ბავშვთა კვების პროდუქტის ხარისხი საქართველოში არ მოწმდება, რაც შეუძლებელს ხდის იმის გარკვევას, დაცული არიან თუ არა ჩვენი პატარები გარედან შემოტანილი საშიში პროდუქტისგან. ამ მიმართულებით ქვეყანაში კონტროლის მექანიზმი არ არსებობს და იმპორტირებული ნაწარმისგან ბავშვებს გარკვეული საფრთხე ემუქრებათ. შემოწმების თაობაზე ინფორმაციას არ ფლობენ მომხმარებელთა ასოციაციასა და არასამთავრობო ორგანიზაციაში - "მომხმარებელი აკონტროლებს სურსათის ხარისხს". ამ კომპანიის წარმომადგენლებს ბავშვთა კვების ნაწარმზე, გამონაკლისის გარდა, ლაბორატორიული კვლევა არ ჩაუტარებიათ.
ასეთ "გამონაკლის შემთხვევად" პროექტის - "მომხმარებელი აკონტროლებს სურსათის ხარისხის" - ხელმძღვანელი ლიკა თოდუა "ვინის ფაფასთან" დაკავშირებულ ინციდენტს მიიჩნევს. ლაბორატორიული შემოწმება "ვინის ფაფამ" მომხმარებლის თხოვნით გაიარა, თუმცა ამ კონკრეტულ ფაქტზე დარღვევა არ დაფიქსირებულა.
"მომხმარებელს ეჭვი გაუჩნდა "ვინის ფაფის" სუნისა და გემოს გამო. მოგვმართეს ჩვენი ორგანიზაციის ცხელ ხაზზე, გულდასმით გადავამოწმეთ პროდუქტი, ჩატარდა კვლევა, მომხმარებლის მიერ ნაყიდი ნაწარმიც შემოწმდა, მაგრამ არ აღმოჩნდა საშიში. ბავშვთა კვებაზე სხვა მხრივ კვლევა არ ჩაგვიტარებია. ამდენად, დარღვევების შესახებ ჩვენთვის უცნობია.
ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ბავშვებს მაინც არ ვწამლავთ. ფაქტები არ მაქვს, რაც საშუალებას მომცემდა, ბავშვთა კვების მავნებლობაზე ვისაუბრო. რა თქმა უნდა, სჯობს, ნატურალური საკვები გამოვიყენოთ, მაგრამ ამის საშუალება არ არის და მომხმარებელი ყიდულობს იმ ნაწარმს, რაზეც მას ხელი უფრო მარტივად მიუწვდება", - ამბობს თოდუა.
მომხმარებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მადონა კოიძე აცხადებს, რომ პრობლემები ბავშვთა კვების სფეროში გაცილებით მეტია, ვიდრე უვნებლობის პარამეტრები. მისი თქმით, პრობლემაა ეტიკეტთან დაკავშირებითაც, რის გამოც მომხმარებელს არ აქვს ინფორმირების საშუალება.
"ხშირ შემთხვევაში, მომხმარებელმა არ იცის პროდუქტის ინგრედიენტების შემცველობის შესახებაც. მაგალითად, შაქარი და მარილი ბავშვთა კვებაში გამოიყენება დოზირებით, რომელიც აუცილებლად ნორმირებულია. წესით, შესაბამისი ინფორმაცია ეტიკეტზე უნდა იყოს აღნიშნული.
ევროკავშირის ქვეყნებში ბავშვთა კვების დღის რაციონში მარილისა და შაქრის გამოყენების რაოდენობა მკაცრად განსაზღვრულია. საქართველოში ასე არ ხდება. ერთიც და მეორეც თითქოსდა უვნებელი ინგრედიენტია, მაგრამ სერიოზულად შეიძლება დააზიანოს ბავშვის ჯანმრთელობა და გახდეს ფარისებრთა ჯირკვლის დაავადების გამომწვევი მიზეზი.
ხშირად ისმის მომხმარებელთა საჩივარი, რომ პროდუქტს ამა თუ იმ ნივთიერების შემცველობა სრულად არ აწერია, არ აქვთ ინფორმაცია, რა შეიძლება იყოს ბავშვისთვის ალერგიის გამომწვევი. ამაზე არაფერია აღნიშნული ეტიკეტზე, რომელიც უნდა იყოს სრულყოფილი და ყველა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ინფორმაცია ამომწურავად დაფიქსირდეს", - აცხადებს კოიძე და დასძენს, რომ საქართველოში არ არსებობს ცალსახა კვლევა, რომელიც ბავშვთა კვებაში გენმოდიფიცირებული პროდუქტის არსებობას დააფიქსირებს.
"არც ბავშვთა კვებასა და არც ზრდასრული ადამიანის საკვებში ასეთი ინგრედიენტების რაოდენობა არ ნორმირდება. მარკირებას კანონი არ ითხოვს და სრულ ინფორმაციას არც მომხმარებელი ფლობს. ვერ გეტყვით, შემოდის თუ არა გენმოდიფიცირებული საკვები, არ არსებობს ცალსახა კვლევა, რითაც ამა თუ იმ პროდუქტის მავნებლობა თუ უვნებლობა დაზუსტდება. აუცილებელია, მომხმარებელი რისკის შესახებ იყოს ინფორმირებული და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტს, გამოიყენებს თუ არა ის გენმდიფიცირებულ პროდუქტს კვების რაციონში", - აცხადებს კოიძე.
სურსათის უვნებლობის სამსახურში განმარტავენ, რომ ბავშვთა საკვები პროდუქტები მხოლოდ მონიტორინგის ფარგლებში კონტროლდება, ამ დრომდე კი დარღვევა არ დაფიქსირებულა.
"სურსათის უვნებლობისა და ხარისხის" შესახებ კანონში შესული ცვლილებებით, გასული წლის 3 იანვრიდან აღდგა საწარმოების სახელმწიფო კონტროლი. სურსათის ეროვნული სააგენტო ეტაპობრივად ახორციელებს მაღალი რისკის საწარმოებისა და კვების ობიექტების შემოწმებას. პარალელურად, ხორციელდება საცალო ვაჭრობის ობიექტების (მაღაზიები, სუპერმარკეტები, ბაზრობები, საწყობები) მონიტორინგი. ამ ეტაპზე შერჩეულია 200-მდე მაღალი რისკის საწარმო, რომელთა შემოწმება ეტაპობრივად განხორციელდება", - აცხადებენ უვნებლობის სამსახურში.
მწვანეთა მოძრაობის თანათავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის აზრით, უცხოურ კომპანიებში არსებული მკაცრი კონტროლი ქართული ბაზრის დაცვის გარანტი არ არის. მისი თქმით, ქართული ბაზარი გენმოდიფიცირებული საბავშვო საკვებისგან დაცული არ არის და გარანტია მხოლოდ მწარმოებელი კომპანიების მიერ ხარისხის კონტროლია.
"ცივილიზებულ ქვეყნებში, შესაძლოა, გენმოდიფიცირებული პროდუქცია დაშვებული იყოს (შესაბამისი ეტიკეტირებით), თუმცა ბავშვთა კვებაში ასეთი კომპონენტების გამოყენება იქ კანონით აკრძალულია.
მიუხედავად იმისა, რომ საქმე ბავშვების ჯანმრთელობას ეხება, საქართველოში ბავშვთა საკვებში გენმოდიფიცირებული პროდუქციის შემცველობის მხრივ არავითარი განსაკუთრებული სტანდარტი ან შეზღუდვები არ არსებობს და მასზე იგივე კანონები ვრცელდება, რაც ჩვეულებრივ პროდუქტზე.
საქართველოს უნდა ჰქონდეს ბიოუსაფრთხოების შესახებ კანონი, რომელიც იმ პროდუქციის ჩამონათვალს შეიცავს, რომელზეც შეზღუდვები იმოქმედებს. ძალიან ბევრ ქვეყანაში ბავშვთა პროდუქციის შემადგენლობა მკაცრადაა განსაზღვრული და მასში გენმოდიფიცირებული პროდუქციის გამოყენება აკრძალულია. ჩვენთან ამ მხრივ ბაზარი სრულიად დაუცველია", - აცხადებს ნინო ჩხობაძე.