ალბათ გახსოვთ, ამას წინათ გიამბეთ, რომ მსოფლიო ბანკის თავკაცი რობერტ ზელიკი თანამდებობას 30 ივნისს დატოვებს. მისი შემცვლელის ძებნა უკვე დაიწყო, თუმცა, როგორც მაშინ მოგახსენეთ, არსებული ტრადიციის მიხედვით, ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის ხელმძღვანელი ალბათ კვლავ ამერიკელი იქნება.
ზელიკის შემცვლელად ანალიტიკოსები აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის და თეთრი სახლის მრჩეველს ლოურენს სამერსის კანდიდატურებს მოიაზრებდნენ. მაგრამ მოულოდნელად თვით ბარაკ ობამამ თავისი ქვეყნიდან მსოფლიო ბანკის თავკაცობის კანდიდატად დარტმუტის კოლეჯის პრეზიდენტი, ჯანდაცვის სფეროს სამხრეთ კორეული წარმოშობის ექსპერტი ჯიმ იონ კიმი დაასახელა.
ობამას განცხადებით, იონ კიმს საკმარისი გამოცდილება აქვს იმისთვის, რომ მსოფლიო ბანკს დაეხმაროს პლანეტის ფინანსები და ეკონომიკა გააჯანსაღოს. ამასთან, პრეზიდენტის განცხადებით, ახალი კანდიდატის ცხოვრება აშშ-ს მრავალფეროვნების გამოხატულებაა.
ექსპერტთა აზრით, კიმი დიდი პატივისცემით სარგებლობს განვითარებად ქვეყნებში. მაგალითად, რუანდის პრეზიდენტმა პოლ კაგამემ აღნიშნა, რომ ამერიკის კანდიდატი “აფრიკის ნამდვილი მეგობარია”. საერთოდ, კიმის შესახებ მოწონებით აღნიშნავენ, რომ მან იცის, თუ როგორ უნდა ებრძოლოს სიღარიბეს მთელს მსოფლიოში.
ჯიმ იონ კიმი დაიბადა 1959 წელს სეულში. განათლებით ექიმი გახლავთ. 1991 წელს ჰარვარდის მედიცინეს სკოლაში მაგისტრის ხარისხი მიიღო, ორი წლის შემდეგ კი ჰარვარდის უნივერსიტეტში დოქტორის ხარისხი. დარტმუტის კოლეჯის პრეზიდენტად 2009 წლიდან მუშაობს.
52 წლის კიმი საერთაშორისო ჯანდაცვის სფეროს წამყვანი ექსპერტი გახლავთ. მრავალი წლის მანძილზე იგი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში მუშაობდა, 1987 წელს კი საქველმოქმედო ორგანიზაცია Partners in Health დააარსა, რომელიც ჰაიტელთა დახმარებას ისახავდა მიზნად. 1990 კიმი მოხალისედ გაემგზავრა ლიმაში, სადაც სხვა ენთუზიასტებთან ერთად ტუბერკულოზის აფეთქებას ებრძოდა. აღსანიშნავია, რომ კიმის სახელს უკავშირდება 90-იანი წლების დასაწყისში წამოწყებული კამპანია, რომელმაც ფარმაცევტული კომპანიები აიძულა წამლები 90 პროცენტით გაეიაფებინა. ტუბერკულოზის გარდა კიმმა სახელი შიდსთან ბრძოლითაც გაითქვა, როცა რამდენიმე წელი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შიდსთან ბრძოლის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.
ცოტა გასაკვირია, რომ მსოფლიო ბანკს სათავეში უნდა ჩაუდგეს ადამიანი, რომელსაც ეკონომიკური და ფინანსური განათლება არ აქვს. თუმცა, როგორც ჩანს, იონ კიმი სხვა მრავალი თვისებისა და დამსახურების გამო აირჩია ამერიკულმა მხარემ. უკვე ეჭვი არავის ეპარება, რომ სწორედ იგი გახდება მსოფლიო ბანკის მომავალი თავკაცი. როგორც ცნობილია, როცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაეროს ეგიდით მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი შეიქმნა, იქვე გადაწყდა, რომ პირველს ამერიკელი უხელმძღვანელებდა, მეორეს კი ევროპელი. და ასე გრძელდება იქედან მოყოლებული.
ცხადია, სხვა კანდიდატებიც იქნებიან, მაგრამ ამას უფრო ფორმალობის სახე მიეცემა. კერძოდ, სამმა აფრიკულმა სახელმწიფომ: ნიგერიამ, ანგოლამ და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ მსოფლიო ბანკის თავკაცის პოსტზე ნიგერიის ფინანსთა მინისტრის, ნგოზი ოკონჯო-ივეალას კანდიდატურა წამოაყენა. სამხრეთ ამერიკის რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის რეგიონის ლიდერი ბრაზილია კოლუმბიის ფინანსთა ყოფილი მინისტრის ანტონიო ოკამპოს კანდიდატურის მხარდაჭერას აპირებს. თავისი კანდიდატურის ყოლა სურდა რუსეთს და მის სატელიტ ქვეყნებს, მაგრამ ჩათვალეს, რომ უთანასწორო ბრძოლაში ჩაბმას აზრი არ ჰქონდა.
რაც შეეხება ევროპულ ქვეყნებს, ისინი, ცხადია, მხარს ამერიკის კანდიდატურას დაუჭერენ, როგორც შტატები საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის არჩევნებისას ევროპელის სასარგებლოდ აკეთებს. მერე რა, რომ ბევრი ქვეყანა ამ დაუწერელი წესებით თამაშს აპროტესტებს, ბევრი, პირიქით, არსებულ რეალობას სრულიად ათანხმება. ესენია აშშ-ს და ევროპის პარტნიორები: იაპონია, სამხრეთ კორეა, კანადა, ავსტრალია და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ ჯიმ იონ კიმი ზემოთ ჩამოთვლილ დამსახურებათა წყალობით საყოველთაო სიმპათიას იმსახურებს. თუმცა, მთავარი, ცხადია, მაინც ის არის, როგორ გაირჯება იგი მას შემდეგ, რაც მსოფლიო ბანკის თავკაცის სავარძელს დაიკავებს.