კომპანიები BP, ExxonMobil და ConocoPhillips ალიასკაზე ახალი გაზსადენის გაყვანას გეგმავენ. პროექტის ღირებულება სარეკორდო 40-50 მილიარდი დოლარი გახლავთ. მაგრამ, ანალიტიკოსთა აზრით, ის სტრატეგიული მიზანი, რომელსაც ეს გაზსადენი უნდა მოემსახუროს, რატომ მეტი არ ღირს. ამ გზით ამერიკელები აპირებენ ბუნებრივი აირით აზიის რეგიონი მოამარაგონ და ამ ბაზარზე რუსეთის ჰეგემონიას, რაც თანდათანობით რეალური ხდება, სერიოზული კონკურენცია გაუწიონ.
გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის სახელისუფლებო ორგანოები და სამი გიგანტი კომპანია გარკვეულ შეთანხმებას უახლოეს დღეებში მიაღწევს. ამჟამად კი განხილვის საგანი გაზის საბადო პოინტ ტომსონის ბედ-იღბალი გახლავთ, რომელიც ალიასკას ჩრდილოეთით მდებარეობს.
ამის შემდეგ კომპანიები აპირებენ განახორციელონ გაზსადენის კომერციული შეფასება, რომელიც ალიასკის სამხრეთ სანაპირომდე უნდა გადაიჭიმოს. იქედან კი ბუნებრივი აირი უკვე ჩინეთს და აზიის სხვა ქვეყნებს მიეწოდება. ალიასკის გუბერნატორის შონ პარნელის თქმით, პროექტი ძლიერ პერსპექტიულია და ამ იდეას განხორციელება ნამდვილად უწერია.
ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი შეიძლება ის იყოს, რომ აშშ-ს სახელმწიფო ჩინოვნიკები ბოლო დროს გაზმომპოვებელ კომპანიებთან კონფლიქტში იმყოფებიან. ჩინოვნიკთა აზრით, BP, ExxonMobil, ConocoPhillips და Chevron არ ჩქარობენ პოინტ ტომსონიდან გაზი და ნავთობი მოიპოვონ, არადა, ამის ნებრთვა ჯერ კიდევ 1977 წელს იქნა გაცემული. ბოლო დროს გაჟღერდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო აპირებს კომპანიებს ამ საბადოთი სარგებლობის უფლება ჩამოართვას.
აღსანიშნავია, რომ ახლო წარსულში BP და TransCanada ალიასკადან კანადაში გაზის ტრანსპორტირების პროექტზე მუშაობდნენ. მაგრამ ეს პროექტი კომერციულად მომგებიანად არ ჩაითვალა. რაც შეეხება თავად პოინტ ტომსონს, ამ საბადოში არსებული გაზის მარაგი 2,5 ტრილიონ კუბურ სანტიმეტრადაა შეფასებული.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ალიასკადან აზიაში გაზის ტრანსპორტირების გიგანტურ პროექტს ამერიკელები რუსეთისათვის კონკურენციის გაწევის მიზნით შეეჭიდნენ. როგორც ცნობილია, გასული წლის ზაფხულში გაზპრომის თავკაცმა ალექსეი მილერმა ამაყად განაცხადა, რომ რუსული გაზის კონცერნი უკვე მზად არის ჩინეთისაკენ გაზსადენი გაჭიმოს და ექსპორტს შეუდგეს. თანაც, საუბარია ორ, დასავლეთის და აღმოსავლეთის გაზსადენზე, რომ ჩინეთის საოცრად მზარდი ბაზრის დაკმაყოფილება სრულად მოხერხდეს. ამის შემდეგ რუსულმა და ჩინურმა მხარეებმა წინასწარ შეთანხმებასაც მიაღწიეს და, როგორც შემდგომში ცნობილი გახდა, შესათანხმებელი მხოლოდ ფასის საკითხი დარჩა.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ აზიის გაზის ბაზარზე რუსეთის შესაძლო ჰეგემონიის დამხობის მიზნით ამერიკელები ძალიან დიდ რისკზე მიდიან. საქმე ისაა, რომ ალიასკაზე გაზსადენის მშენებლობა უამრავ სირთულესთანაა დაკავშირებული. პირველ რიგში, ეს გახლავთ მძიმე ბუნებრივი პირობები და მომხმარებლებისაგან ძალიან დიდი მანძილით დაშორება. გამორიცხული არ არის, რომ მშენებლობისას წინასწარ განსაზღვრულზე მეტი ინვესტიციის განხორციელება გახდეს საჭირო. ამასთან, ჯერ კიდევ გაურკვეველია, შეძლებს თუ არა ალიასკური გაზი რუსულთან ფასის მხრივ კონკურენციის გაწევას.
ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რუსეთისათვის კონკურენციის გაწევის გარდა გრანდიოზული პროექტის წამოწყების მიზეზი კომპანიების მიერ პოინტ ტომსონის საბადოზე ლიცენზიის შენარჩუნების სურვილია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იმის გამო, რომ ეს საბადო კარგა ხანს უმოქმედოდ იყო, აშშ-ს მთავრობა კომპანიებს ლიცენზიის ჩამორთმევით დაემუქრა.
ასეა თუ ისე, რუსები უკვე დაფაცურდნენ და, როგორც არაოფიციალური წყაროები იტყობინება, სასწრაფოდ ჩინეთისაკენ გაზსადენის აგების დაჩქარება იქნა ნაბრძანები. თავისთავად ცხადია, რაც უფრო მალე შეძლებს გაზპრომი ჩინური ბაზრის დაპყრობას, მით უფრო გაუჭირდებათ ამერიკელებს კონკურენციის გაწევა. თუმცა, ის კი აშკარა ხდება, რომ იაპონური და სამხრეთ კორეული ბაზარი სწორედ ალიასკურ გაზს უნდა დარჩეს.