ექსკლუზიური ინტერვიუ ,,ქართული ოცნების'' აღმასრულებელ მდივანთან
ამბობს, რომ აკეთებს ყველაზე ბევრ და ყველაზე ცოტა საქმეს კოალიციაში. პირველად ბიძინა ივანიშვილი 21 იანვარს გაიცნო და ვერც წარმოიდგინა, რომ მოძრაობა ,,ქართული ოცნების'' ეკონომიკური ჯგუფის ხელმძღვანელი კი არა, ოთხპარტიული კოალიცია ,,ქართული ოცნების'' პოლიტსაბჭოს აღმასრულებელი მდივანი იქნებოდა. ასაიდუმლოებს, ვინ დააკავშირა ივანიშვილთან, არ სურს საუბარი ყოფილ პარტიასა და მისი და ნინო ბურჯანაძის ურთიერთობებზე. გამორიცხავს ყოველგვარ ურთიერთობას ძველ და ახალ პარტიებს შორის და მტკიცედ გადაწყვიტა, ისე რომ ეკონომიკას არ მოწყდეს, პოლიტიკაზეც აქტიურად გადაერთოს. ,,ვერსია'' ნოდარ ხადურს ესაუბრება, რომელიც ერთ-ერთია, ერთადერთი თუ არა, ვისაც ივანიშვილის ფრონტში აღმოჩენამდე სერიოზული პოლიტიკური გამოცდილება ჰქონდა:
- ჩემ პოლიტიკურ წარსულს თუ გადავხედავთ, ეკონომისტი უფრო ვიყავი, ვიდრე პოლიტიკოსი. მიმდინარე წლის თებერვლამდე ვერ ნახავთ ჩემ მიერ გაკეთებულ ვერ ცერთ პოლიტიკურ განცხადებას. ბევრი მიზეზის გამო, ჩემი თავისთვის ამის უფლება არ მიმიცია.
- ნინო ბურჯანაძემდე ზურაბ ნოღაიდელის გუნდში ყოფნა პოლიტიკურ გამოცდილებაში არ გეთვლებათ?
- არა, მის გუნდში არ ვიყავი. როცა ბატონი ნოღაიდელი მეორედ დაინიშნა მინისტრად, უკვე ვიყავი მინისტრის მოადგილე და ერთად სამი თვე ვიმუშავეთ. არასდროს მიგრძვნია თავი მისი გუნდის წევრად და ალბათ, არც მას. არც მის პარტიაში ვყოფილვარ. პრაქტიკულად, ვერ ნახავთ ჩემ ვერც ერთ პოლიტიკურ განაცხადს ნინო ბურჯანაძის პარტიაში ყოფნისასაც, თუმცა, ცხადია, როცა პარტიაში ხარ, ე.ი. ხარ პოლიტიკოსი და იზიარებ იმ პარტიის ხედვას. ,,ქართულ ოცნებაში'' კი უკვე მქონდა პოლიტიკური შეფერილობის რამდენიმე განცხადება და კიდევ მექნება.
- ნინო ბურჯანაძესაც ჰქონდა პოლიტიკური შეფერილობის შეფასება და მეტი ვაჟკაცობისკენ მოგიწოდათ მისი პარტიიდან წასვლის მიზეზებზე საუბრისას. რა მოხდა ასეთი, თან ამბობთ, რომ ეს ივანიშვილის გამოჩენის გამო არ გაგიკეთებიათ?
- ჩემი და ქალბატონი ნინოს ურთიერთობა ნამდვილად არ მგონია ისეთი მნიშვნელობის, ამაზე პრესაში ვისაუბრო. ჩვენთან უიშვიათესია ადამიანი, ვინც დღეს პოლიტიკაშია და ადრე სხვა პარტიაში არ ყოფილა. ასეთი, ალბათ, არც არავინაა, ბიძინა ივანიშვილის გარდა.
- ახლავე დაგისახელებთ თქვენივე პარტიის წევრებს, თამაზ ავდალიანი, გურამ ოდიშარია... თქვენ კი ყოფილ პარტიაზე განმარტება უნდა გააკეთოთ, მით უმეტეს, იქიდან იანვარში წამოხვედით და რამდენიმე დღეში უკვე ივანიშვილთან აღმოჩნდით. მანამდე ურთიერთობა არ გქონიათ?
- ჰო, მე ჩამოთვლილთა რიცხვში არ ვარ, ეგრეა. ოფიციალურად, ნინო ბურჯანაძის პარტიიდან 9 იანვარს წამოვედი. ბიძინა ივანიშვილი გავიცანი 21 იანვარს. ჩვენ ფიზიკურად ამ დღეს პირველად შევხვდით, მანამდე არავითარი მოლაპარაკება არ გვქონია. ძალიან დიდი ხნის წინ მივიღე გადაწყვეტილება, პოლიტიკიდან საერთოდ წავსულიყავი და ეკონომისტად დავრჩენილიყავი, რადგან არცთუ ცუდი პროფესორი ვარ და ეს ძალიან მსიამოვნებს. ბურჯანაძესთან არავითარი პიროვნული გაუგებრობა არ მქონია. მოდით, შევწყვიტოთ ახლა ჩემი და ქალბატონი ნინოს თემაზე საუბარი და უფრო საჭირბოროტო საკითხებზე გადავიდეთ.
- ოდესღაც ეს თემა ხომ უნდა დაიხუროს?
- ეს თემა არ დაიხურება! არაა ლამაზი ჩემი მხრიდან, გაზეთში ვისაუბრო, რატომ ვარ ერთ და არა მეორე პარტიაში. სწორი გადაწყვეტილება მივიღე, როცა ბურჯანაძისგან წამოვედი, მე მართალი ვიყავი! თან ვიდრე ივანიშვილის გუნდში მიხილავდით, დიდი პაუზა მქონდა, 9 თვე არ მივსულვარ ბურჯანაძესთან. 21 იანვარს, ასე ვთქვათ, პოლიტიკაში დავბრუნდი.
- ახლა მარწმუნებთ, რომ 21 იანვარს პირველად შეხვდით ივანიშვილს და უეცრად, ოთხპარტიულ კოალიციაში მეორე კაცი გახდით? როგორ დაუკავშირდით ერთმანეთს?
- მადლობთ, კარგად! არა, მეორე კაცი არ ვარ, საერთოდ, ასე დანომრვა არასწორი მგონია. ვერც იმას გეტყვით, ვინ მიშუამდგომლა, თუ ივანიშვილის სურვილი გადმომცა _ ეს სახელმწიფო საიდუმლოებაა. იმ შეხვედრას სამი ადამიანი ესწრებოდა, მე, ბატონი ბიძინა და კაცი, რომელმაც შეგვახვედრა. ჩამოვყალიბდით რაღაც მონახაზზე, ორ-სამ დღეში კიდევ შევხვდით და მივიღეთ გადაწყვეტილება. უბრალოდ, არის რაღაცები, რისი თქმაც არ მინდა - 21 იანვარს კიდევ ერთხელ გავხდი პოლიტიკოსი და ყველაფერი აღარ უნდა ვილაპარაკო. პირველი შეხვედრის მერე ვფიქრობდი, როგორც ეკონომისტი, გუნდში ისე ვჭირდებოდი, მაგრამ მერე გავარკვიე, რომ ეკონომიკასთან, ცოტა არ იყოს, გვერდით მომიწევს ყოფნა.
- ანუ, უკვე ბოლომდე ,,გაპოლიტიკოსებული'' იყავით, როცა სახალხო კრებასა და ივანიშვილს შორის შედგა შეხვედრა. რა მოლაპარაკებები მიდის ახლა ბურჯანაძე-ივანიშვილის პარტიებს შორის და თქვენ რა როლს თამაშობთ ამ პროცესში?
- ამ შეხვედრას არ ვესწრებოდი. ჯერ ერთი, სახალხო კრებაში არათუ არ ვიყავი, მისი ოფისიც კი არ ვიცოდი, სად იყო. ,,დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო'', ხომ ასე ჰქვია? მოკლედ, ნინო ბურჯანაძის პარტიასთან ,,ქართულ ოცნებას'' ურთიერთობა არ აქვს. შესაბამისად, იმაში, რაც არ არსებობს, მე ვერავითარ როლს ვერ შევასრულებ!
- თქვენ რა, თქვენივე პარტიის სახელი გავიწყდებათ? შეუძლებელია, არაფერი ხდებოდეს, რადგან ბურჯანაძის პარტია დუმს და ივანიშვილის გადაწყვეტილებას ელოდება.
- შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა - ,,ქართულ ოცნებასა'' და ბურჯანაძის პარტიას შორის არანაირი ურთიერთობა არ არის! ბატონ ბიძინას კოალიციის კარი ნამდვილი ოპოზიციური ძალებისთვის არ დაუხურავს. იქვე ითქვა, რომ არის ორი პარტია, ვისაც ხელისუფლებასთან გარიგებას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ, მაგრამ კურსისა და განსხვავებული ფასეულობების გამო მათთან თანამშრომლობა შეუძლებლად მიგვაჩნია. ჩემ პიროვნულ ურთიერთობებს რაც შეეხება, ქალბატონ ნინოსთან საერთოდ კავშირი არ მაქვს, ზოგიერთ ძველ მეგობარს პარტიიდან კი ვეკონტაქტები ,,ფეისბუქის'' დონეზე. ეს არაფერს ცვლის პოლიტიკურ ურთიერთობებში.
- თქვენ რას ცვლით თქვენი საკმაოდ მაღალი პოსტით კოალიციაში?
- იმით დავიწყოთ, რომ საკუთარი კაბინეტიც არ მაქვს. ,,ნაჩალნიკი'' არ ვარ. იმასაც გეტყვით, რომ მე არ ვმუშაობ რეგიონული სტრუქტურების ჩამოყალიბებაზე, ეს ცალსახა ფაქტია. მე ვარ კოალიციის აღმასრულებელი მდივანი და ძალიან ბევრი საქმეც მაქვს. უზომოდ დაღლილი ვარ-ხოლმე, დამატებითი ფუნქციები ნამდვილად არ მჭირდება.
- ჯერ თქვენი კონკრეტული ფუნქციაც ძნელად გასაგებია კოალიციაში. ჩამომითვალეთ, რა გევალებათ?
- ასე ძალიან რთული სათქმელია, ახლა ისაზღვრება ყველა ადამიანის ფუნქცია, ვინც აქაა. ბევრ რამეს ვაკეთებ - დაწყებული იმით, რომ კოალიციის ფორმირებაზე ვმუშაობ, დასრულებული, ფაქტობრივად, ყოველდღიური შეხვედრებით მოქალაქეებთან. ეს ე.წ. მიღება დღეში 3-4 საათს გრძელდება. გარდა ამისა, მიწევს პოლიტსაბჭოს სხდომების მომზადება, გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლი. მოკლედ, ბევრი მიმდინარე რუტინული საკითხია. თუმცა, ეს კრეატიულ თემებზე მუშაობასაც არ გამორიცხავს, თუნდაც ეკონომიკაში. ვიცი, ბევრი ხმა დადის, დაახლოებით ისეთი სიტუაციაა, ბერნარდ შოუმ რომ თქვა, ხმები ჩემი გარდაცვალების შესახებ ცოტა გადაჭარბებულიაო. ანალოგიური მდგომარეობაა რა - კოალიციაში მიმდინარეობს სჯა-ბაასი, კამათი, მაგრამ არანაირი ჩხუბი და გამიშვი-გამატარე აქ არაა. რაკი ივანიშვილის გუნდში ვარ, ეს უკვე მის ჩემდამი ნდობაზე მეტყველებს.
- ალბათ, იმაზე ცოტა მეტადაც გენდობათ, ვიდრე სხვა თანაგუნდელებს, თუ ვაზვიადებ?
- არ ვიცი, აზვიადებთ თუ ანოდარებთ, მაგრამ ფაქტია, ნდობა არის. თუმცა უამრავი ჭორი ვრცელდება კოალიციაში სიტუაციის დასაძაბად.
- მათ შორის, ჭორი თქვენი და ივანიშვილის ძმის, ადიკო ივანიშვილის შესახებ. თურმე, ერთად ,,ბრაკავთ'' თქვენთვის არასასურველ ლიდერებს ,,ქართული ოცნების'' რეგიონულ ოფისებში. ასეა?
- ადიკო ივანიშვილი არ მინახავს არასდროს! მასთან ტელეფონზე არასდროს მისაუბრია, მისგან არასდროს არანაირი ,,სიები'' არ მიმიღია! ორი ტელეფონის ნომერი მაქვს და გაძლევთ უფლებას, ამოიღოთ ამონაწერები და ნახოთ, ვინ მირეკავს და ვინ არა! ბატონი ბიძინას ოჯახის არც ერთ წევრს არ ვიცნობ.
- თქვენ გამო დატოვა მამუკა არეშიძემ ,,ქართული ოცნება''? ბუნებრივია, ახლა იტყვით, რომ არ დაუტოვებია და რომელიღაც ჯგუფის ქვეჯგუფშია გადაყვანილი, სწორედ ამაში ვგულისხმობ დატოვებას.
- გასულ კვირას ბატონმა მამუკამ ჩაატარა თემატური პრეზენტაცია და როგორ ფიქრობთ, ,,დატოვებული'' მოვიყვანეთ უკან? ბატონი მამუკა, ზოგადად, ორჯერ თუ სამჯერ მყავს ნანახი. არ ვარ მე ის კაცი... მართლა არ ვარ, მაბრალებენ, ბატონო. მასთან ურთიერთობაში არანაირი პრობლემა არ მაქვს და ახლავე აგიხსნით სიტუაციას - კანონიც ასე მოითხოვს, რომ ერთმანეთისგან გაიმიჯნოს პარტია და საზოგადოებრივი მოძრაობა. არ შეიძლება, ის ხალხი, ვინც საზოგადოებრივ მოძრაობაშია, პარტიული მშენებლობით დაკავდეს. ანუ, არეშიძე ამაში აღარ მონაწილეობს.
- და როგორც პოლიტსაბჭოს წევრსა და აღმასრულებელს, არც იმაზე გაქვთ ინფორმაცია, როგორ მიდის სხვა პარტიის წევრების გადაბირება ,,ოცნებაში'' და არც იმაზე, რომ რეგიონებში ,,ქართული ოცნების'' ოფისები კი არ იხსნება, ალასანია-უსუფაშვილის უკვე არსებული ოფისები ძლიერდება ივანიშვილის ფინანსებით?
- არავის გადაბირება არ მიდის. შეგიძლიათ, ერთი დღე გაჩერდეთ მიღების დროს და ნახოთ, როგორ ხდება ხალხის ,,გადაბირება''. ხალხს აქვს სურვილი, იყოს ჩვენ პარტიაში და, შესაძლოა, მათ შორის ისეთებიც იყვნენ, ვინც სხვა პარტიაშია. ეს მათი არჩევანი და ბუნებრივი პროცესია. თან ჯერ ჩვენი პარტია არ არსებობს, ახლა ვადგენთ წესდებას, მათ შორის, იმ მიმართულებასაც, როგორ შეიძლება გახდეს ადამიანი ჩვენი პარტიის წევრი. ახლა რაც შეეხება რეგიონულ ოფისებს, კოალიცია მოიცავს 4 პოლიტიკურ სუბიექტს და უკაცრავად, ერთ კოალიციას რატომ უნდა ჰქონდეს 5 ოფისი?
- უკაცრავად, ვინმე გაძლევთ გარანტიას, რომ ეს არაა თქვენი რესურსების გამოყენების მცდელობა და მას მერე, რაც ივანიშვილის რეიტინგსჩაბმულები პარლამენტში შევლენ, არ მიგატოვებენ?
- სწორედ იმის გამო, რომ ასეთი სცენარით არ განვითარდეს მოვლენები, ვაკეთებთ შემდეგს: ვაყალიბებთ არა რომელიმე პარტიის, არამედ ერთიანი კოალიციის სტრუქტურას. კარგად ვიცით, ჩვენი პარტნიორების ძალები, ადამიანურიც, ინტელექტუალურიც, რაც ნამდვილად არ დაეწუნებათ. ბატონი ბიძინა წარმატებული ბიზნესმენია და ის ქმნის ისეთ სტრუქურას, რომ კოალიცია სიცოცხლისუნარიანი, მინიმუმ, ერთი საარჩევნო ციკლის მანძილზე მაინც იყოს. ამ დროის მანძილზე კი, ბევრი რამ გამოჩნდება და, შესაძლოა, კოალიცია კიდევ უფრო გაფართოვდეს.
- ან დაიშალოს.
- რატომ უნდა დაიშალოს? არ ვფიქრობთ, რომ ვიღაც გვიღალატებს. ცუდზე საერთოდ არ ვფიქრობთ, ესაა ჩვენი ქართული ოცნება, რომ პარტნიორებზე ცუდი ვიფიქროთ? ამის წინაპირობა არ არსებობს. მოდით, ექსპერიმენტი ჩავატაროთ, იყურეთ უკან და წინ ისე იარეთ, პირველივე მოსახვევში წაიქცევით!
- სამაგიეროდ, დამაჯერებელი ,,უკანაპირობა'' არსებობს და ეს თქვენ კოალიციაში შეამავალ ალასანია-უსუფაშვილის პარტიებს უკავშირდება. მათ ,,დამშლებებსაც'' უწოდებენ.
- უკანაპირობებს თავი დავანებოთ, ცუდზე საუბარი არ მინდა. და გავიხსენოთ, ალიანსში უფროსი ვინ იყო _ ალასანია. ახლა ვინაა _ ივანიშვილი. მეთანხმებით? მადლობთ. ივანიშვილს აქვს ძალიან კარგი მენეჯერული უნარ-ჩვევები. საქმე ისე სულაც არაა, რომ აქ რაღაც ასტრონომიული თანხები დაიხარჯება და მერე ამ თანხებით ვიღაც იხეირებს. ჩვენ ერთმანეთთან საკინკლაოდ არ მოვდივართ. წინ ბევრი ამოცანაა: 1. პარტიის სტრუქტურულად ჩამოყალიბება, 2. კოალიციის სრულფასოვნად ჩამოყალიბება, 3. რეგიონული ოფისების ამოქმედება მთელი ქვეყნის მასშტაბით. სხვათა შორის, უკვე 10 ოფისზე მეტი გვაქვს და მარტის ბოლოს 73 გვექნება, 4. ყველა ადამიანთან მისვლა და საუბარი, 5. ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალის შექმნა, 6. მეექვსესაც რაღაცას გეტყვით, 7. გამარჯვება.
- და რამდენი დრო და ფული უნდა ამას?
- ფული, არაუმეტეს, 40 000 ლარისა და დრო -არაუმეტეს, ოქტომბრამდე. ამისკენ ძალიან აქტიურად და გეგმაზომიერად მივდივართ.