საქართველოს მთლიანი საგარეო ვალის მოცულობა ისევ გაიზარდა. 2011 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, საგარეო ვალის რაოდენობამ 11,2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2010 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 14%-ით მეტია, 2006 წელთან შედარებით კი დაახლოებით 295%-ით. 5 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ვალი არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციებმა აიღეს, შესაბამისად, ზრდამ დაახლოებით 527% შეადგინა. ყველაზე ცოტა ვალი კი სამთავრობო სექტორმა აიღო და, შესაბამისად, ზრდამ დაახლოებით 255% შეადგინა.
საქართველოს საგარეო ვალი ბოლო 5 წლის განმავლობაში თითქმის 3-ჯერ გაიზარდა. თუ 2006 წელს საქართველოს მთლიანი საგარეო ვალის მოცულობა სულ რაღაც 3 800 535,3 ათას დოლარს შეადგენდა, 2011 წლის მონაცემებით ამ ციფრმა 11 167 610,3 ათასი დოლარი შეადგინა, ანუ ზრდა არის დაახლოებით 294%.
2011 წელს 2006 წელთან შედარებით 255%-ით გაიზარდა სამთავრობო სექტორის ვალი. თუ 2006 წელს მთავრობის საგარეო ვალის ოდენობა 1 440 477,0 ათასი დოლარი იყო, 2011 წელს ამ ციფრმა 3 674 223,0 ათასი დოლარი შეადგინა.
ბოლო 5 წლის განმავლობაში დაახლოებით 276%-ით გაიზარდა ეროვნული ბანკის საგარეო ვალიც. თუ 2006 წელს ეროვნული ბანკის ვალი სულ რაღაც 294 690,8 ათას დოლარს შეადგენდა, 2011 წელს ეს მაჩვენებელი 815 051,7 ათას დოლარამდე გაიზარდა.
მნიშვნელოვნად გაიზარდა კომერციული ბანკების საგარეო ვალის მოცულობა. თუ 2006 წელს საქართველოში მოქმედ ყველა კომერციულ ბანკს ერთად სულ რაღაც 548 668,1 ათასი დოლარის ვალი ჰქონდა, 2011 წელს ამ მაჩვენებელმა 2 121 971,7 ათას დოლარაი შეადგინა, ანუ ბოლო 5 წლის განმავლობაში კომერციული ბანკების საგარეო ვალი დაახლოებით 386%-ით გაიზარდა.
5 წლის განმავლობაში 527%-ით გაიზარდა არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციების მთლიანი საგარეო ვალის მოცულობა. თუ 2006 წელს ამ სეგმენტის საგარეო ვალის მოცულობა 18 839,5 ათასი დოლარი იყო, 2011 წელს 99 412,3 ათასი დოლარი შეადგინა.
დაახლოებით 281%-ით მოიმატა არასაფინანსო კორპორაციების ვალის მოცულობამაც. მაგალითად, თუ 2006 წელს არასაფინანსო კორპორაციების მთლიანი ვალი 671 135,9 ათასი დოლარი იყო, 2011 წელს 1 887 961,7 ათასი დოლარი შეადგინა.
ბოლო 5 წლის განმავლობაში დაახლოებით 310%-ით გაიზარდა კომპანიათაშორისი სესხების მოცულობა. თუ 2011 წელს ვალის მოცულობა 826 723,9 ათას დოლარს შეადგენდა, 2011 წელს 2 568 990,0 ათასი დოლარი გახდა.
2006 წელთან შედარებით 288%-ით გაიზარდა "სხვა სექტორის" საგარეო ვალის მოცულობაც, მაგალითად, 2006 წელს მთლიანი ვალის მოცულობა იყო 689 975,5 ათასი დოლარი, 2011 წელს კი - 1 987 374,0 ათასი დოლარი.
"ის, რომ სამთავრობო სექტორის მიერ აღებული საგარეო ვალის მოცულობა შედარებით მცირეა, ვიდრე კერძო სექტორის, დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს. სახელმწიფო ვალის აღებას ისევ განაგრძობს და ვალს ვალს ამატებს. მართალია, საგარეო ვალის მოცულობა მშპ-ს 60%-ს არ უახლოვდება, თუმცა მძიმეა ექსპორტთან ვალის თანაფარდობა, რამაც 105-110%-იან ზღვარს უკვე დიდი ხანია გადააჭარბა. ამიტომ, ვერ ვიტყვი, რომ მთავრობის საგარეო ვალი დიდი არ არის.
ხელისუფლება ვალის აღებას ისევ განაგრძობს, რაც მისასალმებელი ნამდვილად არ არის. ვალს განსაკუთრებული მართვა სჭირდება. თუ იღებ ვალს, ის ეკონომიკის განვითარებისთვის უნდა დაიხარჯოს, სხვა შემთხვევაში ვალის მოცულობა გაიზრდება, ეკონომიკის განვითარება კი შემცირდება", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ეკონომიკის ექსპერტმა დავით ნარმანიამ.
საქართველოს რომ საკმაოდ დიდი საგარეო ვალი აქვს, ამაზე განცხადება ორიოდე თვის წინათ საქართველოში სსფ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ედვარდ გარდნერმაც გააკეთა. მისი განმარტებით, დღეისათვის ქვეყნის საგარეო ვალი მშპ-თან მიმართებაში 40%-ს აღწევს. თუმცა, გარდნერის აზრით, საქართველოს სხვა ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ მომგებიან პოზიციაზე იმყოფება, რადგანაც ქვეყანას ვალი აღებული აქვს სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტებიდან და ის დამოკიდებული არ არის რომელიმე ქვეყნის ბაზარზე. გარდნერი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ვალის არსებული მოცულობა კრიზისს არ ნიშნავს, თუმცა მისი აზრით, ამ მიმართულებით ყურადღების გამახვილება მიზანშეწონილია.
მთავრობის 10-პუნქტიანი გეგმის მიხედვით კი 2015 წლისთვის სახელმწიფო საგარეო ვალის მომსახურების პროცენტი სახელმწიფო ბიუჯეტთან მიმართებაში 9%-ზე მაღალი არ იქნება. გეგმაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის ამოცანაა, საგარეო სახელმწიფო ვალის პორტფელმა შეინარჩუნოს ხელსაყრელი ფინანსური პარამეტრები, რომლებიც უზრუნველყოფენ მის მდგრადობას როგორც მოკლევადიან, ასევე საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში.
ამასთან, მთავრობაში განმარტავენ, რომ მსოფლიო კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში ქვეყანას ექნება რეზერვი, ე.წ. "ფინანსური ბალიში", რაც დღეს ბევრ განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყანას არ გააჩნია. "ფინანსური ბალიში" ნიშნავს, რომ საგარეო ვალი გაიზარდოს მშპ-სთან მიმართებაში 20-30%-ით, ანუ 60%-იან ზღვრამდე. მთავრობა ამგვარი "ბალიშით" ეკონომიკური აქტივობისადა დასაქმების დონის შენარჩუნებას გეგმავს.
რაც შეეხება 2011 წელს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 11.2 მილიარდი აშშ დოლარი (18.6 მლრდ ლარი) შეადგინა; აქედან, 3.7 მილიარდი აშშ დოლარი (6.1 მილიარდი ლარი) იყო სამთავრობო სექტორის ვალი (32.9%), 815.0 მლნ აშშ დოლარი (7.3%) (1.4 მილიარდი ლარი) - ეროვნული ბანკის, 2.1 მილიარდი აშშ დოლარი (19.0%) (3.5 მილიარდი ლარი) - საბანკო სექტორის, 2.0 მილიარდი აშშ დოლარი (17.8%) (3.3 მილიარდი ლარი) - სხვა სექტორებისა და 2.6 მილიარდი აშშ დოლარი (23.0%) (4.3 მილიარდი ლარი) - კომპანიათაშორისი ვალი. მთლიანი საგარეო ვალის 95.2% დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
2011 წლის მეოთხე კვარტალში, მესამე კვარტალთან შედარებით საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 370.3 მლნ აშშ დოლარით (614.7 მლნ ლარით) გაიზარდა, აქედან ოპერაციულ ცვლილების გამო ვალი გაიზარდა 438.4 მლნ აშშ დოლარით (727.6 მლნ ლარი), ფასის ცვლილების შედეგად - 25.9 მლნ აშშ დოლარით (43.1 მლნ ლარი), სხვა ცვლილებების შედეგად კი - 12.8 მლნ აშშ დოლარით (21.3 მლნ ლარი), ხოლო საკურსო ცვლილებების გამო 106.8 მლნ აშშ დოლარით შემცირდა (177.3 მლნ. ლარი).
სამთავრობო სექტორის უცხოური ვალდებულებები საანგარიშო პერიოდში 101.6 მლნ აშშ დოლარით (168.7 მლნ ლარით) გაიზარდა. აქედან, ფასისა და ოპერაციული ცვლილებების შედეგად ზრდამ 155.4 მლნ აშშ დოლარი (258.0 მლნ ლარი) შეადგინა, ხოლო საკურსო ცვლილებების შედეგად სამთავრობო სექტორის ვალი შემცირდა 53.8 მლნ აშშ დოლარით (89.2 მლნ ლარი).
საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 51.6 მლნ აშშ დოლარით (85.6 მლნ ლარით) შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების შედეგად გვქონდა ეროვნული ბანკის ვალდებულებების 37.1 მლნ აშშ დოლარით (61.5 მლნ ლარით) და საკურსო ცვლილების შედეგად 14.5 მლნ აშშ დოლარით (24.1 მლნ ლარით) შემცირება.
საბანკო სექტორის უცხოური ვალდებულებები 176.0 მლნ აშშ დოლარით (292.1 მლნ ლარით) გაიზარდა, რაც გამოწვეულია ოპერაციული ცვლილებების შედეგად 187.0 მლნ. აშშ დოლარიანი (310.5 მლნ ლარით) ზრდით და საკურსო ცვლილებების შედეგად 11.0 მლნ აშშ დოლარით (18.3 მლნ ლარით) კლებით. საბანკო სექტორის ოპერაციული ცვლილებების შედეგად გაზრდილი ვალდებულებების 96.8% (181.0 მლნ აშშ დოლარი, ანუ 300.4 მლნ ლარი) ბანკების გრძელვადიან ვალდებულებებზე მოდის, ხოლო მოკლევადიანი ვალდებულებები, ოპერაციული ცვლილებების გამო 3.2 პროცენტით გაიზარდა (6.1 მლნ აშშ დოლარი და 10.1 მლნ ლარი).
102.0 მლნ აშშ დოლარით (169.4 მლნ ლარით) გაიზარდა სხვა სექტორების საგარეო ვალდებულებები, აქედან 95.7 მლნ აშშ დოლარი (158.9 მლნ ლარი), რაც სხვა სექტორების გაზრდილი ვალდებულებების 93.8 პროცენტს შეადგენს, არასაფინანსო კორპორაციების საგარეო ვალდებულემბებზე მოდის. სხვა სექტორების საგარეო ვალი, ოპერაციული ცვლილების შედეგად, 104.0 მლნ აშშ დოლარით (169.4 მლნ ლარი), სხვა ცვლილებების შედეგად 13.0 მლნ აშშ დოლარით (21.6 მლნ ლარი) და ფასის ცვლილებების შედეგად 2.2 მლნ აშშ დოლარით (3.6 მლნ ლარი) გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილებების შედეგად 17.2 მლნ აშშ დოლარით (28.5 მლნ ლარით) შემცირდა.
საგარეო ვალდებულებების ზრდის 90.9%, რაც 336.8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (559.0 მლნ ლარი) უცხოური ვალუტით გამოსახულ ვალზე მოდის, ხოლო ეროვნული ვალუტით დენომინირებული საგარეო ვალზე მთლიანი საგარეო ვალის ზრდის 9.1%-ია, რაც 33.6 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (55.7 მლნ ლარი). საანგარიშო პერიოდის ბოლოს უცხოური ვალუტით დენომინირებული საგარეო ვალდებულებების მოცულობამ 10.6 მილიარდი აშშ დოლარი (17.8 მილიარდი ლარი), ხოლო ეროვნული ვალუტით დენომინირებული ვალის მოცულობამ 536.7 მლნ აშშ დოლარი (896.4 მლნ ლარი) შეადგინა.