ბურდულიუმი – ახალი ელემენტი «ნაცმოძრაობის» პერიოდულ სისტემაში

ბურდულიუმი – ახალი ელემენტი «ნაცმოძრაობის» პერიოდულ სისტემაში

მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ ენებს შორის რუსული მეექვსე ადგილს იკავებს. «ვარდისფერი» ელიტა ინგლისურის პრიორიტეტს ყველა ხერხითა და საშუალებით ნერგავს იმ მოტივით, რომ «რუსულ ენაზე მოთხოვნა არ არის, ხოლო ინგლისური მთელ მსოფლიოში მოთხოვნილი ენაა». ამ მეტად საკამათო თეზისის საპირისპიროდ, ინგლისური ენა მხოლოდ მესამე ადგილს იკავებს, პირველ-მეორეს კი არაბული და ბენგალური ენები იყოფენ. ჩინელების დედაენაც კი – მანდარინი მხოლოდ მეხუთე ადგილზეა.

ასეთივე მონდომებით არაბული, ბენგალური ან მანდარინი რომ გვასწავლონ, იქნებ პრაგმატული თვალსაზრისით გამართლებულიც კი იყოს, მაგრამ თუ «იმპერიული» ენის მოძალებას ებრძვი, რაღა მაინცდამაინც ახალ იმპერიულ ენას – ინგლისურს იჩემებ? ესეც რომ არ იყოს, ბოლო 50 წლის განმავლობაში ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა რაოდენობა მსოფლიოში 9,8-დან 7,6 პროცენტამდე შემცირდა და, როგორც ჩანს, ამ დანაკლისის შევსებას სააკაშვილი ჩვენს ხარჯზე აპირებს. 

გასულ ზაფხულს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების 30 ათასი აბიტურიენტიდან რუსული, როგორც უცხო ენა, მხოლოდ 7 ათასმა აირჩია, თუმცა მათგანაც 27 პროცენტი ჩაიჭრა. ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებში გამოცდა მხოლოდ 8 პროცენტმა ვერ ჩააბარა. რაზე მეტყველებს ეს _ იმაზე, რომ ეს ენები ჩვენმა ახალგაზრდებმა ზედმიწევნით აითვისეს? საეჭვოა, რადგან ქართულიდან რომელიმე ამ ენაზე კვალიფიციური თარჯიმნის პოვნა ისევ რთულია, მიუხედავად იმისა, რომ ყველას ენის მცოდნედ მოაქვს თავი. სავარაუდოა, რომ ვინც ამ ახალგაზრდების ცოდნას ამოწმებს, არც იმას აქვს მეტისმეტად კარგი ცოდნა ენისა და, პოლიტიკური კონიუნქტურაც სწორედ იქით უბიძგებს, რომ მცირედის ცოდნაც იკმაროს.

ერთადერთი გამონაკლისი, ალბათ, დალი ფანჯიკიძე იყო, რომელმაც გერმანულ ენაში პრინციპულად არ დაუწერა ნიშანი თავგასულ თეა თუთბერიძეს, თორემ არც სხვა სტუდენტები ფლობენ სათანადოდ შექსპირის, ჰიუგოსა და გოეთეს ენებს! თუმცა ის, რაც რუსულ ენასთან დაკავშირებით ხდება, უკვე ვეღარანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მაგალითად, როგორც ინტერნეტ-ფორუმი იუწყება, ქალბატონ გაიანეს, რომელიც სკოლაში რუსულ ენას ასწავლიდა, დირექტორმა გამოუცხადა, რომ მომავალი წლიდან რუსული სექტორები უქმდება და მისი შტატის შემცირება მოუწევდათ. რაკი ქალბატონი გაიანე ეროვნებით სომეხია, სომხური ენის მასწავლებლობა შესთავაზეს. «ეს დაცინვაა. მე სომხური ენა თითქმის არც კი ვიცი. სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი რუსულად დავამთავრე, მეუღლე და შვილები ქართველები მყავს, სად უნდა მესწავლა სომხური? ეს რომ ვუთხარი დირექტორს, მიპასუხა, მე მეტს ვერაფერს გთავაზობ, ერთადერთი, დამლაგებლის შტატი მაქვს თავისუფალი და მაგას თუ შემოგთავაზებო. ვერაფერი ვუთხარი, მაინც უფროსია, მაგრამ ხომ წარმოგიდგენიათ, ჩემს გულში რაც ტრიალებდა»?

თუმცა რუსული ენის წინააღმდეგ ლაშქრობა ქალბატონ გაიანეზე არ შეჩერებულა და კიდევ უფრო შორს წავიდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სამეცნიერო ნაშრომის წერისას დაწესდა შეზღუდვა, რომ რუსულენოვანი ლიტერატურა (წყარო) არ უნდა იყოს მთლიანი წყაროების ერთ მეხუთედზე მეტი. დეკანის ისტორიული ბრძანება ნომერი 3 ასე გამოიყურება:

«ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე შესრულებულ სამეცნიერო ნაშრომში გამოსაყენებელი რუსულენოვანი სამეცნიერო წყაროების დასაშვები ოდენობის განსაზღვრის შესახებ

«უმაღლესი განათლების» შესახებ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის ა(ა)იპ «ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის» წესდების 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად

ვბრძანებ:

1.იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო საფეხურზე შესრულებულ (რეფერატი, წინასამაგისტრო და სამაგისტრო ნაშრომი, დოქტორანტის სემინარი, კოლოკვიუმი, სადისერტაციო ნაშრომი), ასევე «სამართლის ჟურნალში» გამოსაქვეყნებლად წარდგენილ ყველა სახის სამეცნიერო ნაშრომში მითითებული რუსულენოვანი წყაროები არ უნდა აღემატებოდეს ნაშრომში გამოყენებული სამეცნიერო ლიტერატურის საერთო რაოდენობის ერთ მეხუთედს.

2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ირაკლი ბურდული, დეკანი, ასოცირებული პროფესორი.»

როდესაც იურისტი და მომავალი იურისტების დეკანი მიუთითებს, «ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავეო», უნდა ვიგულისხმოთ, რომ მას პრობლემა მხოლოდ რუსულ ენასთან კი არა, ძირითად სპეციალობასთანაც აქვს. «ხელმოწერისთანავე» ძალაში მხოლოდ პარლამენტის მიერ მიღებული კანონებია, ოღონდ პრეზიდენტი რომ მოაწერს ხელს და არა ირაკლი ბურდული. ზოგადად, ბრძანებები გამოქვეყნებისთანავე შედის ძალაში, რადგან დეკანს შეუძლია, მისი ხელმოწერილი ბრძანებები უჯრაში შეინახოს და მათი არსებობის შესახებ მხოლოდ თვითონ იცოდეს.

ამგვარი ნოვაციები მხოლოდ იურიდიულ ფაკულტეტზე დაინერგება თუ სხვაგანაც, უცნობია, მაგრამ ერთი წამით თუ წარმოვიდგენთ, მაგალითად ქიმიის ფაკულტეტზე მის შედეგებს, ამ ბრძანების აბსურდულობა კიდევ უფრო თვალნათელი გახდება. როგორც ცნობილია, ქიმიური ელემენტების პერიოდული სისტემა დიმიტრი მენდელეევის შექმნილია, რომელსაც არ გაუმართლა და რუსულენოვანი და თანაც, რუსი მეცნიერი იყო. სტუდენტებს, როგორც ჩანს, მენდელეევის სისტემის 103 ელემენტიდან მხოლოდ ოციოდეს გამოყენება შეეძლებათ. ახლა ვინმე ინტრიგანი იტყვის, პერიოდულ სისტემას მენდელეევის სიკვდილის შემდეგაც დაემატა ელემენტებიო, მაგრამ იმ კაცის გენიალურობა სწორედ იმაში გამოიხატებოდა, რომ მან წინასწარ დატოვა ცარიელი უჯრები მომავალში აღმოსაჩენი ელემენტებისთვის. საინტერესოა, გავრცელდება «ერთი მეხუთედის» ბრძანება ცარიელ უჯრებზეც? მართალია, პერიოდული სისტემის გავრცობაში საკუთარი წვლილი თეოდორ სიბორგმა და ნილს ბორმაც შეიტანეს, მაგრამ ამ არარუსულენოვანმა ავტორებმა ერთი მეხუთედიც ვერ შეჰმატეს მენდელეევის აღმოჩენას. ახლა წარმოიდგინეთ, რა გამოვა, შვედეთში ან ნორვეგიაში რომ ნილს ბორის ნაშრომებზე ერთი მეხუთედის წესი განავრცონ!

უკეთეს მდგომარეობაში არც ფიზიოლოგები აღმოჩნდებიან. ივანე პავლოვსაც არ გაუმართლა, რადგან რუსია და რიაზანში დაიბადა. ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების შესახებ მეცნიერული თეორიის შემქმნელს შვედებმა რუსობა არ დაუწუნეს და ნობელის პრემიით დააჯილდოეს.

ესეც რომ არ იყოს, გამოთქმიდან «პავლოვის ძაღლივით მოსდის ნერწყვიო», ერთი მეხუთედი რომ დატოვო, ექვსი ასო დარჩება და მასში ნერწყვიც აღარ «ჩაეტევა»!

რაკი საქართველოს კოსმოსური ამბიციები არ კლავს, ციოლკოვსკის, ვერნადსკის და კოროლიოვის ერთი მეხუთედი შეგვიძლია საერთოდ გავაჩუქოთ, ან გავცვალოთ სხვა კვოტებში. ანარქიზმში ხუთ მეხუთედს სააკაშვილის ზეპირსიტყვიერი წყაროები დაიკავებს, ხოლო ბერდიაევი შეგვიძლია ეგზისტენციალურად შევკუმშოთ. ყველაზე რთულად საკითხი წიაღისეულსა და ბუნებრივ რესურსებში გვექნება, მაგრამ გამოსავალი აქაც არსებობს: მათ შესახებ წყაროები ინგლისური წყაროებიდან ამოვიღოთ, მთავარია, ერთ მეხუთედს არ ავცდეთ.

ვიდრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ «პოლიტკორექტულ» შეზღუდვებს დააწესებდნენ, ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ საპირისპირო შეზღუდვა შემოიღო: ასტრონავტებისთვის რუსული ენის ცოდნა სავალდებულო გახდა. ღია კოსმოსში გასვლის, რობოტიზებულ ტექნიკასთან ურთიერთობის და პილოტირების უნარ-ჩვევების გარდა, NASA მოითხოვს, რომ მომავალმა ასტრონავტებმა რუსულად არა მარტო ლაპარაკი, არამედ წერა-კითხვაც იცოდნენ.

თუმცა, რაკი სააკაშვილის აზრით, საქართველოს მოსახლეობა მხოლოდ მიწიერ ტურისტებს უნდა მოემსახუროს, ეს «კოსმოსური» მოთხოვნები ჩვენზე არ გავრცელდება. რაც შეეხება რუს ტურისტებს, ისინი ინგლისურს ისწავლიან და ამერიკაში ან ინგლისში კი არა, საქართველოში ჩამოვლენ. ჩვენებური «ფრანციცულად» განსწავლული გოგო-ბიჭები კი ერთხმად მიაგებებენ: You are welcome! გაიანე მასწავლებელი კი, ინგლისური ენის ცოდნის გარეშე იმ შეპირებულ დამლაგებლის ადგილსაც ვერ ეღირსება.

კიდევ უფრო უკეთესად გვაქვს საქმე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. აფხაზეთში რუსული ენა «სახელმწიფო და სხვა ორგანიზაციების ენად» არის აღიარებული, ხოლო სამხრეთ ოსეთში იგი ოფიციალური ენის სტატუსით სარგებლობს. მიდი და ელაპარაკე მათ ინგლისურად!

2004 წლის მონაცემებით, საქართველოს რუსულენოვან სკოლებში ეროვნებით რუსი 7 ათასამდე მოსწავლე იყო, დანარჩენი 25 ათასი კი – ქართველი. 2000 წლამდე 214 რუსულენოვანი სკოლა იყო, დღეს კი ორია დარჩენილი.

ვინც ვერ ხვდება, რას უკავშირდება «ერთი მეხუთედის» წესი, აგიხსნით: 2008 წელს სააკაშვილის «გადიდგორების» სიზმრის შემდეგ საქართველომ ტერიტორიების სწორედ ერთი მეხუთედი დაკარგა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ამ დანაკლისის შევსებას რუსული წყაროების ერთი მეხუთედით შეზღუდვის გზით ცდილობს.

ჯარისკაცის მამა რუსულ ენას მაინცდამაინც კარგად ვერ ფლობდა, მაგრამ, როცა გაუჭირდა, პირტიტველა რუსი ლეიტენანტი საჭიდაოდ გამოიწვია და ისიც აუხსნა, რომ Его, его, его отец воевал! მაგრამ ამას ხომ სააკაშვილს ვერ აუხსნი, არც მამამისს უბრძოლია სამშობლოსთვის და არც ბაბუამისს, ბიძა რომ ბიძაა, ისიც იარაღით ვაჭრობდა, ომისთვის სად ეცალა! სააკაშვილმა კი რაც შეძლო, ის გააკეთა – გორთან მიწაზე იფორთხა და ზედ ჰალსტუხი დააყოლა.

«გაზაფხულის 17 გაელვებაში» რუსი რადისტი ქალი _ კეტი მაშინ «დაიწვა», როცა მშობიარობისას «დედა» რუსულად იძახა. ნაციონალური ხელისუფლების წარმომადგენელთა ამ გზით გაშიფვრა არ ხერხდება, რადგან «დედის» ნაცვლად ხან «ბუშს» ეძახიან და ხან «სარკოზის». ყოველ შემთხვევაში, ხალხში დადის ანეგდოტი იმის შესახებ, რომ სააკაშვილს ბავშვობაში ძუძუ არ უწოვია, რადგან «მაგის გულისთვის ძუძუს დეკემბერში არავინ ამოიღებდაო»!

რაც შეეხება სამეცნიერო ნაშრომებსა და მათში მითითებულ წყაროებს, საბჭოთა კავშირში მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკოსთა ციტირება სავალდებულო ყოფილა, ხოლო კაპიტალისტური სამყაროს მეცნიერთა ციტირებისას აუცილებელი იყო მათი მკაცრი კრიტიკა. მადლობა ხელისუფლებას, რომ მხოლოდ «ერთი მეხუთედით» შეგვზღუდა და მენდელეევისა და პავლოვის კრიტიკა არ დაგვავალა!