"გლობალ ტვ"-ის ქსელიდან ტელეკომპანია "რუსთავი 2" 27 მარტიდან ითიშება. გადაწყვეტილება თავად არხის ხელმძღვანელობამ მიიღო და მიზეზად "კავკაზუს-ტვ"-სთან ერთობლივი პროექტი დაასახელა. "გლობალ ტვ"-ში კი მიიჩნევენ, რომ "რუსთავი 2"-სა და "იმედის" გადაწყვეტილების მთავარი მიზანი "გლობალ ტვ"-ის მომხმარებელთა რაოდენობის შემცირებაა.
"საგანგაშო ამ შემთხვევაში მხოლოდ ის არის, რომ გამოიკვეთა ამ არხების ("იმედისა" და "რუსთავი 2"-ის) მხრიდან უპატივცემულობა როგორც ჩვენი, ასევე მომხმარებლის მიმართ. ჩვენი მომხარებლებიდან თუ ვინმეს აქვს ამ არხების ყურების სურვილი, ის მაინც მოახერხებს," - განაცხადა "მთელ კვირასთან" საუბრისას "გლობალ ტვ"-ის განვითარებისა და მარკეტინგის უფროსმა ზურაბ ბაზლიძემ.
"რუსთავი 2"-მდე "გლობალ ტვ"-ის "ტელეიმედმა" 14 მარტს საკუთარი მაუწყებლობა ბადიდან ამოაღებინა.
როგორც ზურაბ ბაზლიძე ამბობს, "იმედი" "გლობალზე" ამოღების მოთხოვნის დღიდანვე გაითიშა.
"ამ ტელეარხმა გადაწყვეტილების მისაღებად მხოლოდ 1 საათი მოგვცა. ვერც მოვახერხეთ წესიერად ინფორმირება," - აცხადებს "გლობალ ტვ"-ის წარმომადგენელი.
თავად "იმედის" ხელმძღვანელობა აღნიშნულს კომერციული ინტერესებით ხსნიდა. როგორც "რეზონანსთან" "იმედის" 45%-ის მფლობელი გიორგი არველაძე აცხადებდა, მისი პარტნიორი ორგანიზაცია აპირებს საკაბელო კომპანიის შექმნას და მასთან ითანამშრომლებს "იმედიც", შესაბამისად, "გლობალ ტვ" მათთვის კონკურენტად განიხილება.
თუმცა, "იმედის" ამოღებას "გლობალ-ტვ"-ს სამაუწყებლო ბადიდან ყველა ერთმნიშვნელოვნად "მე-9 არხს" უკავშირებს.
"გლობალის" სამაუწყებლო ბადიდან "რუსთავი 2"-ის ამოღების მიზეზის გარკვევას "მთელი კვირა" გუშინ მთელი დღის განმავლობაში "კურიერის" მთავარი პროდიუსერის გიორგი ლაფერაშვილისგან და საინფორმაციო სამსხურის უფროს ნინო შუბლაძისგან ცდილობდა. თუმცა, მათ ჩვენს ზარს არ უპასუხეს.
"მთელი კვირა", ასევე, ცდილობდა იმის გარკვევას, აპირებს თუ არა "საზოგადოებრივი მაუწყებელი" "გლობალიდან" გათიშვას. მაგრამ პასუხის გაცემა "საზოგადოებრივი მაუწყებლიდან" არც გიორგი ჭანტურიამ (არხის გენდირექტორმა) და არც ხათუნა ბერძენიშვილმა (საინფორმაციო სამსახურის უფროსი) არ ისურვა.
გიორგი ჭანტურიამ ჩვენს ზარს საერთოდ არ უპასუხა. ხათუნა ბერძენიშვილმა კი გვითხრა, რომ თათბირზე იმყოფება და დარეკვიდან 30 წუთში გვთხოვა დაკავშირება. 30 წუთის შემდეგ ბერძენიშვილმა აიღო ყურმილი და მაშინვე გათიშა. ამის შემდეგ ხანგრძლივი რეკვისას არც ერთ ზარზე აღარ გვიპასუხა.
ცნობისათვის, "გლობალ ტვ"-ის მფლობელი ბიძინა ივანიშვილის ძმა ადიკო ივანიშვილია. სამი ნაციონალური ტელეარხის - "იმედი", "რუსთავი 2", "საზოგადოებრივი მაუწყებელი" - გათიშვამ შესაძლებელია, "გლობალ ტვ"-ის აბონენტების მკვეთრი შემცირება გამოიწვიოს.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის "მეცხრე არხს", მას "გლობალ ტვ"-ის აბონენტები მიიღებენ, "კავკაზუსი" და "სილქნეტი" კი უარს აცხადებენ "მეცხრე არხის" მაუწყებლობის გავრცელებაზე.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ "გლობალ ტვ"-მ გამოაცხადა აქცია, რომლის მიხედვითაც სატელიტური თეფშის დადგმა თუ აქამდე 140 ლარი ღირდა, ახლა უკვე 1 ლარად დაუდგამენ მას აბონენტს.
"გლობალ ტვ"-ს განვითარებისა და მარკეტინგის უფროსი ზურაბ ბაზლიძე ამაზე "მთელ კვირას" უცხადებს, რომ სააბონენტო მხოლოდ 1 ლარის გადახდა მართლაც შესაძლებელია.
ზურაბ ბაზლიძე: "ამჟამად ვამზადებთ გარკვეულ სამაუწყებლო პაკეტებს. განხილვის თემაა სატელიტური თეფშის 1 ლარად დაყენების საკითხიც, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება იმაზე, თუ რა სახის პაკეტი იქნება, გადაწყვეტილი არ არის. ამ საკითხზე და, ასევე, რამდენი იქნება საბოლოოდ სააბონენტო გადასახადი, უახლოეს ხანებში მოვიფიქრებთ და ჩვენს აბონენტებს ვაცნობებთ."
ბაზლიძის თქმით, "რუსთავი 2-მა", "იმედისგან" განსხვავებით, მიზეზად უფრო დახვეწილი წერილი წარმოადგინა - "კავკაზუს-ტვ"-სთან გარკვეული პროექტის განხორციელება."
როგორც ბაზლიძე ამბობს, ტელეარხების გათიშვამ მათი მომხმარებელი არათუ გააბრაზა და გააღიზიანა, სრული გაგებით მოეკიდა.
"თავიდან ჩვენ ძალიან უხერხულად ვიგრძენით თავი. თუმცა საკმაოდ კარგი მხარდაჭერა გვქონდა მოსახლეობისგან, აბონენტებისგან. მათ დიდ მადლობასაც ვუხდით, რომ ამ ფაქტორს გაგებით მოეკიდნენ. მომხდარის მიუხედავად, სხვა ქსელიდან გადმოსვლაც კი დაიწყეს", - ამბობს "გლობალ ტვ"-ის განვითარებისა და მარკეტინგის დირექტორი.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ "იმედი" და "რუსთავი 2" უკვე აღარ ექნებათ "გლობალ ტვ"-ის აბონენტებს, მათ ამ არხების მიღება მაინც არ გაუჭირდებათ.
ზურაბ ბაზლიძე: "ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ, სხვა საკაბელოებისგან განსხვავებით, ეს პრობლემა მარტივად გადაჭრან. მათ არ გაუჭირდებათ თავიანთი ოთახის, ან სახურავზე განთავსებული საეთერო ანტენა გამოიყენონ ამ არხების მისაღებად ისე, რომ არავითარი დისკომფორტი არ განიცადონ. დისტანციური პულტით უნდა გადმორთონ ჩვენს სისტემაზე და უყურონ ჩვენს 112 არხს, ან ღილაკის ერთი დაჭერით გადართონ და მიიღონ "რუსთავი 2", ან "იმედი".
"ანუ "გლობალ-ტვ"-ის მომხმარებლები მაინც მოახერხებენ ამ არხების ყურებას ისევე, როგორც ადრე. ყველას შეუძლია ყოველგვარი საკაბელოს გარეშე დააყენოს ანტენა და მიიღოს ეს საეთერო არხები. აქედან გამომდინარე, ტექნიკური ბაზა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თავიანთ ტელევიზორზე ეს ანტენა ისე მომართონ, როგორც ადრე ჰქონდათ და დისტანციურ პულტზე ხელის დაჭერით გადართონ იმ არხებზე, რომლებიც ჩვენს ქსელში აღარ არის, ხოლო დანარჩენი 112 არხის საყურებლად ისევ ღილაკით გადმოვლენ ჩვენს რეჟიმზე.
"საგანგაშო ამ შემთხვევაში მხოლოდ ის არის, რომ გამოიკვეთა ამ არხების ("იმედისა" და "რუსთავი 2"-ის მხრიდან) უპატივცემულობა როგორც ჩვენი, ასევე მომხმარებლის მიმართ. ვფიქრობ, რომ თუ ვინმეს აქვს ამ არხების ყურების სურვილი, ის მაინც მოახერხებს."
ბაზლიძის მოსაზრებით, ამ არხების მხრიდან სამაუწყებლო ბადიდან ამოღების მთავარი მიზანი ისაა, რომ "გლობალ.ტვ"-ს მომხმარებლი დააკარგვინოს და ამაში გადამწყვეტ როლს "მეცხრე არხი" თამაშობს. რეალურად კი, როგორც "გლობალ ტვ"-ს განვითარებისა და მარკეტინგის დირექტორი ამბობს, ტელევიზიების მხრიდან ეს მხოლოდ უგუნური გათვლაა და სხვა არაფერი.
ზურაბ ბაზლიძე: "ვფიქრობ, რომ ამ არხებს, ვიდრე აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, კომპეტენტური მრჩეველი არ ჰყოლიათ. მათ არასწორად გათვალეს ის, რომ თუ ჩვენგან ამოიღებდნენ ამ არხებს, ამით დიდად განაწყენდებოდა ჩვენი მომხმარებელი, რადგან მათ არ ექნებოდათ მათი არხების ყურების საშუალება. დაახლოებით წარმომიდგენია, რა დონის პიროვნებისგან არის ეს ნაკარნახევი.
"ფაქტია, რომ არხების მესვეურები შეცდომაში შეიყვანეს. დარწმუნებით ვერ გეტყვით, მაგრამ ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ "მეცხრე არხი" არის ყოველივე ამის რეალური მიზეზი. მით უმეტეს, რომ "რუსთავი 2"-სგან ამ მოთხოვნის მიღებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება "მეცხრე არხთან" და წარვადგინეთ მარეგულირებელ კომისიაში."
ბაზლიძე "მთელ კვირასათან" საუბრისას იმასაც აღნიშნავს, რომ "რუსთავი 2"-სგან ამგვარ მომართვას არ ელოდნენ:
"სიმართლე გითხრათ, "რუსთავი 2"-სგან არ ველოდებოდით ამგვარ მომართვას. იმედი გვაქვს, რომ ბოლოს და ბოლოს მიხვდებიან, რომ შეცდომა დაუშვეს. ასევე, ვიმედოვნებთ, რომ "იმედისგან" და "რუსთავი 2"-სგან განსხვავებით, "საზოგადოებრივი მაუწყებელი" სწორ გათვლას გააკეთებს."
არაოფიციალური ინფორმაციით, "გლობალ ტვ"-ის 1000-მდე აბონენტმა უკვე მიმართა "სილქნეტისა" და "კავკაზუსის" საკაბელო ტელევიზიებს პორტირებისთვის.
შესაძლებელია თუ არა "გლობალ-ტვ"-ს მომხმარებელმა იმავდროულად "სილქნეტითაც" ისარგებლოს?
ზურაბ ბაზლიძე: "ზუსტად ამაში მდგომარეობს პრობლემა, რომ "სილქნეტისა" და "კავკაზუს.ტვ"-ს შემთხვევაში ანალოგიური ქმედების (დისტანციური პულტით გადართვა) ჩადენა ცოტა გართულდება. მათი მომხმარებლები, რაც უნდა მოინდომონ, თავიანთ ტელემიმღებებზე ვერ მიიღებენ "მაესტროს", "მე-9 არხს". ეს მათთვის არის პრობლემა. ჩვენს მომხმარებლებს კი ექნებათ, "მაესტროც", "მე-9 არხიც", "25-ე არხიც" და "კავკასიაც", თავისუფლად შეძლებენ ჩვენი დამხარების გარეშე მათი არხების ყურებას."
"გლობალ ტვ"-ს წარმომადგენელი ჯერ "იმედის", ახლა "რუსთავი 2"-ის, მომავალში კი შესაძლოა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გათიშვის გამო თავის მომხმარებელს ბოდიშს უხდის და ამავდროულად ჰპირდება, რომ უახლოეს დროში მათ სხვადასხვა სახის ხელსაყრელ პაკეტებს შესთავაზებს.
"კიდევ ერთხელ ვუხდით ბოდიშს ჩვენს მაყურებლებს, რადგან მტკივნეული იქნება ეს პროცესი. მინდა, ასევე მადლობა გადავუხადო ყველა იმას, ვინც ამ ფაქტს გაგებით შეხვდა და მხარი დაგვიჭირა. ხაზგასმით აღვნიშნავ იმასაც, რომ ჩვენი აბონენტებისათვის ვაპირებთ სხვადასხვა სახის პაკეტის ჩამოყალიბებას, შიდა პოლიტიკის გადახედვას; ასევე, ვგეგმავთ სხვა ტექნოლოგიურ სიახლეებს და, რაც მთავარია, უახლოეს ხანებში მივაწოდებთ საკმაოდ საინტერესო არხებს, რომლებსაც ჩვენი მომხმარებლები დიდი ხანია ელიან."