“112”-ის უსამათრლო გადასახადის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ “112”-ის მომსახურების გადასახადთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობისა და შსს-ს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საია მთავრობის N489-ე დადგენილების ბათილად ცნობას ითხოვს იმ ნაწილში, რომლითაც დადგენილების ამოქმედების თარიღად 2012 წლის 1-ლი იანვარი განისაზღვრა. ამავე დადგენილებით განისაზღვრა დასაქვითი თანხის ოდენობაც 0.5 ლარი.
საიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით მიმართა და”112”-ის მომსახურებისთვის ჩამოჭრილი თანხების ოდენობაზე ინფორმაცია მოითხოვა. ოფიციალურ პასუხში აღნიშნულია, რომ”112”-ის მომსახურების საფასურის სახით 2012 წლის იანვარ-თებერვალში დარიცხულმა შემოსავალმა 1. 408. 868 ლარი შეადგინა.
ახალგაზრდა იურისტები მოითხოვენ, რომ აბონენტებს “112”-ის ფუნქციობის დაწყებამდე ჩამოჭრილი თანხები უკან დაუბრუნდეთ.”მომსახურების საფასურის გადახდისა და ამოღების წესის ამოქმედება იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული მომსახურება არ ხორციელდება და მისი მიღება შეუძლებელია, ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობასა და უხეშად ლახავს მოქალაქეთა და სხვა პირთა კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.
“საიამ სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა,რომლითაც მთავრობის N489 დადგენილების ბათილად ცნობას ითხოვს, იმ ნაწილში, რომლითაც დადგენილების ამოქმედების თარიღად 2012წლის 1-ლი იანვარი განისაზღვრა, ასევე ითხოვს აბონენტებისთვის სსიპ “112”-ის მიერ ფუნქციონირების დაწყებამდე ჩამოჭრილი თანხების უკან დაბრუნებას”, - აცხადებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.
საიას იურისტი ილია ჭანტურია აღნიშნავს, რომ დადგენილების მიღებამდე რამდენიმე შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა:
“ეს დადგენილება პრეამბულაში ადგენს, რომ ის მიღებულია ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონის თანახმად და თვით”112”-ის შექმნის შესახებ კანონის თანახმად. ამ კანონებში კი პირდაპირ არის ჩაწერილი, რომ საფასურის ოდენობას მთავრობა ადგენს. ზოგადად მსგავსი საფასურის დადგენა მთავრობის ფუნქციებში არ შედის. სწორედ ამიტომ შეიტანეს კანონში წინასწარ ცვლილება, რომ სამართლებრივად ვერავინ მოსდავებოდა”, - აცხადებს ილია ჭანტურია.
სხვათა შორის, საია არასამთავრობოთა შორის პირველი არ არის, რომელმაც საქართველოს N489 დადგენილება გაასაჩივრა. რამდენიმე დღით ადრე სასამართლოს “კონსტიტუციის 42-ე მუხლმაც” მიმართა. ორგანიზაცია აღნიშნული დადგენილების ბათილად ცნობას ითხოვს.
“კონსტიტუციის 42-ე მუხლში” აცხადებენ, რომ ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, საქართველოს მთავრობის დადგენილება უნდა მიღებულიყო საქართველოს კონსტიტუციის, კანონებისა და საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების საფუძველზე. იმისათვის, რომ ნორმატიული აქტი ჩაითვალოს კანონიერად, იგი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მოქმედ კანონმდებლობას, მათ შორის კონსტიტუციის ნორმებს.
“112”-ის გადასახადის შემოღებისთანავე საზოგადოებაში მკვეთრი პროტესტი გაჩნდა. მოსახლეობა დღემდე ვერ ეგუება უსამართლო გადაწყვეტილებას. გამოკითხული ადამიანების 87%-სთვის გადაუდებელი დახმარების გამოძახებაზე გადასახადის დაწესება მიუღებელია და მხოლოდ 5 პროცენტს მიაჩნია, რომ “112”-ის მომსახურებაზე თვეში 20 თეთრის გადახდა გამართლებულია.
“როგორ შეხვდით 112-ის სატელეფონო მომსახურებაზე გადასახადის დაწესებას?” - ინტერნეტგამოკითხვის შედეგად ასეთი შედეგები დაფიქსირდა: 1. გადაუდებელი დახმარების გამოძახებაზე გადასახადის დაწესება დაუშვებელია - 86.8%; 2. ეს გადასახადი “112”-ის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს” - 5.2%; 3. “ჩემთვის სულერთია” - 5.2%; 4. “ამ სიახლის შესახებ არაფერი ვიცი” - 2.8%.