სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია და ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე გორის რაიონის სოფელ სვენეთს ეწვივნენ და იმ საკითხზე ესაუბრნენ, რომელიც გლეხებს არც ეხებათ და ნაკლებად აინტერესებთ. მინისტრებმა მოსახლეობას მთავრობის ახალი ინიციატივა სოფლის მეურნეობის პროდუქციის დღგ-ისგან გათავისუფლების შესახებ პირადად გააცნეს. “დღემდე ქართულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს იმპორტირებულთან კონკურენცია უჭირდა. ამ ცვლილებით კი ეს პრობლემა მოიხსენება,ადგილობრივი პროდუქცია ბევრად კონკურენტუნაირიანი გახდება და გლეხებს აღარ ექნებათ მისი რეალიზაციის პრობლემა”, - განაცხადა გოროზიამ. “საქართველოს საგადასახადო კოდექსში” შესული ცვლილებების მიხედვით, საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) დღგ-ისგან თავისუფლდება. დამატებითი ღირებულების გადასახადისგან თავისუფლდება ასევე ქვეყანაში წარმოებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის, ცხვრისა და თხის ახალი, ან გაციებული ხორცის მიწოდება. შიდა ქართში მინისტრული ვიზიტი წმინდა წყლის დემაგოგია და თვალში ნაცრის შეყრა იყო. ჯერ ერთი უშუალოდ გლეხი (ანუ აგრარული პროდუქციის მომყვანი) დღგ-სგან ისედაც გათავისუფლებული იყო და ახალი ინიციატივით მისთვის არაფერი იცვლება. გარდა ამისა, გლეხებს მოწეული მოსავლის რეალიზაცია სულაც არ უჭირთ. პირიქით, ბაზარზე ქართული პროდუქციის დეფიციტია და მისი წილი ყოველწლიურად მცირდება. სწორედ ამაზე მიუთითებს ოპოზიცია. ახალი მემარჯვენეების ლიდერის დავით გამყრელიძის თქმით, იმისთვის, რომ გლეხმა დღგ-სგან სასოფლო პროდუქტების განთავისუფლებლის სიკეთე იგრძნოს,მან ჯერ სოფლის მეურნეობის პროდუქცია უნდა მოიყვანოს. გამყრელიძის ინფორმაციით, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას საგაზაფხულო სამუშაოების წარმოებისთვის არანაირი სახსრები არ გააჩნია. ამიტომ სჯობს ხელისუფლებამ ჯერ ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოსაყენებელი დიზელის საწვავი გაათავისუფლოს გადასახადებისგან, სასუქის, შხამ-ქიმიკატის შეძენა გაუიაფოს და შემდეგ უკვე აზრი ექნება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დღგ-სგან გათავისუფლებას. თუმცა, სანამ აქამდე მივა საქმე, სოფლად მცხოვრებმა ადამიანებმა შიმშილისაგან თავის დაძვრენაზე უნდა იფიქრონ. საქართველოში ზამთარი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა, არადა სოფლებში თითქმის ყველანაირი მარაგი ამოწურულია. ადგილობრივები მეტად მძიმე დღეში არიან. ამიტომ ლეიბორისტული პარტია საქართველოს ხელისუფლებას სოფლის მოსახლეობის დახმარებისკენ მოუწოდებენ. როგორც პარტიის გენერალური მდივანი იოსებ შატბერაშვილი აცხადებს, მათ არ შეუძლიათ მშვიდად უყურონ იმას, რომ გრძელმა ზამთარმა ქართული სოფელი შიმშილში ჩააგდო. საქართველოს მოსახლეობა ახლა ღრმა შიმშილის პერიოდშია. სოფლის მოსახლეობას ყველანაირი მარაგი გამოლეული აქვს დ აოფიციალური მონაცემებით, ყინვისგან მათი პირუტყვის ერთი მეოთხედი განადგურებულია. “ამის გამო მოვითხოვთ სააკაშვილისგან, ხალხის შიმშილიდან გამოყვანის მიზნით მისი სარეზერვო ფონდიდან, რომელიც 105მილიონს შეადგენს, 5 მილიონი დაუყოვნებლივ გამოუყოს სოფლის მოსახლეობას და დაურიგოს მათ თითო ტომარა ფქვილი. გარდა ამისა, მოვითხოვთ სოფლის მოსახლეობას აუნაზღაურდეს ზამთრით მიყენებული ზარალი. იმედი მაქვს, 5 მილიონს დაუყოვნებლივ გამოუყოფენ იმ 105 მილიონიდან, რომელიც ხშირად უმიზნოდ იხარჯება კონცერტებში, დროის ტარებასა და ორგიებში”, -აღნიშნა შატბერაშვილმა. |