ძალიან ცოტა ქალს უხელმძღვანელია მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიისათვის. ამგვარი ლინდა ვაჩნერი გახლავთ, რომელიც გასული საუკუნის ბოლოს ამერიკის ყველაზე წარმატებულ საქმიან ქალად დაასახელეს. იგი მართლაც პირველი კლასის ხელმძღვანელია, პირველი ქალი, რომელმაც კომპანია ურთულესი კონკურენციის პირობებში ჩაიბარა, მისი პერეორიენტირება განახორციელა, ააყვავა და ბაზარი დაიპყრო.
მიზანსწრაფული გოგონა
ლინდა ჯოი ვაჩნერი დაიბადა 1946 წლის 3 თებერვალს ნიუ იორკში ტყავით მოვაჭრე ებრაელ ემიგრანტთა ოჯახში. 11 წლის იყო, როცა სკოლაში კლასელმა სკამი გამოაცალა. ამ შემთხვევამ მთელი მისი ცხოვრება შეცვალა. გოგონამ ხერხემალზე უმძიმესი ოპერაცია გადაიტანა და მთელი 2 წლის განმავლობაში თაბაშირში შეფუთული იწვა.
ამ ხნის მანძილზე იგი გამუდმებით მომავალზე ფიქრობდა, სწორედ მაშინ ჩამოუყალიბდა მიზანსწრაფული ხასიათი. სკოლის დამთავრების შემდეგ ბუფალოს სახელმწიფო კოლეჯში ჩააბარა, სადაც საქმიან ადმინისტრირებას სწავლობდა. პარალელურად, იგი ნიუ იორკის უნივერმაღში გამყიდველად მუშაობდა, იყო გამოცდებზე კურატორიც. გარდა ამისა, აქტიური გოგონა თავისუფალ დროს
ჩოგბურთს თამაშობდა და თხილამურებით სრიალებდა.
ლინდამ კოლეჯი 20 წლის ასაკში ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა და 1966 წელს თავისი კარიერა საფეიქრო მრეწველობის საცალო ვაჭრობის სფეროში დაიწყო. გოგონა ბავშვობაში დასახული მიზნის - საკუთარი კომპანიის ხელმძღვანელობის მიღწევაზე ოცნებობდა.
შეიძლება ითქვას, ლინდამ ნულიდან დაიწყო. იგი ბაზრის შემსწავლელთა წარმომადგენელი იყო და კვირაში მხოლოდ 90 დოლარს უხდიდნენ. თუმცა, ეს ძალზე მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო, რადგან იგი საკუთარი თვალით აკვირდებოდა ყიდვა-გაყიდვის საბოლოო, ყველაზე კრიტიკულ მომენტს. თავის პირველ სამუშაოზე ლინდამ დახვეწა მყიდველთა გამოკითხვის ტექნიკა და ისწავლა იმის გაგება, თუ რატომ იყიდება ესა თუ ის საქონელი კარგად კონკრეტულ მომენტში.
1969 წელს ლინდა უნივერმაღების ქსელის მფლობელ კომპანია Macy'ს-ში გადავიდა. იქ მან ძალიან ცოტა ხანს იმუშავა და ფირმა Warnaco-ს მიწვევა მიიღო.
მიღწეული მიზანი
1975 წელს ლინდა ვაჩნერი Warnaco-ს არსებობის ასწლიან ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი გახდა. თუმცა, კომპანიის პრეზიდენტმა, მილოცვასთან ერთად უთხრა, რომ მეტის იმედი არ უნდა ჰქონოდა. ცხადია, ამგვარ განცხადებას ვაჩნერი ვერ შეეგუებოდა. მან 11 წლის შემდეგ შური იძია, როცა მკაცრი კონკურენციის პირობებში კომპანიის მფლობელი და ხელმძღვანელი გახდა.
1979 წელს 33 წლის ვაჩნერმა Warnaco მიატოვა და ფირმა Max Factor-ის ამერიკული განყოფილების პრეზიდენტად დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ ეს ეგზომ ახალგაზრდა მენეჯერისათვის მრავალმილიონიან კომპანიაში საპასუხისმგებლო პოსტის დაკავების უპრეცედენტო შემთხვევა იყო. თანაც, მას ხომ პრეზიდენტობის გამოცდილება არ ჰქონდა.
ეს პოსტი ლინდასათვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო, Max Factor კრიზისს განიცდიდა და რამდენიმე წლის განმავლობაში წაგებაზე მუშაობდა. ვაჩნერმა მუშაობის პირველსავე წელს მოახერხა ვარდნის შეჩერება, მომდევნო წელს კი კომპანიამ უკვე მოგება მოიტანა. ამას მან მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებით მიაღწია. რაც მთავარია, თავად ლინდამ მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელობის ძვირფასი გამოცდილება მიიღო.
ცხადია, იგი კვლავინდებურად საკუთარ კომპანიაზე ოცნებობდა. ეს ოცნება 1984 წელს აუსრულდა, როცა Max Factor-მა ფირმის შესაძენად საბრუნი კაპიტალის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მაგრამ დირექტორთა საბჭო შოკში ჩააგდო იმ ფაქტმა, რომ ვაჩნერმა ამისათვის 280 მილიონი დოლარი ნიუ იორკული საინვესტიციო ფონდის ანგარიშიდან მოხსნა. საბოლოოდ, საბჭომ გადაწყვეტილება შეცვალა, ვაჩნერი კი გადადგა და გადაწყვიტა ეს ოპერაცია მარტოს დაესრულებინა და აქციების საკონტროლო პაკეტი შეეძინა.
ვაჩნერმა და საინვესტიციო ჯგუფმა ფირმა Revlon-ის შესაძენად 905 მილიონი დოლარის მობილიზება მოახერხეს, მაგრამ ბოლო მომენტში მილიარდერმა რონალდ პელმენმა მეტი გადაიხადა და ლინდა ხახამშრალი დატოვა. ჩვენი გმირი არ დანებდა და საინვესტიციო-საბანკო ფირმა Drexel Burnum Lambert კომპანია Warnaco-ს, რომლის ვიცე-პრეზიდენტიც თავის დროზე გახლდათ, შეძენაში დაარწმუნა.
ეს უპრეცედენტო გარიგება გახლდათ. პირველად მსოფლიო ბიზნესის ისტორიაში ეგზომ მსხვილი კომპანია ქალმა შეიძინა. ვაჩნერმა საქმეს ხელი გულმოდგინედ მოკიდა და შემდგომი 5 წლის განმავლობაში პროდუქციის ბრუნვა 30 პროცენტით, შემოსავალი კი 145 პროცენტით გაზარდა. ასე გაგრძელდა შემდეგშიც, ვაჩნერის გენიალური ბიზნეს-ალღოს წყალობით კომპანია გამუდმებით იფურჩქნება, იზრდება თავად ბიზნეს-ლედის პირადი კაპიტალიც, რომელმაც მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
ლინდა ვაჩნერისათვის კარიერა ყოველთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანი იყო. 27 წლის იყო, როცა Max Factor-იდან თავის პარტნიორზე, 59 წლის სეიმურ აპეალბაუმზე დაქორწინდა. იგი იყო მისი სიყვარული, დამრიგებელი და ნდობით აღჭურვილი პირი. 1983 წელს ლინდა დაქვრივდა და მტკიცედ გადაწყვიტა, შემდგომში თავისი ცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესისათვის მიეძღვნა.