერ ხომ უნდაა გაათენო და დააღამო გურჯაანში ან სადმე სხვაგან, ტრაქტორი რომ წამოიყვანო, მერე კიდე ძალიან ძვირია. ერთი ჩარექი ადგილი მაქვს და 70 ლარი გამომართვეს მოხვნაში, აბა...” |