ნათია ფანჯიკიძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მეუღლის, ირაკლი ალასანიას ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ მოექცა. ირაკლი ალასანიას ელჩობის დროს შვილებთან ერთად ამერიკაში ცხოვრობდა და პროფესიულ საქმიანობას აგრძელებდა. პოლიტიკოსის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ უფროსი შვილი, ნიკუშა ალასანია, სწავლის გასაგრძელებლად ამერიკაში დარჩა, გოგონა, ეკა, აქ ცხოვრობს, მშობლებთან ერთად. ნათია კი ორ ფსიქიატრიულ ცენტრში მუშაობს. ცნობილ ოჯახში დაიბადა. მამამისი მწერალი გურამ ფანჯიკიძე გახლდათ, დედა - დალი ფანჯიკიძეა, მთარგმნელი.
- ნათია, საუბარი თქვენი ბავშვობით დავიწყოთ... - ჩემი თაობის უმეტესობას კარგი ბავშვობა გვქონდა. მაშინ იშვიათი მოვლენა იყო მშობლების სიკვდილი. მახსოვს, ერთ ჩვენს მეგობარ გოგონას 14 წლის ასაკში დედა გარდაეცვალა. ამან ძალიან იმოქმედა ჩვენზე, მაშინ ეს წარმოუდგენლად მიგვაჩნდა. ასეთი ახალგაზრდა არ იყო სიკვდილი, როგორიც დღესაა. ყველას გვქონდა სრულფასოვანი ოჯახი და შესაბამისად, ჩვენც ლაღები ვიყავით. თბილისში ამდენი კაფე არ იყო. რუსთაველზე ერთი საღვეზელე იყო და ლაღიძის წყლები, ანუ სულ რამდენიმე ადგილი, სადაც შეიძლებოდა დღის განმავლობაში ბავშვები შევსულიყავით. ეზოში ყოფნა კი გვიან საღამომდე შეგვეძლო. - როგორ ერთობოდით ეზოში, რას თამაშობდით მაშინ ბავშვები? - ასაკის მიხედვით. თავიდან დაჭერობანას, დამალობანას, წრეში ბურთს. სულ გარაჟის სახურავზე დავძვრებოდი. ერთხელ ერთი გარაჟიდან, მეორეზე უნდა გადავმხტარიყავი, რომ ერთი ბიჭისთვის თავზე მკვახე გარგარი დამეყარა. ორი ეზო ვიბრძოდით ერთმანეთთან. სამწუხაროდ, დავმარცხდი. მეორე გარაჟი, რომელზეც გადავხტი, ჩაინგრა და მოტოციკლეტზე ნეკნებით დავეცი. 11 წლის ვიყავი და ძალიან გავმწარდი, მაგრამ თანამებრძოლთა თვალში ავადმყოფობის უპირატესობა მოვიპოვე. მე ვიყავი ბრძოლაში დამარცხებული რაინდი, ლოგინში ვიწექი და მთელი ეზო ჩემ სანახავად მოდიოდა. ის ბიჭი კი, დევი კუბლაშვილი, ვისთვისაც გარგარი უნდა მესროლა, ახლა ავსტრალიაში ცხოვრობს. დაუზარებლად მოდიოდა ჩემს ფანჯრებთან და მეძახდა, ნეკნებჩამტვრეულოო (იღიმება). - ცნობილ ოჯახში გაიზარდეთ, მამა მწერალი გყავდათ... - როგორ გარემოშიც იზრდები, ეს ბუნებრივი მდგომარეობა გგონია. მამა ადამიანების მოყვარე გახლდათ. ვინ აღარ იყო ჩვენს სახლში ნამყოფი. უყვარდა, რომ ყველა სუფრა, სადაც იქეიფებდა, საბოლოოდ ჩვენთან დამთავრებულიყო. სუფრის წევრები თუ არ გამოჰყვებოდნენ, ტაქსის მძღოლები და დამგზავრებული უცნობები ამოჰყავდა და აგრძელებდა ქეიფს. - ინტერვიუებში ძირითადად მამაზე გეკითხებიან. დედაზე მოგვიყევით. - რადგან მამა გარდაცვლილია, ალბათ უფრო ხშირად მასზე ამიტომ მეკითხებიან და მეც ვიხსენებ ამბებს. თუმცა ჯობია, სიცოცხლეშიც მოვეფეროთ ახლობლებს. დედა მართლა განსაკუთრებული თვისებების მქონე ქალბატონია. ახლა ასაკშია, მაგრამ ჯერ კიდევ აკეთებს ჩემზე მეტ საქმეს. ნიჭიერი ქალია, პრაქტიკულად გერმანული ლიტერატურის დიდი ნაწილი ქართულად მისი ნათარგმნია, რაც ძალიან დიდი ფუფუნებაა ქვეყნისთვის. გარდა ამისა, მას ვყავდით სამი შვილი და ძალიან ხმაურიანი მეუღლე. ყველაფერს ხალისით აკეთებდა, ნერვების აშლის გარეშე. რომ არ აღვნიშნო, ეწყინება, განსაკუთრებული კულინარიული მიგნებები ჰქონდა, მუდმივად ახალ რეცეპტს ითვისებდა, ან თავად იგონებდა. ახლა ამ მხრივ ცოტა გაზარმაცდა. ინოვაციებს შეეშვა და ტრადიციებზე დაყრდნობით გვიწყობს "მეგრული კულტურის დღეებს" კლასიკური მეგრული სამზარეულოთი. - ორი დედმამიშვილი გყავთ? - დიახ, მე უმცროსი ვარ. ჩემი და მაია ფანჯიკიძე უფროსია. მან ახლახან დიდ პოლიტიკაში შეცურა. ძალიან გაბრაზებული ვარ, მეუღლე სახლში აღარ შემოდის და აღარ მელაპარაკება, დას არ სცალია, დავიჩაგრე (იღიმება). რაც მთავარია, მიხარია, რომ ირაკლი ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მუშაობს, მოსწონს ეს ადამიანი და სჯერა იმის, რასაც აკეთებს. ლაშა, ჩემი ძმა, მოქანადაკეა, მაგრამ, სამწუხაროდ, ნაკლებად რეალიზებული. რომ არა ეს ურთულესი 20 წელი, მეტი შეეძლო გაეკეთებინა, თუმცა კიდევ აქვს დრო რეალიზებისთვის. - ფსიქოლოგი ხართ. როგორ შეარჩიეთ პროფესია? - სკოლის დამთავრებისას, როდესაც ოჯახში პროფესიის არჩევაზე დავიწყეთ საუბარი, მე ფსიქოლოგობა მინდოდა. დედის თხოვნით, ხელოვნებათმცოდნეობა ავირჩიე, რადგან მაშინ ეს ახალი ფაკულტეტი იყო. არასოდეს მითქვამს, რომ მე ვარ ხელოვნებათმცოდნე, მაგრამ დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს პროფესიაც მაქვს. ერთ-ერთი მეთოდი, რომლითაც პაციენტებთან ვმუშაობ, არტთერაპიაა, სადაც ფსიქოლოგიის ტრადიციული მეთოდების გარდა, ხელოვნებაც უნდა იცოდე. მაინც ავისრულე ოცნება და ფსიქოლოგი გავხდი. - ამ დროს უკვე დაოჯახებული იყავით? - დიახ, მაშინაც დაოჯახებული ვიყავი, როდესაც ხელოვნებათმცოდნეობაზე ვსწავლობდი. რაც თავი მახსოვს, სულ დაოჯახებული ვარ, მაგრამ ირაკლი ჩემზე უარეს დღეშია. ორი წლით ჩემზე უმცროსია და 18 წლის იყო, როცა მისი ცოლი გავხდი. ხშირად ვეუბნები, ირაკლი, როგორ შევდივარ შენს მდგომარეობაში, ოცი წელი გავიდა ჩვენი თანაცხოვრებიდან და რამდენჯერაც თვალს გაახელ, სულ მე გხვდები. - პირველად სად შეხვდით მომავალ მეუღლეს? - უნივერისტეტში დავინახე და მალევე გამეცნო. როგორც მერე მითხრა, თავად უფრო ადრე, ერთ კაფეში შემამჩნია. პირველად ზოოპარკში გავისეირნეთ, ოღონდ იმიტომ არა, რომ ვინმეს ვემალებოდით, უბრალოდ, უნივერსიტეტთან ახლოს იყო. ბეჰემოთი მაშინ ცოცხალი იყო და რატომღაც ქალაქში გივის ეძახდნენ. მოვინახულეთ და ის გახდა ჩვენი პირველი სეირნობის თანაზიარი. - ირაკლი მალე გამოგიტყდათ სიყვარულში? - საერთოდ, ძალიან ცოტას ლაპარაკობს, მაგრამ ყოველთვის ზუსტი იყო და რაც უნდოდა, იმას ამბობდა. მეც ძალიან სწრაფად, პრანჭვის გარეშე გავუმხილე გრძნობები. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ დედები სხვანაირად გვარიგებდნენ. ერთხელ მახსოვს, ქუჩაში მე და დედა მივდიოდით და ვიღაცამ შემომხედა. პატარა ვიყავი და დავეჯღანე. დედამ მითხრა, რომ ნორმალური გოგონები ქუჩაში ყველაფერზე არ რეაგირებენ, არც პირველ დაპატიჟებაზე მიჰყვებიან ბიჭს კინოში. მოკლედ, თავი გამოტენილი მქონდა თავშეკავების პრინციპებით, მაგრამ ყოველთვის შინაგანად ვიცოდი, რომ როდესაც მოგწონს, უნდა თქვა. ხშირად ადამიანები თავშეუკავებლები არიან ზიზღის გამოხატვაში, მაგრამ ასევე უხვად არ გასცემენ სიყვარულს. თუ გრძნობ, რომ გიყვარს, ამას რა სჯობს, თქვი! - ტრადიციულად დაოჯახდით? - დიახ, რადგან ირაკლი ტრადიციებისმოყვარე გახლდათ. ამბობდა, მე რა მაქვს დასამალი ან რატომ ვარ დასამალიო. მეც ძალიან დიდ პატივს ვცემდი მამას, განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა და არ მინდოდა მისგან გავქცეულიყავი და სადმე დავმალულიყავი. - ირაკლის მშობლებთან პირველი შეხვედრა გაიხსენეთ... - ირაკლის მამა საოცარი, თბილი ადამიანი გახლდათ. ირაკლივით უთქმელი, მშვიდი, ჩუმი, ბევრს არ ლაპარაკობდა, მაგრამ საოცარი სითბო და აურა ჰქონდა. რაც შეეხება ირაკლის დედას, ღირსეული ქალბატონია. ძალიან ბევრს ნიშნავს, ადამიანი როგორ ხარობს, როგორ გლოვობს, როგორი ერთგულია, შვილის, შვილიშვილის, რძლის მიმართ. ის ყოველთვის იწვევს ჩემში აღფრთოვანებას. საოცარი ქალია, სიცოცხლისმოყვარე, კარგი ექიმი. მეუღლე სიტყვის უთქმელად იგლოვა. ერთი წელი ლოგინიდან არ ამდგარა. წლისთავზე ადგა და ზედმეტად აღარ ულაპარაკია მეუღლის გარდაცვალებაზე. შეიძლება წიგნი დაწერო ადამიანური სევდის ამ ფორმაზე. ძალიან ვაფასებ ამ ქალბატონს და თან, რაც მთავარია, მან ირაკლი მაჩუქა. - შვილები გაგვაცანით... - ისეთ ადამიანებზე მესაუბრებით, იძულებული ვარ სულ კარგი ვთქვა (იღიმება). რაც მთავარია, ჩემი შვილები ადამიანებისადმი კეთილგანწყობილნი არიან და სწორი პრიორიტეტები აქვთ. უფროსი, ნიკუშა, ამერიკაში ცხოვრობს. კარგად სწავლობს, გონიერი ბიჭია და იუმორით აღსავსე. ხასიათით მე დამემსგავსა, მამამისზე ბევრად მეტს ლაპარაკობს და ძირითადად ხუმრობის ინტონაციით. ჰუმანისტური ხედვა აქვს და ყოველთვის მინდოდა, ფსიქიატრი გამხდარიყო. ფიზიკურად ორივე, ეკაც და ნიკუშაც ირაკლის ჰგავს. - პირველად თქვენით ქართული მედია მაშინ დაინტერესდა, როდესაც ირაკლი ოპოზიციაში გადავიდა. თქვენი მშვიდი ცხოვრება მაშინ დაირღვა? - არასოდეს მქონია პოპულარობისა და საჯაროობისკენ მიდრეკილება. არც ირაკლის... თავის საქმეს ყოველთვის კარგად და ხმაურის გარეშე აკეთებდა. 26 წლის ასაკში იმდენი გააკეთა პანკისის ხეობაში, მაგრამ ამით არასოდეს უტრაბახია. ჩემი პროფესია უფრო ინტიმურია. ადრე ბავშვთა სახლში ვმუშაობდი და ერთი პერიოდი მოდური გახდა ბავშვების თემა, საჯაროდ გამოსვლა და ამაზე საუბარი, მაგრამ მაშინაც არასოდეს გამოვსულვარ ტელევიზიით. როდესაც ადამიანის სულს ეხები და მის პრობლემას იზიარებ, შეიძლება სულაც არ იყოს სასურველი ამის საჯაროდ მოყოლა, რომ მან საკუთარი თავი ამოიცნოს. მეორე საკითხია, რომ შეიძლება გლობალურად ისაუბრო პრობლემაზე. მაგალითად ნარკომანიაზე, ოღონდ არა პიროვნებებზე, არამედ დაავადებაზე. მე თავად მერჩივნა, რომ ჩემს შემოსაზღვრულ სივრცეში ვყოფილიყავი, სადაც თავს კარგად ვგრძნობ. - ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ აქ გააგრძელეთ თქვენი პროფილით საქმიანობა... - ფსიქიატრიულ კლინიკასა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში ვმუშაობ. ამერიკაში წასვლამდე ბავშვებთან ვმუშაობდი. არც მიფიქრია მიმართულების შეცვლაზე. სხვა ქვეყანაში ჩასულს, ჩემს ნებაზე არჩევანი ნაკლებად მქონდა, პირველად შესაძლებლობა გამომიჩნდა, რომ მეორადი ფსიქიკური დარღვევების მქონე ბავშვებთან მემუშავა, მაგრამ ძალიან მძიმე კონტინგენტი იყო და ცოტა დავითრგუნე. ამის მიუხედავად, მუშაობაზე უარი არ მითქვამს, მაგრამ სანამ ყველა პროცედურა გავიარე, ჩემი საბუთები შეამოწმეს, დიდი დრო გავიდა. ერთ დღესაც, ეთერ ჭკადუას გამოფენაზე, ფსიქიატრიის ვარსკვლავი ანათინა მიშერი გავიცანი და მის კლინიკურ ასისტენტად ორი წელი ვიმუშავე.პაციენტები იყვნენ ნივთიერებაზე დამოკიდებული პირები, რომელთაც ამავე დროს მძიმე ფსიქიატრიული დიაგნოზი ჰქონდათ. ნარკომანიას ხშირად თან ახლავს მძიმე თუ მსუბუქი ფსიქიატრიული დიაგნოზი, ანუ ეს დაავადება ყოველთვის არ არის თავგადასავლების ძიებაში გადაჩეხილი ადამიანის პრობლემა. რამდენიმე თვეში მივხვდი, რომ თავიდან ბოლომდე გადავეშვი ამ სფეროში. საქართველოში ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ნაკლებობა იყო და მინდოდა ეს ნიშა დამეკავებინა. ახლა გრანტით ვმუშაობთ და ყოველდღიურად პაციენტების ჯგუფს ვმკურნალობ. სამწუხაროდ, ექვსთვიანი გრანტი, რომელსაც დანაზოგებით რვა თვემდე ვჭიმავთ, მალე იწურება და პაციენტები შუა გზაში რჩებიან, ნახევრად რეაბილიტირებულნი. წერილი მივწერე ჯანდაცვის სამინისტროს, რადგან ტელეგამოსვლებში ხშირად ლაპარაკობენ სარეაბილიტაციო ცენტრების შექმნის აუცილებლობაზე. ჩვენ ვარსებობთ და მხოლოდ ელემენტარული დახმარება გვჭირდება. მინდა, ჩემი პაციენტები იმ მდგომარეობამდე მივიყვანო, რომ საკუთარ ძალებში ეჭვი აღარ ეპარებოდეთ. ამ ადამიანებიდან ყველას პროგრესი აქვს და არც ერთს არ აღენიშნება რეგრესი. ჯერ სამინისტროდან არანაირი პასუხი, უარიც კი არ მიმიღია. იმედი მაქვს, გამომეხმაურებიან. - ახლა თქვენი მეუღლე ახალი პოლიტიკური რეალობის ეპიცენტრშია ბიძინა ივანიშვილთან ერთად. ნერვიულობთ? - არა, მაშინ ვღელავ, როდესაც ჩემი შვილი ნიკუშა თბილისში ჩამოდის. სანამ შინ მოვა, არ ვიძინებ. სხვა შემთხვევაში აბსოლუტურად მჯერა სიკეთის ძალის. როდესაც მართალი ხარ, ღმერთი გიფარავს, მაგრამ როდესაც საქმე შვილს ეხება, ვიძაბები. 19 წლის ბიჭისთვის იოლია პროვოკაციის მოწყობა. ჩვენს ხელისუფლებაზე არცთუ უსაფუძვლოდ გვაქვს წარმოდგენა, რომ ყველაფერზე შეიძლება წავიდნენ. თუ არ ჩავთვლით ნიკუშას არდადეგებს, ნაკლები სტრესი ჩემი პროფესიაა. თან იმედი მაქვს, რომ ირაკლი არ მანერვიულებს. საიმედო ადამიანია, ძლიერი. არ მთხოვს, მის მაგივრად გადავლახო რაღაც პრობლემები. თან, ბატონი ბიძინას გამოჩენის შემდეგ ამოვისუნთქე. - პირადად გაიცანით ბიძინა ივანიშვილი? - ორჯერ მოვხვდით სუფრასთან, სადაც უბრალოდ ვმხიარულობდით. ძალიან სიმპათიური მეუღლე ჰყავს, საოცარი ოჯახია. ბიძინას, როგორც პოლიტიკური ფიგურის გამოჩენა, ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. ვიგრძენი, რომ პირველად დგას ირაკლის გვერდით ნამდვილი პარტნიორი, რომელსაც შეუძლია როგორც დარტყმის, ასევე საქმის საკუთარ თავზე აღება. რაც ბატონი ბიძინა გამოჩნდა, მეშინია, ნეტარებამდე არ მივიდე, ისეთი მშვიდი ვარ (იღიმება). - თქვენი მეუღლე ახალგაზრდა, სიმპათიური პოლიტიკოსია და ბევრ ქალბატონს მოსწონს. არასოდეს გიეჭვიანიათ? - როგორ არა, მაგრამ იუმორი ყველაფერში გადაგვარჩენს. როდესაც ურთიერთობა ნამდვილ მეგობრობაზეა დამყარებული, იქ არის ბრაზიც, წყენაც, მაგრამ იმ ფასეულობას ვერაფერი გადასწონის, რაც ოცი წლის განმავლობაში დაგროვდა. - რა შეიცვლება თქვენს ცხოვრებაში, თუ ირაკლი პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი გახდება. მაშინ ხომ უფრო მეტად დაინტერესდება თქვენით საზოგადოება? - არ ვიცი, რა შეიცვლება, ვიცი, რომ მე არ შევიცვლები უარესისკენ. შემიძლია სრულიად დარწმუნებით ვთქვა, რომ აქამდე ჩემით და ჩემი არსებობის გამო არც კონკრეტული ადამიანები და მით უმეტეს, საქართველო არ შეწუხებულა. ვერც ვერანაირ შესაძლო მომავალში წარმომიდგენია ვინმეს დისკომფორტი შევუქმნა. |