ნავთობს ომის შიში აძვირებს

ნავთობს ომის შიში აძვირებს

განთქმულმა ეკონომისტმა, თავის დროზე გლობალური კრიზისის წინასწარმეტყველებმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა ნურიელ რუბინმა თავისი აზრი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ძვირდება ნავთობი არსებული ეკონომიკური რეალობის შეუსაბამოდ. მისი თქმით, დღეს “შავი ოქროს” ფასის აღმასვლის მიზეზი ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შესაძლო საფრთხისადმი შიშია.


თანამედროვე მყიფე გლობალურ ეკონომიკას უამრავი რისკი ახლავს თან. ესენია: ევროს ზონაში კრიზისის კიდევ ერთი გამწვავება, ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპის და აშშ-ს ეკონომიკის გამოჯანმრთელების პროცესის შენელება. მაგრამ რუბინის და სხვა ანალიტიკოსთა აზრით, განსაკუთრებით სერიოზული ნავთობის ფასის მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებული რისკია.


ნავთობის ფასის ამჟამინდელი ზრდა, უპირველეს ყოვლისა, შიშის მიზეზია, რადგან “შავი ოქროს” მარაგი საკმაოდ დიდია და მოთხოვნილებაც არ გახლავთ განსაკუთრებული. ხოლო შიში ისრაელსა და ირანს შორის შესაძლო სამხედრო კონფლიქტს უკავშირდება.


აღსანიშნავია, რომ 2008 წლამდე მომხდარი სამი გლობალური რეცესია ახლო აღმოსავლეთში დატრიალებულ გეოპოლიტიკურ კატაკლიზმებს უკავშირდება. 1973 წელს ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის ომს 1974-1975 წლებში გლობალური სტაგფლიაცია (სტაგნაცია და ინფლაცია ერთდროულად) მოჰყვა. 1979 წლის ირანის რევოლუციამ 1980-1982 წლების სტაგფლიაცია გამოიწვია, ხოლო 1990 წელს ერაყის კუვეიტში შეჭრამ 1990-1991 წლების გლობალური რეცესია. აქვე უნდა ითქვას, რომ 2008 წელს ნავთობზე სარეკორდოდ გაზრდილმა ფასებმა კიდევ უფრო დაამძიმა უკანასკნელი გლობალური ეკონომიკური კრიზისი.


მართალია, ჯერჯერობით ძალიან ცოტაა იმის შანსი, რომ ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების მიყენების მუქარა ღია კონფლიქტში გადაიზარდოს, მაგრამ რისკი თანდათანობით იზრდება. სიტყვიერი და ფარული დაპირისპირება, რომელშიც ისრაელთან ერთად ირანის წინააღმდეგ აშშ-ც არის ჩაბმული, თანდათანობით მწვავდება. და თუ ზაფხულამდე ასე გაგრძელდება, ნავთობის ფასმა შეიძლება ყველა ახალი დროის რეკორდი დაამყაროს, რასაც მთელს მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის ტემპის მნიშვნელოვანი შენელება მოჰყვება.


ირანს სანქციები სულ უფრო და უფრო აწუხებს, იქნება ეს სხვადასხვა ქვეყნების მიერ ირანული ნავთობის იმპორტზე უარის თქმა თუ ელექტრონული საგადასახადო სისტემა SWIFT-ის გამოყენებაზე შეზღუდვა. ჰოდა, განრისხებულმა ირანმა შეიძლება ერთ დღესაც ორმუზის სრუტე გადაკეტოს, ან რამდენიმე გემი ჩაძიროს, ან კიდევ რეგიონში და მის გარეთაც ტერაქტების სერია გააჩაღოს.


მსოფლიოს არაერთი ქვეყანა ცდილობს ირანთან მოლაპარაკებას და სიტუაციის განმუხტვას, მაგრამ არაფერი გამოსდის. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელი უკვე წლევანდელ ზაფხულში აპირებდა მუქარის განხორციელებას და საომარი მოქმედების დაწყებას, მაგრამ ობამას ადმინისტრაციამ მოკავშირისაგან მოითხოვა საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც შემოდგომაზე გაიმართება, თავის შეკავება. საქმე იმაშია, რომ ომში ჩართვა ალბათ ამერიკასაც მოუწევს და ახალი საომარი კონფლიქტი არჩევნებში ობამას ამბიციებს დაასამარებს.


აქვე უნდა ითქვას, რომ ისრაელ-ირანის შესაძლო კონფლიქტის გარეშეც ახლო აღმოსავლეთში ძალზე დაძაბული ვითარებაა, რაც ნავთობის ფასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ეგვიპტესა და ლიბიაში მომხდარის შემდეგ უკიდურესად დაძაბული ვითარებაა სირიაში, რომელიც სამოქალაქო ომის პირასაა. დიდი შანსია, რადიკალურმა ძალებმა გაიმარჯვონ იემენში, რაც საუდის არაბეთის მშვიდ ცხოვრებას საფრთხეს შეუქმნის. მას შემდეგ, რაც აშშ-ს ძალებმა ერაყი დატოვა, იმატა დაძაბულობამ შიიტურ, სუნიტურ და ქურთულ დაჯგუფებებს შორის. აქვე, მახლობლადაა ორი ცხელი წერტილი – ავღანეთი და პაკისტანი. ასე რომ, შეუძლებელია რიბინის არ დავეთანხმოთ, ნავთობის ფასის მატებისათვის საფუძველი ნამდვილად არსებობს.