"ფორბს ჯორჯიას" მთავარი რედაქტორი რეზო საყევარიშვილი თანამდებობიდან გადადგა. მიზეზი საქართველოში "ფორბსის" გამოცემის უფლების მქონე კომპანია "მედია პარტნერზის" პრეზიდენტ გაგიკ ეღიაზარიანთან შექმნილი კონფლიქტური ვითარება იყო, რაც იმით გამოიხატებოდა, რომ დამფუძნებელი სარედაქციო პოლიტიკაში უხეშად ერეოდა. გაგიკ ეღიაზარიანი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელ გელა ბეჟუაშვილის ჯგუფელი და მეგობარია, მუდმივად ცდილობდა დაერღვია როგორც "ფორბსის", ასევე დამოუკიდებელი მედიის მუშაობის პრინციპები. კონფლიქტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც რეზო საყევარიშვილმა გადაწყვიტა, ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუ ჩაეწერა. მსგავსი ტიპის სკანდალი "ფორბსს" მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ჰქონია. ყველაფერს ისიც ამძაფრებს, რომ რეზო საყევარიშვილი იმ ფუნდამენტური პრინციპების დარღვევაზე საუბრობს, რომელსაც მსოფლიოში აღიარებული ბრენდი ერთი საუკუნეა ამკვიდრებს", - წერს გაზეთი "ვერსია" სტატიაში სათაურით "ფორბს ჯორჯიას" მთავარმა რედაქტორმა თანამდებობა დატოვა, დასაბეჭდად გამზადებული ჟურნალი კი დამფუძნებლის გამო გაჩერდა.
"მას შემდეგ, რაც მთავარი რედაქტორის თანამდებობა დავტოვე, ჟურნალის სათავო ოფისი მაშინვე ჩავაყენე საქმის კურსში. ორშაბათს საღამოს მივწერე ნიუ-იორკის ოფისს და 27 მარტს დილით დამხვდა მოკლე პასუხი, ხომ არ დავფიქრდებოდი, ეს საკითხი ჯერ შიგნით, "ფორბსის" ფარგლებში განგვეხილა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჟურნალი უკვე გამზადებულია დასაბეჭდად და მე აღარ მიმიწვდება ხელის მის კოტროლზე, შესაბამისად, ვერ ვაგებ პასუხს, რადგან არ ვიცი, რა დაიბეჭდება, მინდა ეს პრობლემა გამესაჯაროებინა. მეტიც, ბევრი დამადასტურებელი ფაქტი მაქვს, როგორ ცდილობს დამფუძნებელი სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას - ვგულისხმობ ჩვენს პირად მიმოწერას ელეტქტრონული ფოსტით. მაგრამ ამას ჯერ არ გამოვაქვეყნებ, თუმცა თუ საჭირო იქნება, ამ წერილებსაც გავასაჯაროებ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რეზო საყევარიშვილი. "არ დამიწყია იმის განხილვა, რა არ მოეწონა, რადგან პრინციპულად მიუღებელი იყო ჩარევის მცდელობაც კი. დამფუძნებელმა გამოთქვა აზრი, ინტერვიუს შინაარსთან დაკავშირებით და იქიდან ცალკეული მინაკვეთების ამოღება უნდოდა. ზუსტად არ ვიცი, რის შემცირებას აპირებდა, რადგან თავიდანვე განვაცხადე პროტესტი და ვთქვი, რომ ამაში მონაწილეობას არ მივიღებდი. ჟურნალი, რომელიც მზად იყო დასაბეჭდად, ახლა, დამფუძნებლის ჩარევის შემდეგ, გაჩერებულია. რეალურად ვხვდები, რომ ეს ძალიან საგრძნობი დარტყმაა ბრენდზე, მის იმიჯსა და რეპუტაციაზე, მაგრამ არსებობს მეორე არგუმენტი. ხშირად ხდება, რომ საქართველოში იწყება კარგი საქმე, რომელიც არასათანადო მენეჯმენტის გამო ფუჭდება. ამის შემდეგ ასკვნიან, რომ საქართველოს ბაზარი არ არის მზად. მაგრამ საქართველო "ფორბსისთვის" მზად არის, თუ მას ხელს არ შეუშლიან. თუ დამფუძნებლები არ შეეცდებიან, განახორციელონ ცენზურა, ბრენდს ნამდვილად აქვს პერსპექტივა", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "რა გეგმები გაქვთ, პოლიტიკაში აპირებთ წასვლას?" -პასუხობს: "არავითარი პასუხი არ მაქვს. რადგან ერთი დღეა გადაწყვეტილება მივიღე. დიდი სიამოვნებით დავისვენებ. გამორიცხულია, პოლიტიკაში წავიდე. არავითარი კონკრეტული გეგმა ამ ეტაპზე არ გამაჩნია და დღეს საკუთარი გადაწყვეტილებით ვარ უმუშევარი". |