არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტისგან ენერგეტიკის მინისტრის, ალექსანდრე ხეთაგურის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ. “გარემოს დაცვის შესახებ” კანონში ცვლილებების თაობაზე მძაფრი პროტესტი მომავალშიც გაგრძელდება.
“ეკოლოგიური სამართლის ცენტრში” რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც პარლამენტის მიერ მიღებული კანონი “საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე” გააპროტესტეს.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს პრეზიდენტისთვის გასაგზავნ წერილს, სადაც ისინი ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ალექსანდრე ხეთაგურის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვენ. ამის მიზეზად სამინისტროს მიერ პარლამენტში წარდგენილ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს და ხეთაგურის უწყების მიერ უპასუხისმგებლო და ცინიკურ განმარტებებს ასახელებენ, რომელმაც საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია. ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტი შეცდომაშია შეყვანილი.
“ეკოლოგიური სამართლის ცენტრის” იურისტის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ამ დღეებში სახელმწიფო და სხვა უწყებებთან ანტიკონსტიტუციური კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების გამართვასაც გეგმავენ და “ბრძოლას არ დაასრულებენ მანამდე, სანამ კონკრეტული შედეგი არ იქნება მიღწეული”.
პარლამენტმა “გარემოს დაცვის შესახებ” კანონში ცვლილებები შეიტანა, რომლის თანახმად, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და დაინტერესებულ პირს შორის შეიძლება, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში შეთანხმება განუსაზღვრელი ვადით დაიდოს.
შეთანხმების მოქმედების პერიოდში დაინტერესებული პირის მიერ განხორციელებული ყველა ქმედება ჩაითვლება კანონიერად სახელმწიფოსათვის გადახდილი გარკვეული კომპენსაციის სანაცვლოდ. პირს არანაირი სახის სამოქალაქო და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.
არასამთავრობოები აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონი გარემოს დაცვის სფეროში ნებისმიერ პირს აძლევს უფლებას, ჩაიდინოს დანაშაული და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმების დადების შემთხვევაში პასუხი არ აგოს.
პრეზიდენტისადმი წერილს ხელი მოაწერეს “ეკოლოგიური სამართლის ცენტრის”, “საქართველოს თავისუფალ ფერმერთა კავშირის”, “საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების”, “ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისთვის”, “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრები - საქართველოს”, “მწვანე ალტერნატივას”, “ენერგოეფექტურობის ფონდის”, “ეკოტექის”, “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა” და “ადამიანის უფლებათა ცენტრის” წარმომადგენლებმა.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური კი გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებს ურჩევს, კანონპროექტები და კანონები კარგად იკითხონ.
“უმჯობესი იქნება დასხდნენ და წაიკითხონ, რაც კანონში შავით თეთრზე წერია. ეს არის უაზრო პროტესტი, რადგან კანონი მომავალზე არ ვრცელდება და მხოლოდ წარსულში არსებულ დარღვევებს ფარავს. თუ რომელიმე კომპანიას დარღვევა ექნება, ეს კანონი ამ კომპანიასთან კონკრეტული შეთანხმების გაფორმებას უშვებს იმისთვის, რომ კომპანია არ დაილუქოს, არ დაიკეტოს, არამედ დარიცხული ჯარიმის რესტრუქტურიზაცია მოახდინოს”, - აცხადებს ალექსანდრე ხეთაგური.
იურისტი ნიკოლოზ მჟავანაძე, რომელიც ერთ-ერთია იმ არასამთავრობოთა წარმომადგენლებს შორის, ვინც პრეზიდენტს კანონზე ვეტოს დადება მოსთხოვა, ამბობს, რომ მთელი რიგ დანაშაულებებზე პასუხი არ მოეთხოვება პირს, რომელიც გააფორმებს შეთანხმებას ენერგეტიკის სამინიტროსთან და მხოლოდ კომპენსაციას გადაიხდის.
“მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა და დაზიანება, მაღალმთიან რეგიონებში სასარგებლო წიაღისეულის, სასარგებლო წყლისა და ნიადაგის მოხსნა და გაუვარგისება, მიწის მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენის მქონე ობიექტების მშენებლობა - ეს ჩამონათვალი შორს წაგვიყვანდა, იმიტომ რომ ასამდე მუხლია; ანუ ამ დანაშაულებებზე პასუხი არ მოეთხოვება პირს, რომელიც გააფორმებს შეთანხმებას ენერგეტიკის სამინიტროსთან, მხოლოდ კომპენსაციას გადაიხდის და როცა ამ კომპენსაციას გადაიხდის, მწვანე შუქი ენთება, რაც უნდა ის გააკეთოს”, - აცხადებს მჟავანაძე.
ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივა” თავმჯდომარე მანანა ქოჩლაძე მიიჩნევს, რომ კანონში შეტანილი ცვლილებები სახელმწიფოს მხრიდან ინდულგენციაა იმ მეწარმეებისთვის, რომლებიც ხელშეკრულებას გააფორმებენ გარემოს გამოსაყენებლად, კანონის ამოქმედების შემთხვევაში კი განუზომელი ზიანი შეიძლება მიადგეს გარემოს:
“ეს არის ინდულგენცია გარკვეული მეწარმეებისთვის და მე ეჭვი მაქვს, რომ ძალიან მალე დავინახავთ მთელ რიგ საწარმოებს, რომლებთანაც ეს შეთანხმება გაფორმდა და მე არ მგონია, რომ ეს ის საწარმოებია, რომლებიც ასეთი ტიპის შეთანხმებებს საჭიროებენ”, - ამბობს მანანა ქოჩლაძე.