ახალი საავადმყოფოების დიდი ზარ–ზეიმით გახსნა მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრა რომ არის, ამას ხალხი „საკუთარ ტყავზე“ მალევე იგრძნობს, მაგრამ, ვიდრე ამას მიხვდება, სულაც არაა ძნელი იმის პროგნოზირება, თუ რა შედეგებს მოგვიტანს საქართველოს ჯანდაცვის დღევანდელი სისტემა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მისი მფლობელების მოგებაზეა მომართული. მის შემოქმედ ხელისუფალთა ბაქი–ბუქით დეკლარირებული მიზნების უკან, რამდენადაც მთელი ეს სექტორი უკვე კერძო კაპიტალის ხელშია, მოსახლეობის ჯიბის ხარჯზე ზემოგების მიღების დაუოკებელი წყურვილი დგას და სწორედ ესაა ამ სისტემის რეალური მამოძრავებელი ძალა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“, მისი იდეოლოგიური (და მერკანტილური) ხედვებიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სისტემა მთლიანად კერძო „ინვესტორებს“ გადაულოცა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან უფინანსებს პროგრამებს, რომლებიც მათი გამდიდრების ერთ–ერთი წყაროა. მაგალითად, „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ“ მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევისთვის ბიუჯეტიდან გაღებული თანხები კერძო სადაზღვევო კომპანიებს ერიცხებათ. კონტროლის პალატამ ერთხელ ჩაატარა მათი შემოწმება და აღმოაჩინა, რომ მათგან მხოლოდ 20–50% ხმარდება დაზღვეულთა მომსახურებას, დანარჩენი კი კომპანიების მფლობელებს რჩებათ. ცხადია, ასე იქნება, რადგან სადაზღვევო კომპანიის მიზანი მოგების მიღებაა და არა – ქველმოქმედება და გაჭირვებულთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
რაც უფრო მეტი ოჯახი გაღარიბდება იმდენად, რომ სახელმწიფოსგან მიიღებს სადაზღვევო პოლისს, მით უფრო მეტ მოგებას მიიღებენ ამ პროგრამით სადაზღვევო კომპანიები: ჯანდაცვის ასეთი სისტემა მოსახლეობის გაღატაკებით არის დაინტერესებული.სამედიცინო დაწესებულებებსა და ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების უკონტროლობა მოსახლეობის გაღარიბების ერთ–ერთი მძლავრი ფაქტორია.
კომპანიების მოგება მით მეტი იქნება, რაც უფრო ნაკლებ ხარჯებს გასწევს ის დაზღვეულთა მომსახურებაზე. საამისო ბერკეტი ხელისუფლებამ მათ აჩუქა ჰოსპიტალური სექტორის გადაცემით. ახლა საავადმყოფოები სადაზღვევო კომპანიების საკუთრებაა და ისინი დაინტერესებულები არიან, რომ დაიქირავონ რაც შეიძლება ნაკლები მედპერსონალი, რომელიც მათი ნების უსიტყვო შემსრულებელი იქნება, და რაც შეიძლება ნაკლები გადაუხადონ მას. ექიმები, სამუშაოს დაკარგვის შიშით, მენეჯერებს თვალებში უნდა შეჰყურებდნენ, მათი მიზანი პაციენტის განკურნება აღარ არის, არამედ მისი მდგომარეობის გაუმჯობესება, რომ დროზე გაწერონ ბინაზე და ჰოსპიტალის მფლობლმა სადაზღვევო კომპანიამ არ იზარალოს. იმავდროულად, დაზღვევის არმქონე პაციენტი, რომელიც „ჯიბიდან“ იხდის, მაქსიმალურად უნდა „გაიყვლიფოს“ არასაჭირო კვლევებისა და მანიპულაცია–ოპერაციების ჩატარებით. ამ პირობებს სრულიად აკმაყოფილებს შემოქმედებით აზროვნებას მოკლებული, არაკვალიფიცირებული კადრები, რომლებიც მხოლოდ „გაიდლაინებით“ იმუშავებენ: ჯანდაცვის ასეთი სისტემა ორიენტირებულია სამედიცინო დახმარების მოცულობისა და ხარისხის შემცირებაზე, მას არ სჭირდება კვალიფიციური და პატიოსანი ექიმები.
ასეთ პირობებში საავადმყოფოში მოხვედრილი პაციენტი დაავადებისგან არ განიკურნება, (როცა ეს შესაძლებელია), არამედ ქრონიკული ავადმყოფი გახდება, რომელიც წლობით მოიხმარს მედიკამენტებს. ჯანდაცვის სისტემა იმ კომპანიების ხელშია, რომლებიც თვითონ აწარმოებენ მედიკამენტებს და მათ დისტრიბუციას, სამედიცინო დაზღვევას და სამკურნალო საქმესაც. ასეთი პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს, მაგრამ სწორედ ასეთი სისტემა იძლევა ზემოგების მიღების საშუალებას წამლების ხარისხის შემცირების (რაც ასევე დაავადების ქრონიზაციის ხშირი მიზეზია) ხარჯზე მათი თვითღირებულების კლების, მათ კლინიკებში მათივე წარმოებული „ჯენერიკების“ გამოყენების სავალდებულობისა და სხვა კომპანიებთან ფარული შეთანხმებით მედიკამენტების ფასების მაქსიმალური ზრდის გზით. ქართული ოლიგოპოლური ფარმაცევტული ბაზარი „არასაჭირო პრეპარატების“ დანიშვნა-გამოწერით კატასტროფულად ზრდის მკურნალობის ხარჯებს: თუ დასავლეთის ქვეყნებში სამკურნალო პრეპარატების ხარჯი მკურნალობის ხარჯის 12%-16% შეადგენს, საქართველოში ეს წილი 50%–ს აღწევს. ჯანდაცვის ასეთი სისტემისთვის მომგებიანია ქრონიკული დაავადებებით დასნებოვნებული პაციენტების სიმრავლე, რომლებსაც დაბალი ხარისხის მედიკამენტებს ძვირად მიჰყიდიან კომპანიები.
ამგვარ სიტუაციაში პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების მენეჯმენტის იმავე ხელში მოქცევა, რომელიც მართავს ჰოსპიტალებს, გამოსავალი კი არაა, პირიქით, მანკიერ სისტემას აძლიერებს: სოფლის ექიმებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე აქვთ ფიქსირებული ხელფასი (კომპანიებს ეს არ აზარალებს) და მათთვის ფარულად მედიკამენტების გასაღებას დავალების მიცემაც შესაძლებელი ხდება.
რაც არ უნდა მანკიერი სისტემა იყოს ამ სფეროში, ან სულაც რომ არ გვქონდეს სამედიცინო დახმარების არანაირი სისტემა, ბუნებრივ პირობებში მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც ჯანმრთელი იქნება და მისგან ფულის ამოქაჩვას ეს კარტელები ვერ შეძლებენ. ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ “მწვანე შუქი” აენთო ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც მეწარმეთა მიერ გარემოს დაბინძურებას უკონტროლოს ხდიან. ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებებით დაბინძურებული გარემო, განადგურებული ტყეები და დანგრეული ეკოსისტემები ხომ თანდათან, მაგრამ განუხრელად ზრდის მოსახლეობის დაავადებიანობას.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“, თავისი რვაწლიანი მმართველობის პერიოდში შექმნა ისეთი სისტემა, რომლისთვისაც „ჯანმრთელობის დაცვის“ სახელის დარქმევა მხოლოდ სარკაზმით თუ შეიძლება. მისი მიზანი, საბოლოო ჯამში, ხელისუფლებასთან შეზრდილი ოლიგარქების მიერ ზემოგების მიღებაა, მის მიერვე გაღატაკებული და დაავადებული მოსახლეობისაგან.
დროა, ჩვენმა ხალხმა ამაზე თვალი გაახილოს და საკუთარი ჯანმრთელობის დაცვისთვის, შვილების გადარჩენისთვის, ავტორიტარული რეჟიმის წინაშე შიშის დაძლევით წინ აღუდგეს მისი საარჩევნო ხმებით მანიპულირებას „ვაუჩერებითა“ და სხვა სატყუარებით, წლევანდელი საპარლამენტო არჩევნებით ხელისუფლებაში მოიყვანოს პატიოსანი ადამიანები, ვინც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების, ჯანდაცვის სექტორის გარდაქმნის ისეთ მოდელებს გვთავაზობს, რომლებიც არა ოლიგარქების, არამედ ჩვენი – მოქალაქეების ინტერესებზე იქნება ორიენტირებული.