სამშენებლო კომპანიები ფინანსურ კრიზისს თავს ვერ აღწევენ. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა. დეველოპერები ამბობენ, რომ 2011 წლის მიწურული სამშენებლო სექტორისთვის უფრო აქტიური იყო, ვიდრე 2012 წლის პირველი კვარტალია. მშენებლები თითს ბანკებისკენ იშვერენ. მათი თქმით, ბანკებთან ახალ კრედიტებზე საუბარი ძალიან რთულია. ისინი უფრო მეტად იმ პროექტებს აფინანსებენ, რომლებიც, გარკვეულწილად, უკვე ინვესტირებული აქვთ და საუბარია ამ თანხის ამოღება-გადარჩენაზე.
სამშენებლო კომპანია “აქსისის” გენერალური დირექტორის გიორგი კაპანაძის განცხადებით, დღეს მომხმარებელი ფრთხილია და მშენებარეში ძალიან ცოტა თუ აბანდებს ფულს, ვინც ყიდულობს, ისიც გარანტიით. მაგალითად, თუ მშენებლობას ბანკი აფინანსებს, მომხმარებელს შეუძლია იმავე ბანკიდან იპოთეკური სესხი საბანკო გარანტიით აიღოს, თუმცა ეს ცოტა უფრო ძვირი დაუჯდება. მაგალითად, თუ ჩვეულებრივი სესხისთვის განაკვეთი 13%-ია, გარანტიით გამყარებულისთვის 16%-ის გადახდა მოუწევს.
“რამდენიმე ობიექტის მშენებლობა დაგვიფინანსეს ბანკებმა. მათ შორის “თიბისიმ”. “ვითიბი” ყიდულობს ჩვენგან დებიტორებს და ამით მიმდინარე მშენებლობის ნაწილს ვასრულებთ.
ამის მიუხედავად, ბანკები დღეს მაინც ფრთხილობენ, დიდ პროექტში არ მოგყვებიან. ურჩევნიათ მცირე მასშტაბის, დაბალი რისკის მქონე პროექტები დააფინანსონ. ქართული ბანკები კრედიტებს დასავლური ფინანსური ინსტიტუტებიდან იღებენ, რომელსაც შემდეგ ჩვენ გვაძლევენ სესხის სახით.
როგორც ჩანს, ევროპაში მიმდინარე ფინანსური კრიზისი ბანკებისთვის კრედიტების მიღებას აფერხებს. ამას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებიც ემატება, ამიტომაც, ბანკები ამ მიმართულებით მიმდინარე წლის სამუშაო გეგმის შედგენასაც არ ჩქარობენ”, - აცხადებს კაპანაძე.
სამშენებლო სექტორისათვის ახალ კრედიტებზე საუბარი რომ ძალიან რთულია, ამას სხვა დეველოპერებიც ადასტურებენ. “ბანკები უფრო მეტად იმ პროექტებს აფინანსებენ, რომლებიც, გარკვეულწილად, უკვე ინვესტირებული აქვთ და საუბარია ამ თანხის ამოღება-გადარჩენაზე. ახალ პროექტებს კი ისინი არ ეკარებიან. ეს დიდი პრობლემაა, მაგრამ აბსოლუტურად გასაგები და ამას თავისი მიზეზები აქვს.
დღეს საქართველოში სხვადასხვა ბიზნესმა დაიწყო მუშაობა, შესაბამისად, ქვეყანაში “ფულის შიმშილია”. ეს იმას ნიშნავს, რომ დამატებითი ინვესტიციები და თანხების მოძიება ნებისმიერ სფეროს სჭირდება. ბანკებს ბოლო 4 წლის განმავლობაში უძრავი ქონების სფეროში ინვესტირებამ ძალიან ცუდი შედეგები მოუტანა. არსებობს უამრავი ალტერნატივა, ძალიან ბევრი სხვადასხვა ბიზნესი, რომელიც თანხებს საჭიროებს.
დღეს ბანკებს უფრო მეტი რაოდენობით რესურსი რომ ჰქონდეთ, ვიდრე ბიზნესისასთვის არის საჭირო, სრულიად სხვაგვარი სიტუაცია იქნებოდა. 2007-08 წლებში ყოველ ნაბიჯზე ბანკი გვთავაზობდა მომსახურებას და მათ შორის, კრედიტებსაც. შეიძლება ჩვენ ვემდურით ამ სექტორს, რომ ძვირი და ხელმიუწვდომელია, მაგრამ ამას თავისი მიზეზები აქვს”, - აცხადებს კომპანია “არსის” აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე აბულაძე
ამ შემთხვევაში რა ელის დეველოპერულ სეგმენტს? გამოდის, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ახალი მშენებლობები დაწყება ძალიან გართულებული იქნება.
“ახალი მშენებლობები აუცილებლად დაიწყება. ჩამოყალიბდება დეველოპერის ტიპი, რომელიც სხვა ფინანსურ სტრუქტურასა და მოდელზე იქნება აწყობილი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბაზარზე დეფიციტი გარდაუვალია, ეს ფასების ზრდას გამოიწვევს. ბაზარზე მოთხოვნა უკვე გააქტიურდა, მაგრამ შესაბამისი მიწოდება არ არსებობს. ამ ყველაფრის დალაგებას, დაახლოებით, 2-3 წელი დაჭირდება. ზუსტ დროსა და მოდელს, რა თქმა უნდა, ვერ დავასახელებ. როგორც კი გაიზრდება მოთხოვნა, მაშინვე გაჩნდება ახალი მოდელიც”, - აღნიშნავს “კომერსანტთან” საუბრისას აბულაძე.
თუმცა რა ახალი პროექტების დაწყებაზეა საუბარი, როცა წლების განმავლობაში თითქმის ბოლომდე მიყვანილი მშენებლობების დასრულება ვერ ხდება. დეველოპერთა თქმით, ზოგჯერ მშენებლობის ვადაში შესრულება დებიტორების პრობლემის გამო ვერ ხერხდება.
“გვქონდა გათვლა, რომ დებიტორები შემოიტანდნენ ფულს. ან ბანკმა უნდა დამაფინანსოს, ან ინვესტორი უნდა გამოჩნდეს, ჯერჯერობით კი არც ერთი არ ჩანს. სხვანაირად შენობა ვერ აშენდება. რა თქმა უნდა, კლიენტებთან პირგასამტეხლოს ვალდებულება გვაქვს, მაგრამ როცა პირგასამტეხლოს მოთხოვნით მოდიან, არ დაგიმალავთ და, ყველას უარით ვისტუმრებთ.
ეს არ ნიშნავს, რომ უარს ამბობს ხელშეკრულებით ნაკისრ ამ ვალდებულებაზე, მაგრამ დღეს ამის დრო არ არის. ერთს რომ გადავუხადო პირგასამტხელო, 1500 ადამიანი მელოდება, როდის ჩავაბარებ სახლს და მაშინ, ყველას უნდა გადავუხადო”, - აცხადებს გიორგი კაპანაძე.