"საკადრო ცვლილებები მმართველ პარტიაში სხვა არაფერია, თუ არა წარსულში დაბრუნება. დიახ, სააკაშვილი თავის პარტიას შევარდნაძის ეპოქაში აბრუნებს. მოჰყავთ იგივე გენერალური მდივანი, რომელიც ჰყავდა "მოქალაქეთა კავშირსაც". ეს რომ რომელიმე სხვა პოლიტიკურ პარტიაში მომხდარიყო, ამ ვითომ ახალ კადრს აუცილებლად დაერქმეოდა შევარდნაძის დროინდელი მუმია. თუ პრეზიდენტის ტერმინოლოგიით ვისარგებლებთ, სწორედ რომ შევარდნაძის დროინდელი მუმია მიიყვანეს გენმდივნად მმართველ პარტიაში. პირადად მე მიხეილ მაჭავარიანს ასეთად არ მივიჩნევ, მაგრამ მომიწევს მისი ასე მოხსენიება, ვინაიდან შევარდნაძის დროინდელ კადრებს სწორედ ასე მოიხსენიებს თავად პრეზიდენტი", - აცხადებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სოსო ცისკარიშვილი: ჩვენ, მართლმადიდებლები, იძულებული გავხდებით, რომ შემოვირტყათ შაჰიდის ქამრები! / მე არასოდეს მოვესალმები ასეთ ნაბიჯს, მაგრამ ნუ გაამწარებთ სკამის გამო ასე თქვენს თანამემამულებს. შურისძიება ყველაზე მძიმე სწორედ ხალხისგან შეიძლება იყოს!
"რაც შეეხება ჭიაბერაშვილს, ჩვენი ხელისუფლების კიდევ ერთი უპირატესობა გახლავთ უკიდეგანო ფანტაზია. ჯანდაცვის სამინისტროს კარგა ხანია, არავინ ეკითხება ჯანმრთელობის საკითხებს, ისიც მუდმივი სიმუნჯის რეჟიმში ახორციელებს გაურკვეველ ფუნქციას. არანაირი პროგრამა და სტრატეგია ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არ არსებობს, რადგან სამედიცინო განათლების მქონე ვერც ერთი მოღვაწე მინისტრის თანამდებობაზე ვერ მოხვდა. ასე რომ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ჯანმრთელობის მინისტრი მაშინ, როცა ქვეყანაში ყველაფერს წყვეტს სამი-ოთხი ადამიანი. ჯანდაცვის მინისტრიც, სოფლის მეურნეობის მინისტრიც, ტურიზმის მინისტრიც, ტაშ-ფანდურის მინისტრიცა და მდგრადი უმსგავსობის მინისტრიც სააკაშვილი და მასთან ერთად სწორედ სამი-ოთხი ადამიანია საქართველოში", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.
"ძალიან მწირი მოთმინების მარაგი აქვს ჩვენს ხელისუფლებას. მიკვირს, მთელ "ნაციონალური მოძრაობას" ასე კოლექტიურად როგორ დაჰყვა შვიდთვიანი ბავშვის თვისებები. ასეთი ისტერიკული, დაბინდული გონებით გადადგმული ნაბიჯებით ისინი ოქტომბრამდე ფონს ვერ გავლენ. ძალადობის ეს მარაგი მათ შეიძლება მიჰყვეთ მაისამდე და არ გამოვრიცხავ, რომ ნატო-ს სამიტის შემდეგ მოულოდნელად გამოგვიცხადონ ვადამდელი არჩევნების თარიღი. დიდი სურვილი აქვთ, "ქართული ოცნება" მოხსნან არჩევნებიდან სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი კანონის საფუძველზე და დაარწმუნონ მსოფლიო, რომ ეს კანონი დაირღვა. თუმცა ამ ადამიანებს თავად არ სჯერათ იმის, რაშიც ნაციონალური არხების ეთერით ხალხის დარწმუნებას ცდილობენ. თვით "ნაცმოძრაობის" წევრებს შორისაც არავინ ცდილობს, ადვოკატირება გაუწიოს ქალბატონ მოგელაძეს, რომელიც უცებ გამოვარდა არსაიდან და სახელმწიფო ძალადობის სახე გახდა", - განაგრძობს რესპონდენტი.
"რასაკვირველია, ეს ქალბატონი და ორგანო, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, ისეთივე დამოუკიდებელია, როგორც შეიძლება იყოს პატიმარი იყოს მისი საქმის განხილვის დროს. ჩვენ, ალბათ, მოწმე გავხდებით კიდევ უფრო მწვავე სცენარებისა, თუმცა ფაქტია, რომ საერთაშორისო საზოგადოება უკვე ინფორმირებულია და არ აპირებს უტყვი მოწმის როლში ყოფნას. ბატონმა ბასმა საკმაოდ მწვავე განცხადება გააკეთა, რაც ბატონმა წიკლაურმა მისი არაკვალიფიციურობით ახსნა. როდესაც ბატონი წიკლაური ამერიკის ელჩს ჯონ ბასსა და საქართველოში მყოფ დიპლომატიურ მისიებს კვალიფიკაციას უწუნებს, იქნებ დროა გაიღვიძოს მიშა ბიძიამ, რომელიც უკვე დეპოშია!"- დასძენს სოსო ცისკარიშვილი.
"ხელისუფლების ისტერიკის მიზანი სწორედ ეს არის, რომ ხალხი დაშინდეს, მაგრამ საზოგადოებას, რომელმაც პროტესტის ყველა საშუალება ამოწურა, ერთადერთი მოლოდინი აქვს - თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები. არადა, როცა ძალადობას არ აქვს ალტერნატივა, და გამოსავალი არ ჩანს, ხელისუფლება იმასაც მოახერხებს, რაც აქამდე ბუნებაში არ ყოფილა - ჩვენ, მართლმადიდებლები იძულებული გავხდებით, შემოვირტყათ შაჰიდის ქამრები... მე არასოდეს მივესალმები ასეთ ნაბიჯს, მაგრამ ნუ გაამწარებთ სკამის გამო ასე თქვენს თანამემამულებს. შურისძიება ყველაზე მძიმე სწორედ ხალხისგან შეიძლება იყოს! როგორც ჩანს ბატონი სააკაშვილი დაიმედებულია სირიის პრეზიდენტის მაგალითით, რომელსაც მხარში უდგას რუსეთში ახალარჩეული პრეზიდენტი და იარაღით ამარაგებს. სწორედ ასეთი პერსპექტივა აქვს ბატონ სააკაშვილს, თუ ის გონს არ მოეგება და არც საერთაშორისო საზოგადოების შეგონებას გაითვალისწინებს. ხოლო ის, ვინც ცივილიზებულ სამყაროს კადაფის ენით ელაპარაკება, კადაფის ბედისგან დაზღვეული ნამდვილად არ არის", - დაასკვნის სოსო ცისკარიშვილი.