სად არის ხანძრის თავი დამარხული

სად არის ხანძრის თავი დამარხული

“30 წელია სახანძრო სამაშველო სამსახურში ვმუშაობ და ხანძრის ამდენი შემთხვევა, რაც მარტში დაფიქსირდა, არასდროს ყოფილა. ეს ხალხის დაუდევრობის ბრალია. მსგავსი სიტუაციაა კახეთის ყველა რაიონში”, - სამაშველო სამსახურის სპეციალისტი ვაჟა მთვარელიშვილმა. თუმცა, მთლად ასეც არ უნდა იყოს საქმე.

ის კი მართალია, რომ რაც ბოლო დროს კახეთში ხანძრის მხრივ ხდება, აქამდე არასდროს ყოფილა, მაგრამ კახელი გლეხები მაინც და მაინც ახლა გახდნენ დაუდევრები? შარშან, შარშანწინ, 5, 10 და 20 წლის წინათ გულისყურით ასუფთავებდნენ საკუთარ ადგილ-მამულს, წვავდნენ ნარჩენებს და 2012 წლიდან ყველაფერზე ერთბაშად აიღეს ხელი? რა თქმა უნდა, ამის მტკიცება აბსურდია. აქ ძაღლის თავი სხვაგანაა დამარხული.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მოპოვებული სტატისტიკური მონაცემებით, 1-დან 26 მარტამდე, კახეთში ხანძრის 705 შემთხვევა რეგისტრირებული. ამ პერიოდში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ხანძრის 202 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ხანძრის 94 შემთხვევა იყო თელავის რაიონში.  სახანძრო-სამაშველო სამსახურის სპეციალისტის ვაჟა მთვარელიშვილის თქმით, გუშინ ხანძრის 8 შემთხვევა დაფიქსირდა.  ხანძრის შედეგად სოფელ კონდოლში ვახტანგ ბახსოლიანის კუთვნილი 30 ჰექტარი ვენახი დაიწვა. “ცეცხლი წალამს წაუკიდეს და ხანძარი იქიდან გავრცელდა. იყალთოში კი სერიკო ბაზერაშვილის 0,25 ჰექტარი ვენახი, ნასამხრალში ნოდარ ჩუბინაშვილის ნახევარი ჰექტარი ვენახი დაიწვა”, - აღნიშნა მთვარელიშვილმა.

ლაგოდეხის რაიონში ხანძრის 80 შემთხვევაა რეგისტრირებული.  “ხეჩილის ტყეში 1 ჰექტარი ფართობი დაიწვა, ორწლიანი ნაზარდი განადგურდა, დიდი ხეები გადავარჩინეთ”, - აღნიშნა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსმა მერაბ შათირიშვილმა.

ხანძრის 100-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ყვარლის რაიონში, 90 - ახმეტაში, 70-საგარეჯოში, 53 - სიღნაღში. ყველაზე მცირე რაოდენობით, ხანძრის 16 შემთხვევა დედოფლისწყაროს რაიონშია რეგისტრირებული.

“ჩვენ პროფილაქტიკურ ღონისძიებებს ვატარებთ. მოსახლეობას ვაფრთხილებთ, რომ დასუფთავების წინ, ნაკვეთის გარშემო ხნული გაავლონ, რომ ხანძარი არ გადავიდეს. ასეც აკეთებენ”, - განაცხადა დედოფლისწყაროს სახანძრო-სამაშველოს სამსახურის უფროსმა ლევან გოზალიშვილმა.

ხანძრის ბოლო შემთხვევა თელავის რაიონის სოფელ წინანდალში მოხდა. ხანძრის შედეგად, 40 ჰექტარზე მეტი ვენახი დაიწვა, რომელიც პრიმა ბალერინას ნინო ანანიაშვილს ეკუთვნის.  აღსანიშნავია, რომ ანანიაშვილს წინანდალში 60 ჰექტარი ვენახი აქვს, საიდანაც დაახლოებით 70% დაიწვა.

ოპოზიციას უკვე ძალიან აეჭვებს გახშირებულ ხანძრები.  დეპუტატი ნიკოლოზ ლალიაშვილი ხელისუფლებას კახეთის ვენახებში გაჩენილ მასობრივ ხანძრებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს. როგორც მან პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, კახეთი, ფაქტობრივად, ცეცხლის ალშია გახვეული. უმძიმესი ვითარებაა შექმნილი გურჯაანში, სიღნაღში, თელავსა და სხვა რაიონებში.

სხვებან ერთად, ვენახებში ხანძარი ისეთ მიკროზონებშიც არის გაჩენილი, როგორებიც მუკუზანი და წინანდალია. ლალიაშვილი მიიჩნევს, რომ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა ამაზე სათანადო რეაგირება უნდა მოხდინონ. კარგი იქნება სანქციების შემოღებაც, რათა ადამიანებმა მეზობლების ქონებაზეც საკუთარის მსგავსად იზრუნონ.

“წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება მართლა მიიღებს იმას, რაც უნდა - რთველი საერთოდ აღარ იქნება და მისი სუბსიდირებაც საჭირო აღარ გახდება”, - განაცხადა ლალიაშვილმა.

სიღნაღის მაჟორიტარტი დეპუტატი ნუგზარ აბულაშვილმა კი აღნიშნავს, რომ კახეთში უნიკალური ჯიშის ვენახების გადაწვაზე გაკეთებული განცხადება აბსურდულია. მისი ინფორმაციით, ბოლო 20 დღის განმავლობაში სიღნაღის რაიონში ხანძრის გამო 68 გამოძახება მართლაც მოხდა, მაგრამ ეს საგაზაფხულო სამუშაოების თანმდევი პროცესია და მას გართულებები არ მოჰყოლია. ამასთან, მისი მოსაზრებით, შეუძლებელია, პასუხისმგებლობა აიღოს ვინმემ იმაზე, რომ გლეხს ასწავლოს, თუ როგორ უნდა გადატრუსოს ან არ გადატრუსოს მიწის ნაკვეთი.

დეპუტატებზე უფრო დიდი ეჭვი აქვს მწვანეთა მოძრაობის ლიდერს გია გაჩეჩილაძეს, რომელიც თვლის, რომ ასეთი ფაქტების არსებობა ბუნებრივ კანონზომიერებას არ ეთანხმება. “ყველაფერი შეიძლება ითქვას, გარდა იმის, რომ ხანძარი რეგიონებში მოსახლეობის დაუდევრობითაა გამოწვეული. ამ მიზეზს კატეგორიულად გამოვრიცხავ. 

საქმე ისაა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, ამ ხელისუფლების პირობებში. შარშან შუა ზამთარში, როცა მინუს გრადუსებში იყო ტემპერატურა, ხანძარი რეგიონებში სისტემატურად ჩნდებოდა, რასაც მოჰყვა გარემოს დაცვის სამინისტროს დაშლა. 

სრული აბსურდია ზამთარში ხანძრის გაჩენა თუ ეს ხელოვნურად არ კეთდება. ასეთი ფაქტი არც მახსენდება. ვფიქრობ, გეგმაზომიერად ხდება და ტერიტორიების გამოთავისუფლებისკენაა მიმართული, შემდეგში პრეტენზია რომ არაფერზე გაჩნდეს. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში მოსახლეობის დაუდევრობა გამორიცხულია. ყველაფერი შეიძლება ითქვას, გარდა იმის, რომ ხანძრის გაჩენა ხალხს დაბრალდეს. არსებული ხელისუფლების პირობებში ყველაფერი უცნაური და ლოგიკას მოკლებულია, ბუნებრივ კანონზომიერებას არ ექვემდებარება”, - აცხადებს გაჩეჩილაძე.