ბრაზილიის ეკონომიკა მსოფლიოში მეექვსეა

ბრაზილიის ეკონომიკა მსოფლიოში მეექვსეა

მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ბოლო დროს ადრინდელივით შთამბეჭდავი აღარ არის, იგი სულ უფრო მშვენიერ შედეგებს დემონსტრირებს. კერძოდ, ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ბრაზილიამ უკან ჩამოიტოვა დიდი ბრიტანეთი და მსოფლიოს მეექვსე ეკონომიკა გახდა. ანალიტიკოსთა აზრით, ამაში გასაკვირი არც არაფერია, რადგან ეგზომ მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყანა, შეიძლება ითქვას, ზრდისათვის არის განწირული.


გასული, 2011 წლის შედეგების მიხედვით, ბრაზილიის შიდა პროდუქტის მოცულობა 2,367 ტრილიონ დოლარამდე, 2,7 პროცენტით გაიზარდა. აქვე უნდა ითქვას, რომ 2010 წლის ანალოგიური მაჩვენებელი 7,5 პროცენტი იყო. აღსანიშნავია, რომ შარშანდელი 2,7 პროცენტიანი ზრდა 2003 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ბრაზილიის ეკონომიკას ერთობ სერიოზული დარტყმა ევროს ზონაში არსებულმა და ძლიერ გაჭიანურებულმა კრიზისმა მიაყენა. “2011 წლის ბოლოს რომ კრიზისი არ გაძლიერებულიყო, ჩვენი ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 4 პროცენტს მიაღწევდა”, - სრულიად სამართლიანად და დანანებით აღნიშნა ბრაზილიის ფინანასთა მინისტრმა გვიდუ მანტეგამ.


მიუხედავად ამისა, ბრაზილიის ეკონომიკა 49,2 მილიარდი დოლარით მეტი აღმოჩნდა, ვიდრე დიდი ბრიტანეთის. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ბრაზილიის ეკონომიკას დიდ სტიმულს აძლევს დიდძალი ბუნებრივი რესურსები და ძლიერი მრეწველობა. ამას დაუმატეთ ინვესტირებისათვის მიმზიდველი პირობები და მოსახლეობის რაოდენობა. ამ უკანასკნელის გამო ბრაზილია მოიკოჭლებს ისეთ პარამეტრში, როგორიცაა ერთ სულ მოსახლეზე დოვალათის გადანაწილება, თორემ ადამიანური რესურსიც ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასე რომ, ბრაზილიის წარმატება გასაკვირი სულაც არ არის.


ბრაზილიის ხელისუფლება 2012 წლისათვის ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებას გეგმავს. მთავრობა ირწმუნება, რომ ზრდის სტიმულირებისათვის გარკვეულ ზომებს გაატარებს, რაც მომავალ წელს შიდა პროდუქტის 4,5 პროცენტიან ზრდას განაპირობებს.


გასულ წელს ზრდის განსაკუთრებით მაღალი, 3,9 პროცენტიანი მაჩვენებელი ბრაზილიის ეკონომიკის ფლაგმანში, სოფლის მეურნეობაში დაფიქსირდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი მარცვლეულის სარეკორდო მოსავალი გახლავთ. მომსახურების სფერო 2,7 პროცენტით, ხოლო მრეწველობა 1,6 პროცენტით გაიზარდა.


აღსანიშნავია, რომ ბრაზილიაში უკვე ზედიზედ მერვე წელია იზრდება სამომხმარებლო დანახარჯები. 2011 წელს ამ მაჩვენებელმა 4,1 პროცენტი შეადგინა, ხოლო, რაც შეეხება სახელმწიფო დანახარჯებს, მისმა ზრდამ მხოლოდ 1,9 პროცენტი შეადგინა. ბრაზილიური   ექსპორტის ზრდამ შარშან 4,5 პროცენტი, იმპორტის ღირებულების მატებამ კი, ადგილობრივი რეალის კურსის აშშ დოლართან და სხვა ვალუტებთან მიმართებაში გამყარების წყალობით, 9,7 პროცენტი შეადგინა.


ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად, სავარაუდოდ, ბრაზილიის ცენტრალური ბანკი ძირითად საპროცენტო განაკვეთს შეამცირებს. გარდა ამისა, მთავრობა სხვა მასტიმულირებელ საშუალებებს მიმართავს. ანალიტიკოსები თვლიან, რომ უკვე წელს ქვეყნის შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი 3,3 პროცენტი იქნება, ხოლო 2013 წელს უკვე 4,15 პროცენტს მიაღწევს.


აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ბრაზილიის მსგავსად არცთუ შთამბეჭდავი ზრდა აჩვენეს სხვა განვითარებადი ქვეყნების, სწრაფი ზრდით განთქმულმა ეკონომიკებმა. მაგალითად, ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი შარშანწინდელი 10,3 პროცენტიდან 8,9 პროცენტამდე შემცირდა. სავარაუდოდ, წელს ეს მაჩვენებელი 7,5 პროცენტი იქნება.


ანალოგიური ტენდენციები შეინიშნება ინდოეთის ეკონომიკაში. გასული წლის შედეგების მიხედვით, ინდოეთის შიდა პროდუქტის მოცულობა 6,9 პროცენტით გაიზარდა, არადა, თავად ქვეყნის ხელისუფლება თავის დროზე 9 პროცენტიან ზრდას ვარაუდობდა. თუმცა, სავარაუდოდ, წელს ინდოეთი უკეთეს შედეგს აჩვენებს და მისი ეკონომიკა 7,5-8 პროცენტიან ზრდას აჩვენებს.


დასასრულს უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლამდე ბრაზილიას და ინდოეთს ანალიტიკოსები დიდ წინსვლას უწინასწარმეტყველებან. მათი აზრით, ამ დროისათვის მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკების რეიტინგში ბრაზილია მოახერხებს ევროპის უმსხვილესი ეკონომიკის, გერმანიის ადგილის დაკავებას და აშშ-ს, ჩინეთის და იაპონიის შემდეგ მეოთხე იქნება, ხოლო ინდოეთი, რომელიც ახლა მეცხრეა, მეექვსეზე აღზევდება.