"შემოსავლების სამსახური კერძო აუდიტორის ფუნქციას შეითავსებს. ეს ნიშნავს, რომ იგი საგადასახადო შემოწმებისას ბიზნესმენის ქონების საბაზრო ღირებულებას თვითონ დაადგენს. ექსპერტები ამ გადაწყვეტილებას ბიზნესისთვის ლაგამის ამოდების კიდევ ერთ საშუალებად აფასებენ. ბიზნესს უნდა ჰქონდეს საშუალება ქონების ღირებულება კერძო აუდიტორს განასაზღვრინოს. გამომდინარე იქიდან, რომ შემოსავლების სამსახურის ნდობის ხარისხი ძალიან დაბალია, ბიზნესმენებსა და ექსპერტებს არ სჯერათ, რომ სამსახური ქონებას საბაზრო ფასის მიხედვით შეაფასებს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით შემოსავლების სამსახურს გაუგონარი უფლებები ენიჭება / "სამსახურმა გადასახადის გადამხდელის ქონება თვითონ შეაფასოს, ეს არის ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული, წარმოუდგენელი გადაწყვეტილება".
"საჯარო სამართლოს იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში ცვლილებები შევიდა. ცვლილებების მიხედვით, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს, კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო შემოწმებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებისას ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრაც დაემატა. ფინანსთა სამინისტროში სჯერათ, რომ ბიზნესს უნდობლობის საბაბი არ მიეცემა, რადგანაც შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი ფლობს შესაბამის კვალიფიკაციას, რათა პროცესი კარგად და სწორად წარმართოს. "ბიზნესმენთა ასოციაციაში" მიაჩნიათ, რომ ბიზნესს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, თავად გადაწყვიტოს ქონებას შემოსავლების სამსახური შეუფასებს თუ კერძო აუდიტორი. ან კიდევ, ბიზნესმენს შემოსავლების სამსახურის დასკვნის გადამოწმების უფლება უნდა ჰქონდეს",- აღნიშნავს გამოცემა. "მრეწველების ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, ყოვლად მიუღებელია მაკონტროლებელი ორგანო გადასახადის გადამხდელის ქონებას თვითონ აფასებდეს: "შემოსავლების სამსახურმა გადასახადის გადამხდელის ქონება თვითონ შეაფასოს - ეს არის ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული, გაუგონარი გადაწყვეტილება. ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის წესი ისედაც ბუნდოვანია და ამით შემოსავლების სამსახური ხშირად სარგებლობს. ეს საკითხი მოითხოვს სიცხადეს, ვინაიდან მის ირგვლივ ყოველთვის არსებობს გაურკვევლობა. ახლა შემოსავლების სამსახურისთვის ამგვარი უფლების მინიჭება ყოვლად დაუშვებელია", - ამბობს ტყემალაძე, რომლის თქმით, შესაძლებელი იყო ნეიტრალური სამსახური, რომელიც მეწარმის ქონების ღირებულებას დაადგენდა ან შესძლებელი იყო მსგავსი ფუნქცია ბიზნესომბუდსმენის აპარატს დამატებოდა", - დასძენს გამოცემა. "ექსპერტი ზვიად კანდელაკი ასევე უარყოფითად აფასებს ფინანსთა მინისტრის მიერ ბიზნესმენებისთვის გამოტანილ ვერდიქტს. იგი აღნიშნავს, რომ მაკონტროლებელი ბიზნესმენის ქონების ღირებულების დადგენის უფლებით აღჭურვო - ეს მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოუვიდეს ვინმეს თავში: "წარმოიდგინეთ, შემოსავლების სამსახურს აქვს ჩემთან, როგორც ბიზნესმენთან დავა, მიყადაღებს ქონებას და ამ ქონების ღირებულებას თვითონ განსაზღვრავს. ეს წარმოუდგენელია და ბიზნესზე თავისებური რეკეტის განხორციელების მცდელობაა. მსგავსი რამ არც ერთ ქვეყანაში არ შეიძლება მოხდეს. ამის შემდეგ ხელისუფლება ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე და ინვესტორების მოზიდვაზე საუბრობს?" - ამბობს ზვიად კანდელაკი. როგორც აღვნიშნეთ, სამინისტროში ამ გადაწყვეტილების მიღებისას დარწმუნებულები იყვნენ, რომ შემოსავლების სამსახურს ბიზნესმენებში ისეთი რეიტინგი ჰქონდა, რომ ნებისმიერი გადასახადის გადამხდელი მას თვალდახუჭული ენდობოდა. რეალობა კი ისაა, რომ ბიზმესმენისთვის (განსაკუთრებით მცირე და საშუალო) შემოსავლების სამსახური ყველაზე დიდ მონსტრად იქცა". |