სამების ტაძრის დეკანოზი თურქი ბიზნესმენისა და ქართველი ჩინოვნიკების მილიარდდოლარიანი გარიგების დეტალებზე საუბრობს
საქართველოსა და თურქეთის მთავრობების შეთანხმებამ, რომლის თანახმადაც, თურქეთში ქართული ძეგლების _ ოშკისა და იშხანის რესტავრაციის სანაცვლოდ, ბათუმში აზიზიეს მეჩეთი უნდა აშენდეს, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. პარალელურად, ხელისუფლება აცხადებს, რომ იერსუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა ირკვევა, რომ ჯვრის მონასტრის შესაძლო დაბრუნება “ნაციონალების” მორიგი პიარ-აქციაა. ამ მოვლენებზე “ქართული სიტყვა” “წმინდა გიორგის სადროშოს” სულისჩამდგმელსა და სამების ტაძრის დეკანოზს, მამა ელიზბარ დიაკონიძეს ესაუბრა:
_ ბოლო დროს იმიტომ ვეღარ ვაქტიურობ, რომ ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა და სამკურნალოდ რუსეთში ვიყავი. მინდოდა, ზურაბ წერეთელი მენახა, რომელიც წმინდა გიორგის იმ ძეგლის ავტორია, რომელიც “თავისუფლების მოედანზე” დგას. ის, მართლაც, დიდებული მოქანდაკეა და პატივს მცემ, მაგრამ სანამ წმინდა გიორგის ძეგლის “გაკეთებას” გადაწყეტდა, ხომ შეიძლებოდა, ვინმესთან კონსულტაცია გაეარა და “თავისუფლების მოედანზე” თავისუფლებისთვის შეწირულ მამულიშვილთა ძეგლი აღმართულიყო? მასთან საუბარი სწორედ ამაზე მინდოდა, მაგრამ ჩემთან შეხვედრა არ ისურვა. უფრო კონკრეტულად, მასთან არ მიმიშვეს, თანაშემწემ კი, შეხვედრაზე უარის მიზეზად მოუცლელობა დაასახელა. ზურაბ წერეთელი იმ ადამიანთან შეხვედრისგან, რომელიც მის ძეგლს უდიერად ახსენებს, რა თქმა უნდა, თავს შეიკავებდა, საერთოდ, წმინდანების ძეგლების დადგმა ჩემთვის სრულიად მიუღებელია, რადგან ეს მართლმადიდებლური არაა. ბარემ, მთაწმინდაზე, რიო-დეჟანეიროს მსგავსად, ხელგაშლილი იესოს ძეგლი ავღმართოთ. ეტყობა, ეს იდეა ჯერ არ მოსვლიათ, თორემ “ქართლის დედას” რომელიმე წმინდანით ჩაანაცვლებდნენ. ეს წმინდანებისთვის ცრუ პატივის მიგებაა. საინტერესოა, რისთვის დავდივართ ტაძრებში და თაყვანს ვცემთ ხატებს, თუ მათი ყოფაცხოვრება ჩვენთვის სამაგალითო არაა და სანთელივით გზას არ გვინათებს? ჩვენდაუნებურად კერპთაყვანისმცემლობისკენ მივდივარ და ამით ჩვენს მტრებს ვახარებთ!
_ მამა ელიზბარ, მაშინ, როცა პარლამენტმა რელიგიის შესახებ კანონი მიიღო, აცხადებდით, რომ ეს კანონი ხელს ბევრი უკანონობის დამკვიდრებას შეუწყობსო...
_ დიახ, თუმცა ერთი-ორი ოპოზიციური პარტია გამოგვხმაურა. პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ თუ მართლმადიდებელთა ინტერესებს დაიცავენ, რეიტინგს დაკარგავენ. ისტორიულად, საქართველოში ქრისტიანები ყოველთვის პრივილეგიებით სარგებლობდნენ და ქვეყნის მართვა-გამგეობაში უპირატესი როლი ეკავათ, მაგრამ დღეს რა სურათი გვაქვს? _ არავინ არაფერს გვეკითხება. როგორც კი ეკლესიამ გაბედა და ხმა ამოიღო, გააჩუმეს. თავის დროზე ისიც კი დაწერეს, ეკლესია საერთოდ არ უნდა ერეოდეს ქვეყნის პოლიტიკაშიო. ეს მცდარი აზრია, რადგან ეკლესია საქართველოსა და მართლმადიდებლობისთვის სასიკეთო ნაბიჯებს მოიფიქრებს და თუკი ეკლესია საკანონმდებლო საქმინობაში ჩართული იქნება, როგორღა გააყალბებენ არჩევნებს და როგორღა შეუტევენ ეკლესიას? მოკლედ, ხელისუფლებამ ეკლესია მოატყუა და დაარწმუნა, ეს კანონი ისე იწერება, რომ ეკლესიას არაფერი დაუშავდებაო, მაგრამ ფაქტი სახეზეა _ აზიზიას მეჩეთის პროექტი, მაგრამ ეს ყველაფერი არაა. ვაცხადებ: თბილისში 5 ფუნდამენტალისტური მეჩეთის აშენებას აპირებენ და პროექტები მზადაა. როგორც ვიცი, საამისოდ უკვე 12 მილიონ დოლარამდეა გადმორიცხული. ამ მეჩეთების მშენებლობას სულ მილიარდი დოლარი სჭირდება!
_ ვისი ინიციატივით უნდა აშენდეს თბილისში ხუთი მეჩეთი და დამფინანსებელი ვინაა?
_ ამის ორგანიზატორი ყოფილი ქართველი, ახლა კი, თურქეთის მოქალაქე ალი ალთუნია, რომელსაც თურქეთში უზარმაზარი ბიზნესი აქვს. როგორც გავიგე, მარტო თბილისში 5 ათასი ფუნდამენტალისტი თურქი ცხოვრობს, მაგრამ თბილისში მოქმედ 2 მეჩეთში, თურმე, არ შედიან, რადგან ორივე მეჩეთი არაფუნდამენტალისტურიაო. მეჩეთში 5 ათასი ადამიანი რომ დაეტიოს, სამების ხელა უნდა იყოს, მაგრამ უთქვამთ, ამხელა მეჩეთს არ აგვაშენებინებენ და 5 პატარა-პატარა მეჩეთის აგება ჯობიაო. მერე, ერთ ქართველს უთქვამს, ამდენი მეჩეთის მშნებლობის ნებართვას არავინ მოგცემსო და ამ სიტყვებზე სიცილით მომკვდარა ალი ალთუნი, თქვენს მინისტრებს ოღონდ ფული ანახე და საკუთარ ცოლებს გამომიყვანენ სახლიდანო.
_ ალი ალთუნს ვინ ესაუბრა?
_ მის ვინაობას ვერ გავამხელ, რადგან ამის უფლება არ მოუცია, მაგრამ გეტყვით, რომ კულტურის სამინისტროში მუშაობს... პრესითა და ტელევიზით სულ პოლიტიკურ პროცესებზეა საუბარი და ამიტომ, ერისა და ქვეყნის დამქსაქსველი და მიწასთან გამასწორებელი ნაბიჯები ყურადღების მიღმა გვრჩება ხოლმე. დროა, გათითოკაცებული ერი ერთ მუშტად შეიკრას!
_ მამა ელიზბარ, ხელისუფლება აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას იმ არგუმენტით ხსნის, რომ ხელშეკრულების თანახმად, ტაო-კლარჯეთში მდებარე ქართულ ეკლესიებს რესტავრაცია უნდა ჩაუტარდეს...…
_ რა რესტავრაციაზეა საუბარი? მართლა გჯერათ, რასაც ესენი “ბოდიალობენ”? ცოტა ხნის წინ თავად ვიყავი ტაო-კლარჯეთში და იქ არავინ ფიქრობს, რომ ქვა ქვაზე დადოს. ხახულში, შიგნით მეჩეთია. იქ მუსლიმები ლოცულობენ. რაც შეეხება ეკლესიის რესტავრაციას, შეიძლება, ერთი ქაფჩით ტალახი “მიატყეპონ”, მეტი არაფერი. აბა, ვკითხოთ თურქებს, ამ ტაძრებში ქართულ სულს თუ აღმიდგენენ და მე, როგორც მღვდელმსახურს, ნებისმიერ დროს შემეძლება, ჩავიდე და წირვა-ლოცვა ჩავატარო?
_ თუ ტაო-კლარჯეთში რესტავრაცია არაა დაგეგმილი, მაშინ ბათუმში აზიზიეს მეჩეთი რის სანაცვლოდ უნდა აშენდეს?
_ რის და, _ ფულის სანაცვლოდ, ამაში ალი ალთუნმა უკვე გადაიხადა ფული. ვიღაცა ჩაიჯიბავს ამ ფულს და წავა, ჩვენს შვილებს კი როგორი მომავალი ექნებათ, აღარ აინტერესებს. კიდევ ახალ კანონპროექტს ამზადებენ, რომლის ძალაში შესვლის შემდეგ, სომეხს რომ უთხრა, შე სომეხოო, დაისჯები, რადგან ეს შეურაცხყოფა იქნება. მალე ცნება “ქართველი” აღარ იარსებებს და ყველა, ვინც საქართველოში იცხოვრებს, “საქართველოელი” იქნება!
_ რაც შეეხება იერუსალმის ჯვრის მონატრის დაბრუნებას, რომელიც პრეზიდეტმა წამოჭრა, ამბობენ, ეს განცხადება სააკაშვილმა პიარისთვის გააკეთა, თორემ სინამდვილეში, არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობსო. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?
_ ჯვრის მონასტერი ან ძალიან დიდი ფულის სანაცვლოდ უნდა დათმონ ბერძნებმა, ან უნდა არსებობდეს ბერძენთა კეთილი ნება. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, ეგზარხოსების დროს, რუსეთის ეკლესიამ ყოველგვარი ქართულის აღმოფხვრა გადაწყვიტა, სწორედ ამ დროს, ბერძნული ეკლესია გაძლიერდა და ყველაფერი მიითვისა. დღეს ამ ხალხის იქიდან გამოყრა პოლიტიკურადაც შეუძლებელია. მართალია, მართლმადიდებელი ერები ვართ, მაგრამ მაინც ვჭამთ ერთმანეთს, როგორც ნათქვამია, ადგილი კი არ განწმენდს კაცს, არამედ, კაცი განწმენდს ადგილსო...
საკითხი ასე დგას: წმინდა ივერიის ღვთისმშობლის ხატი მალე დატოვებს ივერთა მონასტერს, საქარველოსკენ გამოემართება და, უნდათ თუ არა, ივერიის ღვთისმშობლის მონასტერი ქართულ ეკლესიას უნდა დაუბრუნდეს.
_ იმასაც ამბობენ, ეს თემა სპეცსამსახურების შემოგდებულიაო...
_ ფაქტია, რომ მავანს ქართული ეკლესიის დასუსტება აქვს გეგმაში.
_ მამამ ელიზბარ, ამ საკითხებისადმი საპატრიარქოს არცთუ მწვავე პოზიციას როგორ ხსნით?
_ რელიგიის კანონი სინოდის წევრებზე ზეწოლის შედეგად მიიღეს. ეს ზეწოლა არ ჰგავს ჭიდაობის ილეთს, რომ წაგაქცევს და მერე, ისევ ადგები. ზეწოლა ისევ გრძელდება...
_ თუ ხმა არავინ ამოიღო, ხუთ მეჩეთს ხომ შეიძლება, კიდევ ხუთი მოჰყვეს? გასაგებია, რომ თქვენ აქტიურობთ, მაგრამ მგონი, უფრო ქმედითი ზომების მიღებაა საჭირო, რადგან გაჩუმება დანაშაულის ტოლფასია!…
_ ღმერთმა დაგლოცოთ, ეს შეკითხვა რომ დამისვით. ყველას ვეუბნები, რომ საყოველთაო ერთობის მიღწევაა საჭირო. იცით, ეს რას ნიშნავს? _ ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს და პროტესტი გამოთქვას იმ ადამიანების მიმართ, ვინც სჯულის კანონს და ქართულ ადათ-წესებს აკნინებენ! თუ ეკლესია არ ჩაება პოლიტიკაში, აბა, ვინ უნდა დაუსვას წერტილი ასეთ უმსგავსობას?!
_ მაინც, რა გეგმები აქვს “წმინდა გიორგის სადროშოს”?
_ ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, “წმინდა გიორგის სადროშო” გაჩერებას არ აპირებს. 31 მარტს, საქართველოს პირველი პრეზიდეტის, ზვიად გამნსახურდიას საფლავთან შევიკრიბებით და ტაძარში საერთო-საყოველთაო აღთქმას დავდებთ, რომ საყოველთაო ერთობა გამოცხადდეს. ყველას მოვუწოდებ და ვთხოვ, რომ შემოგვიერთდეს! როსტომ ხანი ამბობდა, თუ გინდა, ქართველი დაკნინდეს, დიდ ხანს ამყოფე მშვიდობაშიო. ამიტომ, უმოქმედობა ჩვენი ქვეყნისთვის ბედენაა!