ის, რისი ექსპერიმენტიც განხორციელდება თბილისში, შემდეგ უკვე ინერგება ბათუმში ან პირიქით. მაგალითად, ყვითელი ავტობუსები ჯერ თბილისში გამოჩნდა, შემდეგ ბათუმში, თუმცა მუნიციპალური ტრასნპორტით მგზავრობის საფასური ჯერ ბათუმში გაძვირდა და მერე დედაქალაქში. იგივე ვითარება იყო პარკირებასთან დაკავშირებითაც. იგი თავიდან თბილისში ამოქმედდა, მერე კი ბათუმში, თუმცა შავიზღვისპირა ქალაქში მისი საფასური მსწრაფლ გაიზარდა. ასე რომ, პარკირების ტარიფის გაზრდის ჯერი დედაქალაქზეა.
ზოგადად ამ ორი ქალაქის ხემლძღვანელობა სატრანსპორტო სფეროში მუდმივად ექსპერიმენტებს ახორციელებს. ამ რამდენიმე წლის წინათ მუნიციპალური ავტობუსების შემოყვანასთან დაკავშირებით თბილისის ცენტრში სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა შეზღუდეს. დრომ აჩვენა, რომ ყვითელი ავტობუსების ბიზნესი არც თუ მომგებიანი ყოფილა და უგულავას უწყებამ ფირფიტა გადააბრუნა. ბოლო დროს მუდმივად მცირდება ავტობუსების რაოდენობა (საუბარია მუნიციპალური ტრასპორტის საერთოდ გაუქმებაზე), სანაცვლოდ კი “მარშრუტკების” აწ უკვე მონოპოლიურ ბიზნესს უქმნიან სასათბურე პირობებს.
როგორც ჩანს, აჭარის მთავარქალაქიც იგივე გზას ადგას. ჯერ “მარშრუტკების” გამოხშირვის დროა, ხოლო მალე აჭარული ყვითელი ავტობუსების ჯერი დადგება, რადგან ამ ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის წაგება საკმაოდ დიდია.
ამჯერად ბათუმში მიკროავტობუსების რიცხვის შემცირება და, შესაბამისად, მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობის გაზრდა იგეგმება. ამ რეგულაციის ინიციატორია ბათუმის მერიაა, საკითხს კი, საკრებულოს სხდომა უახლოეს დღეებში განიხილავს. სავარაუდოდ, ახალი რეგულაციები მაისის დასაწყისში ამოქმედდება.
საკრებულოს წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი აცხადებს, რომ სამარშრუტო ხაზები დიდ კონკურენციას უწევს მუნიციპალურ ტრანსპორტს, რის გამოც ე.წ. ყვითელი ავტობუსები წაგებაზე მუშაობენ. “მსგავსი რეგულაცია სამარშრუტო ხაზების შემცირებაზე ორი წლის წინათ წინასაარჩევნო პერიოდში ჩაატარეს, თუმცა ამას დიდი პროტესტი მოჰყვა მძღოლების მხრიდან და პროცესი შეაჩერეს.
ახლა აღმოაჩინეს, რომ სამარშრუტო ხაზებს ჰყავს პატრონი და ეს ხაზები იყიდება, ხოლო მუნიციპალური ტრანსპორტი წაგებაზე მუშაობს”, - აღნიშნა “რესპუბლიკელების” წევრმა ირაკლი ჩავლეიშვილმა.
როგორც ბათუმის ვიცე-მერი ჯემალ ანანიძე აცხადებს, მგზავრობის საფასური არ გაიზრდება. ბათუმის ფარგლებში მგზავრობის საფასური როგორც მიკროავტობუსით, ასევე ყვითელი ავტობუსით 40 თეთრია.
თუმცა, ლეიბორისტების აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი დავით რობაქიძე აცხადებს, რომ კანონი მგზავრთა გადაყვანის შესახებ მიკროავტობუსის მძღოლს არ უწესებს ზღვარს, რა ფასში ატაროს მგზავრი. “აქ მთავარი მომენტი არის ის, რომ მიდის “ბიზნესის ახევა” ხუთ შპს-ზე, რომლებიც მგზავრთა გადაყვანაზე არიან ორიენტირებულნი. აუცილებელი გახდება მძღოლის ინდმეწარმედ დარეგისტრირება. აქამდე შპს იხდიდა გადასახადს.
მძღოლებს, მოგების გადასახადის გარდა, მოუწევთ ბუღალტერის დაქირავება და სხვა ხარჯები. თუ მძღოლი მგზავრს ქვითარს არ ამოუწერს, დააჯარიმებენ”, - აღნიშნავს დავით რობაქიძე. მისივე თქმით, როდესაც მძღოლები გაორმაგებულ გადასახადს ვერ გადაიხდიან, მგზავრობის საფასურს გააძვირებენ.
ბათუმში 33 ხაზზე 633 სამარშრუტო ტაქსი მუშაობს, ახალი რეგულაციის მიხედვით კი, 20 ხაზი და 420 სამარშრუტო ტაქსი იმუშავებს. “საშუალოჭერიან მიკროავტობუსებზე არ გაიცემა ნებართვა. ჭერის სიმაღლე 180 სანტიმეტრიდან უნდა განისაზღვროს. ძირითადი აქცენტი სავარძლების სტანდარტზე და სალონის მდგომარეობაზე გაკეთდება”, - აღნიშნა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას ქალაქ ბათუმის მერიის ტრანსპორტის განყოფილების უფროსმა, ემზარ ქავჟარაძე.