"პირადად მე მაბარია "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისის სამართლებრივი და პოლიტიკური გადაწყვეტის საკითხი. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც მე ვმუშაობ. ამ საქმეზე 9 სარჩელია სასამართლოში შეტანილი და მხოლოდ ორი საჩივრის განხილვა არის დაწყებული. დანარჩენ 7 სარჩელზე ველოდებით სასამართლო პროცესის დაწყებას. ერთი ახალი ინფორმაცია არის ის, რომ 2 სარჩელზე თბილისი საქალაქო მოსამართლეებმა - ლაშა ქოჩიაშვილმა და გიორგი ტყავაძემ დაარღვიეს განხილვის ვადები. ორივე მოსამართლის მიმართ ვგეგმავთ, რომ საჩივარი შევიტანოთ, რათა დისციპლინური დევნა დაიწყოს მათ მიმართ, რადგან შეგნებულად აჭიანურებენ ამ დავების განხილვას. საქმე ეხება სწორედ იმ შენობას, სადაც პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნება" უნდა განთავსდეს", - აცხადებს "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, ეკა ბესელია გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ეკა ბესელია: ივანიშვილი ქუჩის აქციებზე უარს არ იტყვის / "არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი ქუჩაში გავა და თავის ხმებს დაიცავს".
"ამ ოფისიდან უნდა მოხდეს საქმიანობის წარმართვა. როგორც ჩანს, ეს შენობა არის ერთ-ერთი გამაღიზიანებელი ფაქტორი ხელისუფლებისთვის. არც ერთ სხვა საქმეზე, მოქალაქეობის გარდა, ასეთი შეტევა არ განუხორციელებიათ, როგორც ამ შენობის შემთხვევაში. როგორც ჩანს, ეს არის პრინციპული საკითხი. ამიტომ არის ხელისუფლების რეაქცია გამწვავებული, საუბარია არა მხოლოდ იმაზე, რომ შენობის ექსლუატაციაში მიღება არ ხდება, არამედ იმაზე, რომ ამას მოჰყვა ჩვენი 4 ათასი ლარით დაჯარიმება, რომელიც ასევე გავასაჩივრეთ და განხილვას ველოდებით. ასევე არის ცალკე საჩივარი პოლიციის წინააღმდეგ, საინტერესოა, რომ სასამართლო ამ სარჩელს არ იხილავს. მოთხოვნაა, რომ პოლიციის თანამშრომლებს დაევალოთ რომ შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობა. კერძოდ ის, რომ სათავო ოფისში დღემდე ცხოვრობენ სრულიად უცხო, ყოველგვარი სტატუსის გარეშე შეჭრილი ადამიანები, რომლებიც თავს ასაღებენ "ლაით გრუპის" წარმომადგენლებად - შენობაში ორი ადამიანი უკანონოდ ცხოვრობს, ამაზე არ რეაგირებს არც პოლიცია, არც შს მინისტრი, არც მთავარი პროკურორი და არც სასამართლო", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ეკა ბესელია. "ასევე მთელი შენობა ხის კონსტრუქციის ალყაშია მოქცეული. კიდევ ერთი უხერხული საკითხია ნაგვის გროვა, რომელიც შენობის წინ დაახვავეს და არაფრით არ გააქვს მერიის სამსახურს. შევთავაზეთ, რომ მესაკუთრე უზრუნველყოფდა ამ ტერიტორიის დასუფთავებას, რადგან ხელის შეშლისა და საფრთხის შემცველიც არის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამ ტერიტორიაზე დადიან. ამაზეც უარი თქვა მერიის სამსახურმა. არაფერში არ ჯდება ეს საქციელი - არც კანონში, არც მორალში, არც ქცევაში. ეს ნათლად მეტყველებს, დღეს ხელისუფლებას "ქართული ოცნების" მიმართ რა დამოკიდებულების ხარისხი აქვს". - განაგრძობს რესპონდენტი. "ჩვენ გაგვიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მზადდება ნიადაგი ხელისუფლების მხრიდან, რომ მათ მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი უთხრან ივანიშვილს. კონსტიტუციით პირადად პრეზიდენტის კომპეტენციაა, რომ უარი უთხრას ივანიშვილს მოქალაქეობის მიღებაზე, მაგრამ მას ეს ძალიან გაუჭირდება. განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც "ენდიაის" ბოლო კვლევებით დადგინდა, რომ 70% მხარს უჭერს ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებას. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის პირველმა პირმა ღიად მიიღოს გადაწყვეტილება, რომლითაც კანონი უნდა დაარღვიოს, თუ არ მიანიჭებს მოქალაქეობას. ამით სააკაშვილი პირველ რიგში კონსტიტუციას დაარღვევს, შემდეგ ორგანულ კანონს მოქალაქეობის შესახებ. რაც მთავარია, იგი ღიად უნდა დაუპირისპირდეს საკუთარი მოსახლეობის უმრავლესობის ნებას... ამდენად, ადვილი არ არის უარის თქმა. თუ სააკაშვილი გადაწყვეტილებას არ მიიღებს კანონიერად და კანონიერ ვადაში, ის ერთდროულად დაუპირისპირდება როგორც სამართალს, ეროვნულსა და საერთაშორისოს და საკუთარ მოსახლეობას. ეს ღია დაპირისპირება, არა მგონია როგორ პირადად მისთვის, ასევე ხელისუფლებისთვის სიკეთის მომტანი იყოს. ეს ძალიან სახიფათო გადაწყვეტილება იქნება", - განმარტავს ეკა ბესელია. "რა თქმა უნდა, არსებობს ალტერნატიული გეგმა, მაგრამ დაველოდოთ 5 აპრილს.. დაველოდოთ გადაწყვეტილებას, რომელიც უნდა გამოცხადდეს. ამის შემდეგ, ბუნებრივია, შესაბამისი განცხადება გაკეთდება მომავალ სტრატეგიასთან დაკავშირებით. საკითხის დადებითად ან უარყოფითად გადაწყვეტის მიუხედავად, "ქართული ოცნების" მთავარი გეზი არ შეიცვლება, მიზნები ბოლომდე იქნება მიყვანილი. ნებისმიერ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი იქნება კოალიციის რეალური ლიდერი. თუ ჩვენ ამას კარგად ავუხსნით საზოგადოებას, შესაძლებელი იქნება ყველა სირთულის გადალახვა", - დასძენს "ქართული ოცნების" წარმომადგენელი. |