საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო რეიტინგებიც ღალატობს. გამოცემა “ბლუმბერგმა” მსოფლიო მასშტაბით ჩაატარა კვლევა, რომელმაც 160 სახელმწიფოდან ბიზნესის დაწყებისთვის საუკეთესო 50 ქვეყანა გამოავლინა. რეიტინგში “საუკეთესო ქვეყანა ბიზნესისთვის” პირველ ადგილზე ჰონგ-კონგია. რეიტინგის მიხედვით მეორე პოზიციაზე ჰოლანდიაა. მას მოსდევს აშშ, გაერთიანებული სამეფო და ავსტრალია.
ოცეულში არიან გერმანია, იაპონია, საფრანგეთი, ავსტრია და სინგაპური, შვეიცარია, კანადა, ბელგია, შვედეთი, ლუქსემბურგი ,ფინეთი, დანია, ნორვეგია, ჩინეთი, იტალია. სულ სიაში 50ქვეყანაა წარმოდგენილი, თუმცა მათ შორის საქართველო არ ფიგურირებს. რეიტინგში მოხვდა ბალტიისპირეთის ქვეყნები,თურქეთი, უკრაინა, რუსეთი.
რეიტინგი ექვსი ფაქტორის გათვალისწინებით შედგა, მათ შორის:ეკონომიკური ინტეგრაციის ხარისხი; ბიზნესის წამოწყების ღირებულება; სამუშაო ძალის და ნედლეულის ფასი; საქონლის ტრანსპორტირების ღირებულება; ადგილობრივი სამომხმარებლო ბაზრის მზადყოფნა, ნაკლები მატერიალური დანახარჯები.
არადა, შარშან მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ”დუინგ ბიზნეს-2011”-ის წლის მოხსენებაში საქართველო, ბიზნესის წარმოების სიმარტივის თვალსაზრისით, მსოფლიოს 183 ქვეყანას შორის მე-12 ადგილზე დასახელდა. მსოფლიო ბანკის კვლევა 9კრიტერიუმისგან შედგებოდა.
ექსპერტების განმარტებით, მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგი არა ბიზნესის კეთების, არამედ ბიზნესის დაწყების სიმარტივეს გულისხმობს. ლევან კალანადაძე სავსებით ლოგიკურად მიიჩნევს, რომ საქართველო “ბლუმბერგის” რეიტინგში ვერ მოხვდა. კალანდაძის თქმით, საქართველოში ბიზნესის დაწყება მარტვია, თუმცა მისი კეთების თვალსაზრისით საქართველოში ჯერკიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი.
“საქართველოში ბიზნესის დაწყებისთვის გამარტივებულია პროცედურები და მსოფლიო რეიტინგით საქართველო მეთორემეტე ადგილას არის, მაგრამ თვითონ ბიზნესის კეთების თვალსაზრისით საქართველოში ჯერ ძალიან ბევრია გასაკეთებელი. ის ადმინისტრაციული წნეხი, რაც საგადასახადო კანონმდებლობის სახით არსებობს, ქონების ხელშეუხებლობისა და კერძო საკუთრების დაცვის საკითხები, ქვეყანაში გაუმართავი სასამართლო სისტემა (რომელიც უზრუნველოყოფს ბიზნესის გრძელვადიან დაგეგმვასა და ბიზნესი სწარმატებულ განხორციელებას ქვეყანაში) ეს ყველა საკითხი ჯერ კიდევ დასარეგულირებელია, რომელიც საბოლოო ჯამში აისახება ბიზნესის კეთების სიმარტივის მაჩვენებელზე. საქართველოში სერიოზული პრობლემებია და სავსებით ლოგიკური იყო, რომ საქართველო ვერ მოხვდა ამ ქვეყნების ჩამონათვალში”, - აცხადებსკალანდაძე.
საქართველო ბიზნესის დაწყების სიმარტივით უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის რუსეთი, უკრაინა, თუმცა ბიზნესის კეთების თვალსაზრისით საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჩატარებული კვლევების მიხედვით პრობლემურ ქვეყანად არის აღქმული.
“ბლუმბერგი” არის საკმაოდ კომპეტენტური ორგანო იმისთვის,რომ ქართულმა საზოგადოებამ ეჭვი არ შეიტანოს მის ობიექტურობაში და მიუკერძოებლობაში. ჩვენი ხელისუფლებას არაერთხელ სარგებლობდა და თავს იწონებდა ამა თუ იმ რეიტინგით, რომელსაც ეს ორგანო აქვეყენებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის ბიზნესის კეთების რეიტინგი და არა ბიზნესის დაწყების რეიტინგი.
ბიზნესის დაწყების რეიტინგში ჩვენ მართლაც მოწინავე ადგილას ვიმყოფებით, მაგრამ ბიზნესის კეთების რეიტინგით საქართველო ყოველთვის აღიარებული იყო საერთაშორისო ორგანიზაციების და არაერთი კვლევის მიხედვით პრობლემურ ქვეყანად”, - აღნიშნავს კალანდაძე.
ექსპერტი დავით ნარმანიაც ამბობს, რომ საქართველოში ბიზნესის დაწყება მარტივია, მაგრამ იმავდრროულად მისი დაკარგვაც ისევე მარტივია, როგორც დაწყება.
“საქართველოში ბიზნესის დაწყება ძალიან მარტივია, მაგრამ ბიზნესის კეთება არის რთული. ჩვენთან ძალიან მარტივად შეძლებთ კომპანიის რეგისტრაციას, მაგრამ ძალიან მკაცრი და რთულია საგასადახადო კოდექსის ადმინისტრაციული ნაწილი, კომპანიებს დიდი დრო ეხარჯებათ საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობაზე; ხშირია დაჯარიმებების, კომპანიების დალუქვებისა და ბიზნესმენების დაჭერის ფაქტები, რაც ბიზნესგარემოზე ძალიან ცუდად მოქმედებს”,- ამბობს ნარმანია.
პრობლემაა ისიც, რომ სახელმწიფო ბიზნესთან მიმართებაში ყოველთვის მართალია და ნებისმიერ დროს შეუძლია კომპანიაში დარღვევა აღმოაჩინოს. არ არსებობს კერძო არბიტრაჟების ინსტიტუტი, რომელიც უფრო აქტიურად დაიცავს ბიზნესის ინტერესებს, არის ბიზნესმენებზე ზეწოლისა და საკუთრების ჩამორთმევის ფაქტებიც.