საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით ქვეყანაში გააქტიურებულ პოლიტიკურ პროცესების თავისებურებებზე "ინტერპრესნიუსი" ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.
- ბატონო ზაზა, მას შემდეგ, რაც თქვენ აქტიურ პოლიტიკაში ჩაებით, საზოგადოებას საკმაოდ კარგა ხანია არ ჰქონია მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე თქვენი მოსაზრებების გაცნობის საშუალება. შესაძლოა, თქვენი შეფასებები ახლა უფრო საინტერესო იყოს იმ თვალსაზრისით, რომ თქვენ იმ პოლიტიკური ძალის სამზარეულოს წევრად ითვლებით, რომელსაც "ქართული ოცნება" ჰქვია. პირველ რიგში მინდა გკითხოთ, როგორ გრძნობთ თავს ახალ ამპლუაში? ანუ, რამდენად ძნელი იყო ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილისთვის თავის ახალ იპოსტასთან შეგუება?
- უნდა დამეთანხმოთ, რომ პოლიტიკოსობა სრულიად განსაკუთრებულ ნიჭიერებას მოითხოვს. ძალიან ბევრი, საკმაოდ ნიჭიერი და გონიერი ადამიანი მინახავს, პოლიტიკურ ასპარეზზე უმწეონი რომ ჩანან. ეს მე კარგად ვიცი და ამიტომაც ვარჩევ, ჩემი ამპლუა მრჩევლისა და ანალიტიკოსის როლით შემოვფარგლო. ამით თითქოს გავნაგრძობ იმას, რასაც აქამდეც ვაკეთებდი.
პოლიტიკა ხომ მხოლოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლა არ არის, რაც მთავარია, იდეათა, ქვეყნის განვითარების კონცეფციათა კონკურენციაა, საზოგადოებრივი დიალოგისა და თანამშრომლობის რეჟიმია. დღევანდელი ხელისუფლება მინებებულია 2003 წლის რევოლუციურ ფრაზეოლოგიას და ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ ეს არ მოხდეს და ნებისმიერი სერიოზული ალტერნატივის გამოჩენას აპოკალიფტურად აღიქვამს.
სამწუხაროა, რომ ეს, ერთი შეხედვით, ლიბერალური და დემოკრატიული ფრაზეოლოგიით მეტყველი ადამიანები თანდათან იქცნენ ჩაკეტილ წრედ, რომელსაც ჭეშმარიტების მონოპოლური ფლობის პრეტენზია აქვს. თუ დღესვე, აქ და ახლა არ გავარღვიეთ ეს მდგომარეობა, თუ სასწრაფოდ არ შეიქმნა სერიოზული პოლიტიკური ალტერნატივა, სულ რამდენიმე თვეში პოლიტიკური პროცესები შეიძლება ხანგრძლივი დროით პარალიზებულ იქნას. "ქართული ოცნება" ამგვარი ალტერნატივის შესაქმნელად საუკეთესო ადგილია, უფრო მეტიც, ისტორიული შანსია. დღეს ის არის ერთადერთი საშუალება, რომ ქვეყანა ჩიხიდან გამოვიყვანოთ, რომელშიც სულ უფრო და უფრო ისტერიულად მიერეკება ხელისუფლება. ე.წ. ივანიშვილის კოდექსის გაჩენა უკვე იმის ნიშანია, რომ შარშანდელი მაისის მოვლენების შემდეგ ჩამოყალიბებული ავტორიტარიზმი უფრო და უფრო მყარ კონტურებს იძენს. მავანთა თავნება ახირებით საზოგადოებრივი ასპარეზიდან განდევნილი თუ, უბრალოდ, ქვეყნის ბედით შეწუხებული ადამიანები ცდილობენ, ქვეყნისთვის გამოსავალი მოიძიონ. ეს არ გახლავთ პოლიტიკა ამ სიტყვის ბანალური გაგებით. ეს, უმალ, ჩვენი საზოგადოებრივი ძალების გაღვიძების პროცესია. დღეს უკვე შეიძლება თქმა, რომ ჩვენს საზოგადოებას საკმარისი ძალები ჰქონია საიმისოდ, რომ წინააღმდეგობა გაეწია ხელისუფალთა ფსევდორევოლუციური პათოსისა და თვითნებობისთვის.
- ვინაიდან "ქართული ოცნების" შიდა სამზარეულოს დეტალები, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, ნაკლებადაქტუალურია, პირდაპირ საქმეზე გადავალ. როგორ შეაფასებდით არჩევნებამდე 7 თვით ადრე ქვეყანაში არსებულ ვითარებას?
- ვითარება მართლაც რთულია. ხელისუფლება სიტუაციის ესკალაციას ახდენს. მისი მიზანი ნათელია: თუ მოხერხდა ოპოზიციას სამართლებრივი სივრცის გარეთ გატყუება, მისი გამარჯვება გარანტირებულად შეიძლება ჩაითვალოს. დარწმუნებული ვარ, რომ ხმები დასავლეთ საქართველოში შეიარაღებული რაზმების შექმნის შესახებ, თავდასხმა უნივერსიტეტის სტუდენტებზე, ფინანსური სანქციები და სხვანი, გარდა ოპონენტებისა და მათი თანაგრძნობების დაშინებისა, რადიკალიზმის გაცოცხლებასა და ამგვარ ესკალაციასაც ისახავენ მიზნად. ბედად, ხელისუფლების მთავარმა ოპონენტმა იცის მიზნისკენ მშვიდი და თანამიმდევრული სვლის ფასი და ეს მისი მთავარი პოლიტიკური იარაღია. ამის საპირისპიროდ, დღევანდელ ხელისუფალს სიტუაცია ზღვრულ დაძაბულობამდე მიჰყავს, რათა მისმა ოპონენტმა პასუხისმგებლობის გრძნობას მიმართოს და უკან დაიხიოს. ამ ვითარებაში გამოსავალი, ჩემი აზრით, მხოლოდ მშვიდი და თანამიმდევრული შრომაა. ამან გაჭრა კიდეც. მხოლოდ ბოლო დღეებიც რომ გავიხსენოთ, ჩვენ შევესწარით ხელისუფლის მიერ პარლამენტის დარბაზის დატოვებას, თელავში წარმოთქმულ "შტამბეჭდავ" სიტყვას და, საბოლოოდ, ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების კრიტიკას მაშინვე, როგორც კი ამ უკანასკნელებმა მისი ქცევის მართლზომიერების დადასტურება მოითხოვეს. სიტყვამ მოიტანა და პარლამენტის დარბაზის დატოვების შემდეგ ჩვენ უკვე სხვა ხელისუფალთან გვაქვს საქმე. ამის შემდეგ უკვე საქმე ყველასთან და ყველაფერთან ხისტ დაპირისპირებასთან გვექნება. მთელი საქმე ისაა, რამდენად გაიაზრებენ მისი დღევანდელი პარტნიორები, რომ იგი მათაც ღუპავს.
- "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ სამეგრელოში შეირაღებული ჯგუფების არსებობის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებისა და სასწრაფო ზომების მიღების მოთხოვნით საქართველოს უშიშროების საბჭოს მიმართა. თქვენი აზრით, როგორი იქნება უშიშროების საბჭოს რეაქცია ალასანიას მოთხოვნაზე?
- ვფიქრობ, უშიშროების საბჭო არაფერ ახალს არ იტყვის. სიტყვამ მოიტანა და საბჭოს თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორმა განაცხადა, რომ ტერიტორიული თავდაცვის რეზერვის ფუნქციაში კრიზისულ სიტუაციებში სამოქალაქო ხელისუფლებისთვის დახმარების აღმოჩენაც შევა. ამასთან, არავის განუმარტავს, რას ნიშნავს კრიზისული სიტუაცია და ხომ არ იქმნება გამოყენებული ეს ძალები არჩევნების უსამართლობით აღშფოთებული ადამიანების წინააღმდეგ ან ნებისმიერი სოციალური პროტესტის ჩასახშობად, საბოლოოდ, ხომ არ არის ეს "ივანიშვილის კოდექსის" გაგრძელება
- აშკარაა, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ საარჩევნო კამპანიის პერიოდში ცივილიზებული თამაშის წესებზე აუცილებლად უნდა მოილაპარაკონ, მაგრამ ხშირად გაიგონებთ მტკიცებას, რომ საარჩევნო კანონმდებლობასა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ხელისუფლება საქართველოს დასავლელი პარტნიორების აზრის გათვალისწინებას არ აპირებს. ამის დასტურად, სხვა ფაქტებთან ერთად, ქართულ პრესაში აშშ-ის ელჩზე დეპუტატ აკაკი ბობოხიძის გამონათქვამები სახელდება. თქვენც ასე ფიქრობთ?
- გლობალურ სამყაროში ამგვარ გაუთვალისწინებლობას ჩრდილო კორეისკენ მივყავართ. იმედი მაქვს, მხედველობაში რაღაც სხვა ჰქონდათ. პოლიტიკოსებს საუკეთესო მიზანდასახულებები და იდეალები ხშირად ატყუებენ და მცდარ გზაზე აყენებენ. ნებისმიერი ავტორიტარიზმი ხომ ქვეყნის სუვერენიტეტისა და დიადი ეროვნული მიზნების ენაზე მეტყველებს?! ამიტომაც არის, რომ ნებისმიერმა პოლიტიკოსმა უნდა გაავლოს ზღვარი დიად ეროვნულ მიზნებსა და ბანალურ ავტორიტარიზმს, თუ ქვეყნის იზოლაციას შორის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ისტორიული მომავლისათვის სახიფათო შედეგები შეიძლება მივიღოთ. არადა, "დიადი მიზნები" ხშირად უბიძგებენ პოლიტიკოსებს, რომ ავტორიტარიზმის რაღაც "დასაშვებ მინიმუმზე" ისაუბრონ. ალბათ, გახსოვთ, რომ ჩვენშიც გაჩნდა მსგავსი თეორიები. ამგვარმა განცხადებებმა ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორსაც შეიძლება ეჭვი გაუჩინოს, რომ მის შანტაჟირებას ცდილობენ. ეს კი სახიფათოა ხელისუფლებისთვის და, რაც მთავარია, ქვეყნისთვის.
ამ ლოგიკით, უარი უნდა ვთქვათ იმ ნებისმიერ საერთაშორისო სტრუქტურასთან თანამშრომლობაზე, ვინც გაბედავს და რაიმე კრიტიკულ აზრს გამოთქვამს ხელისუფლების გადაწყვეტილებათა გამო.
- ხელისუფლება განაგრძობს მტკიცებას, რომ "ქართული ოცნება" კრემლის დასაყრდენია. თქვენი აზრით, რას შეიძლება ნიშნავდეს ხელისუფლების მხრიდან იმის მტკიცება, რომ ოქტომბრისთვის დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე ძირითადი ბრძოლა პროდასავლურ სააკაშვილსა და პრორუს ივანიშვილს შორის გაიმართება?
- ამგვარი განცხადებები ისევ და ისევ აპოკალიფტური ხედვის შედეგებია. ამას დაუმატეთ ყმაწვილკაცური რწმენა, რომ ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი მხოლოდ შენ ხარ და ნებისმიერი ოპონენტი ბოროტების ძალებს განასახიერებს. თქმა არ უნდა, რომ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა ძალზე მძიმე ფაზაშია შესული და ამ ქვეყნის მოკავშირეობა შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში მორალური დანაშაულია. სამწუხაროდ, ჩვენმა რამდენიმე პოლიტიკოსმა ეს შეცდომა დაუშვა. მაგრამ, ეს სრულიადაც არ ამართლებს იმ ისტერიულ და პოლიტიკურ საზრისს მოკლებულ ანტირუსულ რიტორიკას, რომელსაც ჩვენი ხელისუფალნი ყოველდღიურად მიმართავენ და ცდილობენ, თავის უმთავრეს პროპაგანდისტულ იარაღად აქციონ. პოლიტიკას თავისი ენა აქვს. მესმის, რომ იგი რიგითი ადამიანების ენაზეც უნდა ითარგმნოს, მაგრამ ერთია თარგმანი და მეორე, როდესაც საკუთარ ქცევას ემოციების ენაზე მეტყველი ადამიანების გემოვნებას უქვემდებარება. აქედან მხოლოდ ერთი ნაბიჯია ახალი უგო ჩავესის ჩამოყალიბებამდე. ასე შეიძლება გული მოვიფხანოთ, მაგრამ, როგორც ილია ამბობდა, გულის მოფხანვა რაღა დარდუბალაა? არ შეიძლება, პროპაგანდა ასეთ გულუბრყვილო ლოგიკაზე ააგო: თუ საჯაროდ დედას არ აგინებ, გყვარებია და ფარულ კავშირში ხარ. ამას მხოლოდ ინფანტილიზმი ჰქვია. ასეთი ლოგიკით ამერიკის ელჩის მიმართ გაკეთებული განცხადებაც პუტინისათვის გაგზავნილ მესიჯად შეიძლებოდა მიგვეჩნია.
რაც შეეხება ხელისუფლების განცხადებას "ქართული ოცნების" შესახებ, იგი სხვა არაფერია, თუ არა მცდელობა, რომ მომავალი ოქტომბერი აპოკალიფტურ კონტურებში დაანახონ რიგით ადამიანს, ერთგვარ არმაგედონად, როდესაც სიკეთისა და ბოროტების საბოლოო შეჯახება უნდა შედგეს. როგორც ჩანს, მის ბევრ წარმომადგენელს უჭირს საკუთარი თავის ერთ-ერთ ალტერნატივად გააზრება. თავს ერთადერთ შესაძლებელ სიკეთედ იაზრებენ. პოლიტიკურ კულტურას თავი რომ დავანებოთ, აშკარაა, რომ ასეთ რწმენას ხელისუფლება ლოგიკურად მიჰყავს მარცხამდე.
- იმ ვითარებაში, რომელშიც არჩევნებთან დაკავშირებით თითქმის ყოველდღე რაღაც ხდება, თქვენი აზრით, არჩევნებში გამარჯვების რა შანსები აქვს "ქართულ ოცნებას"?
- შანსი სერიოზულია. "ქართული ოცნება" მეთოდურად იკრეფს რესურსებს. ხელისუფლების ზეაქტიურობა და გაუწონასწორებელი ქცევა კიდევ უფრო ნათლად აჩენს მისივე უარყოფით მხარეებს. მართალი გითხრათ, არ მესმის, როგორ შეიძლება საკუთარი პოლიტიკური რესურსების ასეთი თავშეუკავებელი ხარჯვა, ყველა პოლიტიკური ხრიკისა თუ მეთოდის ერთდროული გამოყენება. ოქტომბრის შემდეგ ჩვენ ერთი და იმავეს დაუსრულებელ განმეორებას ვუცქერთ და, აშკარაა, რომ სხვა რესურსი ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა. სიახლესაც კი ადამიანები ძველის განმეორებად აღიქვამენ.
სიტუაცია უკვე მივიდა მდგომარეობამდე, როდესაც დიდი ტემპერამენტი და ენერგია კონცეპტუალურად არაფრით არის გამაგრებული. ასე კი იოლად გაშიფვრადი და ამოცნობადი ხდები. ნებისმიერისთვის პოლიტიკურ სიკვდილის ტოლფასია მდგომარეობა, როდესაც მისგან ახალს აღარაფერს ელიან.
სხვებმაც თქვეს და მეც უნდა გავიმეორო: თუ ხელისუფლება არ შეეცდება დიალოგის სივრცე შექმნას ოპოზიციასთან და აპოკალიფტურ რიტორიკაზე არ იტყვის უარს, დღევანდელი ინერცია მას არა მხოლოდ არჩევნებს წააგებინებს, არამედ ისტორიის წინაშე მძიმე პასუხისმგებლობას დააკისრებს.