«იმედდაკარგული მუშახელი» და რეალური დასაქმების 30%-იანი მაჩვენებელი

«იმედდაკარგული მუშახელი» და რეალური დასაქმების 30%-იანი მაჩვენებელი

საქართველოში უმუშევრობა რომ მუდმივი პრობლემაა, ეს უკვე აღარავის უკვირს, მაგრამ ბოლო დროს გაიმოკვეთა კიდევ ერთი არასასიამოვნო ტენდენცია. ქვეყანაში გაიზარდა «იმედდაკარგული მუშახელის» რაოდენობა. ეს ის კატეგორიაა, რომელსაც სამსახურის პოვნის ყოველგვარი იმედი გადაწურული აქვს. დასაქმების თაობაზე ორმა ორგანიზაციამ სხვადასხვა კვლევის შედეგები წარმოადგინა.

აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 70% თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს.  კითხვაზე - «მიიჩნევთ თუ არა თავს დასაქმებულად?» - დადებითი პასუხი რესპონდენტთა მხოლოდ 30%-მა გასცა. ჩამონათვალიდან «რომელი უფრო შეესაბამება თქვენს მდომარეობას» 45%-მა უპასუხა «უმუშევარი-ვეძებ სამსახურს»; 23%-მა - «პენსიონერი-დაინტერესებული ვარ სამსახურის პოვნით»; 10%-მა -  «დიასახლისი». უმუშევარია, მაგრამ ამ დროისთვის სამსახურს არ ეძებს 8%; უმუშევარია, მაგრამ არ არის სამსახურის პოვნით დაინტერესებული - 4% და სხვა; 

ზოგადად, საქართველოში დასაქმების მაჩვენებელი შემდეგნაირად გადანაწილდა: დასაქმებულია სრულ ან ნახევარ განაკვეთზე 30%; უმუშევარია და სამსახურს ეძებს 33%; უმუშევარია და არ ეძებს სამსახურს 7%; აქტიური შრომითი რესურსი - 29%;

NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები მედიის წარმომადგენლებს სასტუმრო «რედისონში» გააცნო. კვლევა, რომლის სახელწოდებაა «საზოგადოების განწყობა საქართველოში», 22 თებერვლიდან  5 მარტის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 3,161 რესპონდენტი პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე. 

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პარალელურად, გუშინ დასაქმების შესახებ მეორე კვლევაც გამოქვეყნდა. «ილიაუნი ბიზნესრევიუმ» კვლევის პროცესში საქართველოში 2 ყველაზე პოპულარულ ვებგვერდზე - www.job.ge და www.hr.com.ge განთავსებული განცხადებები პროფესიების, კომპანიებისა და რეგიონების მიხედვით შეისწავლა - სულ 2251 ვაკანსია, რომელიც 2011 წლის 1-ლი ნოემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში განთავსდა ინტერნეტ-სივრცეში. ყველაზე მაღალი მოთხოვნა ამ პერიოდში დაფიქსირდა გაყიდვების მენეჯერზე - 235 ერთეული, მეორე პოზიციაზეა ბუღალტერი-ფინანსისტი - 105 ერთეული, მესამეზე კი დისტრიბუტორი - 98 ერთეული.

კვლევის მიხედვით, გაყიდვების მენეჯერის პოზიციის შემდეგ, აქტიურია საბანკო სექტორი - საკრედიტო ექსპერტი, პედაგოგი,სამედიცინო - სავაჭრო წარმომადგენელი, ვებ დიზაინერი -პროგრამისტი და სხვა.

კომპანიებისგან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე კი შედგა საქართველოს 30 ყველაზე დამსაქმებელი კომპანია. ყველაზე მაღალი მოთხოვნა სამუშაო ძალაზე კვლევის პერიოდში დაფიქსირდა ბანკ «კონსტანტას» მხრიდან, სულ - 76 ვაკანსია, შემდეგ მოდის სუპერმარკეტების ქსელი «სმარტი» - 57, მესამეზე კი «სილქნეტი»- 41 ვაკანსიით. ათეულში შედიან: საქართველოს უნივერსიტეტი,იუსტიციის სახლი, «საქაერონავიგაცია», «აი პი ემ ტერმინალსფოთი», «ნიკორა», «ევროპის სახლი» და «ქეი ეს ბი ბანკი».

რეგიონების მიხედვით მაღალი მოთხოვნა აღინიშნა თბილისში -78%, შემდეგ მოდის: იმერეთი - 5%, აჭარა - 5%; სამეგრელო - 3%;კახეთი - 3%; ქვემო ქართლი - 2%; გურია - 2%; სამცხე ჯავახეთი -1%; შიდა ქართლი - 1%;

კვლევის ერთ-ერთი ავტორის, ირაკლი ლექვინაძის თქმით, მუშაობის პროცესში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ საქართველოში რეალურად არსებობს კვალიფიკაციის პრობლემა და კვალიფიციური კადრების დეფიციტი. ამავე დროს, არსებობს ჭარბი მუშახელი, რომელიც დაუსაქმებელია.

«ჩვენთან მაღალია «იმედდაკარგული მუშახელის» რაოდენობა,რომლებიც არ ეძებენ სამუშაოს, რადგან არა აქვთ დასაქმების იმედი, განსაკუთრებით 32-54 წლის ასაკის ადამიანებში. ჩვენ მიერ შესწავლილ ვებ-რესურსებზე სამუშაოს მაძიებლები, ძირითადად,22-დან 35 წლამდე ასაკის ადამიანები არიან», - აცხადებს ლექვინაძე.