წინასააღდგომო დღეებში კვერცხის რეალიზაცია გააქტიურდა. ამავე დროს იმატა მომხმარებელის პრეტენზიებმაც. სავაჭრო ქსელში გამოჩნდა “უვადო” პროდუქცია, რომელის ხარისხი წინასწარვე ეჭვს იწვევს.
პროექტის - “მომხმარებლები აკონტროლებენ სურსათის ხარისხს” - წარმომადგენლებმა ამჯერად ყურადღება კვერცხზე შეაჩერეს. ეს გამოიწვია შეტყობინებამ, რომელიც მომხმარებელმა ცხელ ხაზზე დატოვა. გლდანის მე-5 მიკრორაიონში მდებარე მაღაზია “2 ნაბიჯში” იყიდებოდა კვერცხი, რომელსაც არ ეწერა გამოშვების ვადა.
2 აპრილს პროექტის “მომხმარებლები აკონტროლებენ სურსათის ხარისხს” წარმომადგენლებმა გლდანის მე-5 მიკრორაიონში მე-18 დამე-19 კორპუსების მიმდებარედ მდებარე მაღაზია “2 ნაბიჯში” შევიძინეთ კვერცხი. აღმოჩნდა, რომ დახლზე არსებული კვერცხებიდან 2 შეფუთვას, ორივე ფირმა შპს “სავანეთი 99”-ის კვერცხს არ ეწერა არც გამოშვების და არც ვარგისიანობის ვადა. პროდუქტის ეტიკეტზე მხოლოდ მითითებულია - “შენახვის ვადა 25 დღე”, თუმცა გაურკვეველი იყო, საიდან იწყებოდა დღეების ათვლა.
დახლზე ასევე იდო ფირმა შპს “სავანეთი99”-ის შეფუთულიკვერცხი, რომელსაც ვადა მითითებული ჰქონდა. თუმცა ასევე გაურკვეველია, რატომ აქვს 08.03 ში გამოშვებულ კვერცხს ვარგისიანობის ვადა 01.06-მდე, როცა იმავე ეტიკეტზე მითითებულია: “შენახვის ვადა 25 დღე”.
მალეფუჭებად პროდუქციასთან დაკავშირებით, ასეთი დარღვევის ფაქტები იშვიაოთბა არ არის. მომხმარებელები ხშირად ჩივიან უხარისხო ან ვადაგასული პროდუქციის შესახებ. რადგანაც ამჯერად აღდგომის დღესასწაული ახლოვდება და ზოგიერთ პროდუქციაზე განსაკუთრებული მოთხოვნა შეინიშნება, სპეციალისტები მომხმარებლებს რჩევებს სთავაზობენ, რათა თავი დაიზღვიონ უხარისხო პროდუქციის შეძენისაგან.
კვერცხის შენახვის და მოხმარების წესები და ვადები კვერცხი სშენახვისას მთავარია, რომ: მუდმივად დაცული იყოს საკმარისად გრილი ტემპერატურა (+20 C-ზე მაღალ ტემპერატურაზე კვერცხი გაფუჭებას იწყებს). არ დაზიანდეს კვერცხის ნაჭუჭი და თხელი, მიკროსკოპული აპკი, რომელიც ნაჭუჭს გარედან აკრავს და მიკრობებისგან იცავს. ამიტომ სრულიად დაუშვებელია შესანახი კვერცხის გარეცხვა ან უხეშად გაწმენდა - ამ დროს დამცავი აპკი ზიანდება და ნაჭუჭი მიკრობებისთვის გამტარი ხდება. დაზიანებული ნაჭუჭიდან კვერცხში, შესაძლოა, მავნე მიკროორგანიზმებმა შეაღწიოს და გამრავლდეს, რაც ადამიანთა მოწამვლის მიზეზი შეიძლება გახდეს.
მაღაზიებში, როგორც წესი, ფერმის კვერცხები იყიდება, თუმცა სოფლის კვერცხი გემოვნურ თვისებებით უფრო უკეთესია. ეს,ძირითადად, იმითაა გამოწვეული, რომ სოფლის ქათამს უფრო მრავალფეროვანი კვება აქვს: ნედლი ბალახი, ჭია-ღუა, მარცვალი. ფერმის ქათმები კი სპეციალურად შეზავებული კომბინირებული საკვებით იკვებებიან - ზოგადად ბევრად უფრო ერთგვაროვანი კვება აქვთ. სამაგიეროდ, ფერმაში გაცილებით მკაცრად კონტროლდება ფრინველის ჯანმრთელობა და, შესაბამისად, გაცილებით ნაკლებია კვერცხის დასნებოვნების შესაძლებლობა. გარდა ამისა, აქ ხშირად კვერცხის შენახვის ვადებს და პირობებსაც არ აქცევენ დიდ ყურადღებას (გლეხურ მეურნეობაში კვერცხებს შეიძლება უბრალოდ კარადაში აგროვებდნენ, რამოდენიმე კვირის განმავლობაში, და მხოლოდ ამის შემდეგ გაყიდონ).
კვერცხის არჩევისას გასათვალისწინებელია შემდეგი: კვერცხის ნაჭუჭის ფერს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს - ის უბრალოდ ფრინველის ფერზეა დამოკიდებული. კვერცხი რაც ახალია, მით უფრო სასარგებლოა იგი. ფერმის კვერცხის შეფუთვაზე აუცილებლად უნდა იყოს მითითებული გამოშვების თარიღი და ვარგისიანობის ვადა (ან თარიღი).
“ნუ შეიძენთ ფერმის კვერცხს, რომელსაც შეფუთვაზე გამოშვების თარიღი არ აწერია! მიაქციეთ ყურადღება, რა პირობებში ინახებოდა კვერცხი მაღაზიაში. ნუ შეიძენთ კვერცხს, რომელიც მაღაზიაში გაგრილების გარეშე, სიცხეში დევს”, - ურჩევენ სპეციალისტები მომხმარებლებს.