ამჯერად მიწები საგარეჯოელებს გაუყიდეს, მანამდე გორელებს, ბოლნისელებს, მარნეულელებს. ხვალ-ზეგ, ალბათ, რაც დარჩა იმასაც მიასხვისებენ ე.წ. უცხოელ ინვესტორებს და ქვეყნის ნაჭერ-ნაჭერ გაყიდვის გეგმაც შესრულებული იქნება.
საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში 5 ათასი ჰექტარი სახნავ-სათესი ირანელმა ბიზნესმენმა რაშიდ მანეშმა იყიდა. ვინ არის ეს ბიზნესმენი და რას საქმიანობს არავინ უწყის. ცნობილია მხოლოდ, რომ იგი შპს tr company-ს (დარეგისტრირებულია 2011 წლის 24 ივნისს) დამფუძნებელი და დირექტორია. ამ კომპანიამ კი შპს tr georgia progect 2 დააფუძნა (2011 წლის 5 აგვისტოს დარეგისტრირდა) და საგარეჯოს რაიონის 7 სოფლის მიწაც მოიგდო ხელთ.
“ხალხისთვის მიწა არავის გაუყიდია. ეს იყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწები და სახელმწიფომ გაყიდა. არსებული 10 000 ჰექტარიდან 5 000 ჰექტარი ირანელმა ბიზნესმენმა რაშიდ მანეშმა 6 მილიონ ლარად იყიდა. დარჩენილი 5 ათასი ჰექტარით, ვიდრე გაიყიდება, მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს”, - აღნიშნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია ჩალათაშვილმა.
მისივე თქმით, იორმუღანლოს მაცხოვრებლებს საქართველოს პრეზიდენტი იმ მიწებს აჩუქებს, რომლებიც მათ ივრის ჭალებში ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ.
იორმუღანლოში მცხოვრები 200-მდე ეთნიკური აზერბაიჯანელი რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციებს მართავს. ისინი “ქართული ოცნების” წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. ადგილობრივებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს მთავრობამ ის მიწები გაყიდა, რომელსაც წლების განმავლობაში ისინი იჯარით ფლობდნენ, ამუშავებდნენ და თავს ირჩენდნენ. მიწის ახალმა მფლობელმა ამოსული ქერი და ხორბალი გადახნა.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის - “საქართველო ჩემი სამშობლოა” - თავჯდომარე ალი ბაბაევი აცხადებს, მარნეულის, გარდაბნისა და ბოლნისის რაიონის სოფლების შემდეგ ეთნიკური აზერბაიჯანლებისათვის მიწიების წართმევა და მოსახლეობისაგან ჩუმად, უცხოელი ინვესტორისათვის, გადაცემა საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოშიც დაიწყეს.
ბაბაევის ინფორმაციით, ხალხს იჯარით ჰქონდა მიწის ნაკვეთები აღებული და ამუშავებდნენ. მოიჯარეებს კი გაფრთხილების გარეშე ეკონომიკის სამინისტრომ ეს მიწები რომელიღაც კომპანიას გადასცა. გარდა იმისა, რომ სახნავ-სათესს ართმევენ ადგილობრივებს, საძოვრების პრობლემაცაა. თითო ცხვრის ძოვებისათვის სეზონზე გადასახადი 3 ლარიდან 10 ლარამდე გაიზარდა და დიდი ფარების შენახვაც პრობლემაა.
“ეკონომიკის სამინისტროს მოსახლეობისათვის დაუკითხავად ასხვისებს მიწებს და ეს ფაქტი საქართველოს მოქალაქე ზერბაიჯანლებს ძალიან აწუხებთ. ვისაც დღეს იჯარით აქვს მიწა აღებული, იმათაც ეშინიათ, რომ ერთ დღეს გაუფრთხილებლად მივლენ და ტრაქტორებით გადაუხნავენ დათესილ მიწას”, - ამბობს ბაბაევი.
დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი იორმუღანლოში სპეციალურად ჩავიდა და ამბობს, რომ მარნეულისა და საგარეჯოს სოფლის მცხოვრებლებს ბევრი პრობლემა აქვთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა მიწების ჩამორთმევისა და კონფისკაციის თემა იყო.
“სოფლიდან დაახლოებით 3 კილომეტრში ძალიან დიდი სავარგულებია, რომელიც ადგილობრივებს წლებია გრძელვადიანი 5, 10, 20-წლიანი იჯარით ჰქონდათ აღებული და ამუშავებდნენ. ეს იჯარები გაფორმებული იყო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა წესის სრული გათვალისწინებით. ეს იჯარები გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს, ზოგი კი - 2002 წელს არის გაფორმებული.
ადგილობრივმა მოსახლეობამ სავარგულები მოხნა, დათესა ქერი და ხორბალი. ქერიც და ხორბალიც უკვე ამოსულია მინდვრებზე და ახალმა მფლობელმა სწორედ ამ ამოსულ მინდვრებს მიაყენეს ტრაქტორები და გადახნეს ეს უზარმაზარი სავარგულები ისე, რომ ადგილობრივი მოსახლეობისათვის არც ნებართვა უთხოვია და არც კომპენსაცია მიუციათ”, - აცხადებს ცაგარეიშვილი.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის გია ჩალათაშვილი კი ირწმუნება, რომ ირანელ ბიზნესმენთან მიღწეული საბოლოო შეთანხმებით, სოფელ იორმუღანლოს მაცხოვრებლებს მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ.
“ბიზნესმენთან მივაღწიეთ საბოლოო შეთანხმებას და ზარალს, რომელიც მოსახლეობას იმის გამო მიადგა, რომ დათესილი ნაკვეთები გადახნეს, ინვესტორი აანაზღაურებს. ბიზნესმენი აპირებს, რომ წელს სიმინდი დათესოს და მომავალში 7 000 ადგილობრივის დასაქმებასაც გეგმავს. უნდა, რომ თხილის ქარხნები და სათბურები გააკეთოს”, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ჩალათაშვილმა.