ბოლო წლებში მეცხოველეობა საქართველოში დიდ ჩავარდნას განიცდის. ამ მხრივ გამონაკლისი იყო მეცხვარეობა, სადაც გარკვეული წინსვლაც კი შეინიშნებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, აქაც იჩინა თავი პრობლემებმა და წლევანდელი გაზაფხული დიდი დანაკლისით დაიწყო.
მეცხვარეთა ასოციაციის ინფორმაციით, საერთო სულადობა მიმდინარე სეზონზე 15-20 პროცენტით უკვე შემცირდა და ეს მაჩვენებელი ივნისამდე გაიზრდება. მკაცრი ზამთრის გამო მარტო შირაქში, ელდარისა და სამუხის ზამთრის საძოვრებზე ცხვრის 25 პროცენტი დაიხოცა. როგორც მწყემსებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, ზარალი ძალიან დიდია.
«ცუდი ზამთარი გვქონდა, ტემპერატურა -15 გრადუსამდე დაეცა. ყინვები დოლის პერიოდს დაემთხვა და ბატკანიც და ცხვარიც დაგვეხოცა. ზარალი 25%-ს აღწევს. დანარჩენი ცხვარიც დასუსტებულია. ასე იქნება, ვიდრე მწვანე ბალახი არ მოვა», - განაცხადა ზაზა გოჩილაიძემ, სოფელ კასრისწყლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა.
მისივე თქმით, თუშურ ცხვარში დოლი 10 თებერვლიდან დაიწყო. «დაახლოებით 35 000 დედა ცხვარი იყო და ამდენსავე ნამატს ველოდებოდით, მაგრამ თოვლი მალევე მოვიდა შირაქისა და სამუხის საძოვრებზე. ვიდრე 20 სანტიმეტრზე იდო, ცხვარი ჩლიქით მაინც პოულობდა ბალახს, მაგრამ დიდი თოვლისა და ყინვების შემდეგ ბატკანსაც და დედა ცხვარსაც ძალიან გაუჭირდა.
ქარები იყო, ხორბლის ნათესებს გლეჯდა და სხვაგან გადაჰქონდა. ცხვარი ვერც ამ ქარს უძლებდა. მგლების შემოსევებიც გვქონდა, ხროვა ფარაში შევარდებოდა და ცხვარ-ბატკანს იტაცებდა. მგლებმა ძროხებიც დაჭამეს. ბატკნებს მელიები და ტურებიც იპარავენ», - აღნიშნა გოჩილაიძემ.
მეცხვარეთა ასოციაციის ინფორმაციით კი, ზამთრის რამდენიმე საძოვარზე ცხვრის სულადობა განახევრებულია.
როგორც ჩანს, საქართველოს სოფლის მეურნეობის ამ უძველეს დარგში სერიოზულმა პრობლემებმა მოიყარა თავი. ფერმერები საკვების თვალსაზრისით მოუმზადებლები შეხვდნენ მკაცრ ზამთარს. ძირითადად არის ცხვრის მოვლა-შენახვის ცუდი პირობები. არის ნივთიერებათა ცვლის მოშლის დაავადებები. თოვლის და ყინვების გამო საძოვარზე არ არის ბალახი. ცხვარი ეძებს ბალახს და ნიადაგიდან, წყლიდან, დაბინძურებული ფარეხიდან იღებს დაავადებებს. გახდება თუ არა ეს ბარიერი მეცხვარე ფერმერებისთვის ექსპორტის დროს?
ექიმი-ვეტერინარის, ბიოლოგიის დოქტორი მიხეილ ჭიჭაყუას აზრით, ამ პროცესმა შეიძლება ამჟამად არ შეაფერხოს ცხვრის გაყვანა, მაგრამ თუ არ გამოსწორდა ვითარება, საექსპორტო ცხვარი შეგვიმცირდება.
«ფერმერს ძვირი უჯდება დღეს ცხვრის შენახვა. მეცხვარეებისთვის ცხვარი არის შემოსავლის წყარო და ცდილობენ საკუთარი ცოდნის ფარგლებში გასაყიდ კონდიციაში ჰყავდეთ ცხვარი, მაგრამ არის პრობლემები, რომლებიც მოსაგვარებელია, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთმანთთან და სახელმწიფოსთან შეთანხმებით. ვფიქრობ, მხოლოდ ცხვრის ექსპორტი არ არის მთავარი ამოსავალი. მეცხვარეობა შიდა მეურნეობების განვითარებისთვის უნდა გახდეს მნიშვნელოვანი მიმართულება, მეცხოველეობის პრიორიტეტული დარგი.
ამისათვის კი კონკრეტული საკითხებია მოსაგვარებელი როგორც სახელმწიფოს, ასევე, ფერმერის მხრიდან: 1. მტკიცე საკვები ბაზის შექმნა, ცხოველთა კვებისა და შენახვის პირობების გაუმჯობესება, 2. ჯიშთსაშენების წარმოების ხელშეწყობა, არსებული ჯიშების სრულყოფა და ახალი ჯიშების გამოყვანა. 3. შეღავათიანი კრედიტები და ლიბერალური გადასახადები, რომ ფერმერებმა შეძლონ ცხვრის შესყიდვა და ჯიშების გაუმჯობესება. 4. მეცხვარეობაში ხელმისაწვდომი სადაზღვევო სისტემის ჩამოყალიბება.
ნუ შევაფასებთ ცხვარს არსებულ რაოდენობის ღირებულებით, არამედ შევაფასოთ, მათი კვლავწარმოებით. ამ გარემოებების გაუთვალისწინებლად მეცხვარეობის განვითარება წარმოუდგენელია. თანმიმდევრული ნაბიჯებით ჩვენ გვაქვს პოტენციალი უახლოეს 5-7 წელიწადში ცხვრის სულადობა გავზარდოთ 1.5 მლ-მდე.
ზოგადად, აუცილებელია ვეტერინარულ-სანიტარული და ზოოჰიგიენური ღონისძიებების კომპლექსურად მაღალ დონეზე ჩატარება; სრულყოფილი კვება, საძოვრების გაუმჯობესება, დაავადებების წარმოშობის ხელშემწყობი ყველა ფაქტორის მოცილება. დაუშვებელია ცხვრის ძოვება დათრთვილულ ბალახზე, დაობებული და გაყინული საკვების მიცემა, დასაწყურვებლად გაუმდინარე წყლის გამოყენება» - ამბობს მიხეილ ჭიჭაყუა.