კონტროლის პალატის თანამშრომლები ისე აიბურდნენ და გაიხლართნენ, უკვე არაფორმალურად იბარებენ ადამიანებს დასაკითხად. თუ დღემდე მხოლოდ რეგიონებში ხლართავდნენ ობობას ქსელში ადამიანებს, ორშაბათს პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა კონტროლის პალატის ცენტრალურ ოფისში დაიბარეს ადამიანი, რომელიც არც "ქართული ოცნების" წევრია და არც აქტივისტი, ის უბრალოდ სოციალურ სქელ "ფეისბუქში" აქტიურობს. ორშაბათსვე დაფიქსირდა პირველი შემთვევა, როდესაც კონტროლის პალატის თანამშრომლებს თავისუფალი მედიის წარმომადგენელმა "კომენტარი" გამოვტყუე", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით კონტროლის პალატა ხალხს "ფეისბუქში აქტიურობის გამოც იბარებს!!!
"ჩემი რესპონდენტი ლელა ებრალიძე კონტროლის პალატაში 11 საათზე იყო დაბარებული, ის ადვოკატ გედევან ფოფხაძესთან ერთად მოვიდა. დაბარებულები შენობასთან ზუსტად 30 წუთს აყურყუტეს. ებრალიძემ , "ზემოთ" რა ბედი ელოდა, საგულდაგულოდ გადარაზულ რკინის კარზე მიმაგრებული მიკროფონიდან გაარკვია: დაგველოდეთ და გაცნობებთთ პასუხსო. ვიდრე პასუხს გვაცნობებდნენ, ადვოკატს ვთხოვე უწყება, მაჩვენებთ მეთქი - "...ახსნა განმარტების მისაცემად უნდა მობრძანდეთ მისამართზე თბილისი, ქეთევან წამებულის 96" - უწყებაში განმარტებულია, რომ "დაბარებულს" უფლება აქვს ჰყავდეს ადვოკატი და მოითხოვოს ყველა დოკუმენტაციის გაცნობა, რაც "საქმეში" დევს", - აღნიშნავს გამოცემა. "უწყების წარმოდგენილ დოკუმენტს, არა აქვს ის ფორმალური ნიშანი, რაც ნებისმიერ დოკუმენტს უნდა გქონდეს, რომელსაც საჯარო სამსახური გასცემს - დოკუმენტს აკლია საკანცელარიო ნომერი, საბუთის რეგისტრირება. ანუ გამოდის, არაფორმალური უწყებაა. ბლანკიანი ქაღალდი კი არის, მაგრამ მისი რეგისტრირება აუცილებელია. ეს ფაქტობრივად დოკუმენტი არ არის. მსგავსი "დოკუმენტი" მეც შემიძლია დავამზადო და დავარიგო საპირველაპრილო ხუმრობასავით. მე რომ ასეთი დაუნომრავი უწყება ნაციონალებს გავუგზავნო, მოვლენ კონტროლის პალატაში და მისცემენ ახსნა განმარტებას? ეს უწყება რომ ყალბია, ფაქტია. რატომ უნდა იაროს ამ ხალხმა არარსებული დოკუმენტის გამო კონტროლის პალატაში", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გედევან ფოფხაძე. "ყოვლად გაურკვეველია, რა ქმედების გამო ვარ აქ დაბარებული. უწყებაში წერია "თვალთმაქცური გარიგების გზით დაფინანსების ფაქტზეო". ვერ გავიგე, ეს რა არის? ჩემთვის არავის აუხსნია, რა ადმინისტრაციული წარმოებაა დაწყებული, არავინ მაჩვენა დოკუმენტაცია, მოვითხოვე წინასწარი ინფორმაცია, რათა გავარკვიო, რა დავაშავე, მაგრამ დაკითხვაზე სად მიდიხარ, ამასაც აქვს მნიშვნელობა... ერთადერთი ჩემი აქტიურობა გამოიხატება "ფეისბუქში" კომენტარებით. თუ სოციალური ქსელიდან აკეთებენ რარაც დასკვნებს და იქიდან დგება "გონივრული ეჭვი", ეს უკვე სხვა პრობლეაა. ღიად ვაცხადებ, რომ დავრჩები "ქართული ოცნების" მხარდამჭერად, მაგრამ არ ვარ ჯერჯერობით არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი", - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლელა ებრალიძე. "ახლა ვიკითხე რატომ მიბარებდნენ და ხომ ნახეთ, რომ გოგონებმა კითხვაზე პასუხი ვერ გამცეს. მე წარმოშობით ვარ ფოთიდან, ჩემი ოჯახი იქ ცხოვრობს, ჩემი გარკვეული საქმიანობა უკავშირდება ფოთს, სადაც ხშირად ვარ. პირველი უწყება ფოთში მიიტანეს, საიდანაც 22 წელია, ამოწერილი ვარ. ის უწყება არ ჩაითვალა ოფიციალურად, იმიტომ, რომ ჩემმა დამ განუმარტა, იქ რომ არ ვცხოვრობ. ამის შემდეგ თბილისში მომივიდა მეორე უწყება. მერე გამოვედი სახლიდან და 4-ჯერ იყო მისული კურიერი, ძალიან შეშფოთებული იყო თურმე და ითხოვდა ამ უწყების შეცვლას - ფოთში იბარებენ და შეგვეშალაო. არიან ადამიანები ვინც გაიგონა, როგორ ურეკავდნენ კურიერს და ეუბნებოდნენ, აუცილებლად უწყება წამოიღე, ისე არ წამოხვიდეო. ღამის 11 საათზეც კი მოსულა კურიერი ჩემთან სახლში. მოვედი აქ და ნახეთ, რომ რეგისტრაციის ადგილზე მედავებიან. ბოლო არჩევნებში რეგისტრაციის ადგილი თბილისი მქონდა, რატომ და ვინ გადამარეგისტრირა ფოთში, წარმოდგენა არა მაქვს", - განაგრძობს რესპონდენტი. "ან რატომ მეუბნებიან ახლა, ზუგდიდში უნდა ჩახვიდე, იქ მისცე ჩვენებაო, ფოთში კიდევ რაღაც გარკვეული ლოგიკა არსებობს, ფოთთან რაღაც მაკავშირებს, ზუდგიგთან რა მაკავშირებს და რატომ შეცვალეს უკვე ჩემი დაკითხვის მისამართი სამჯერ, წარმოდგენა არ მაქვს. დაველოდები ახლა მორიგ უწყებას. სახელმწიფო, რომელიც მედავება რაღაც დარღვევაზე, მე მას ვედვები, რომ ყველა მისი ქმედება კანონის დაცვით იყოს განხორციელებული. სადაც ვარ რეგისტრირებული და სადაც ვცხოვრობ, იქ გამომიგზავნონ დოკუმენტაცია რაშიც მედავებიან, მივალ და გავცემ ყველა კითხვას პასუხს", - დასძენს ლელა ებრალიძე. |