ხვალიდან თუ არა იმ კვირიდან მაინც საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია უნდა გაიაფდეს. პირველ რიგში, ეს ეხება ხორცისა და რძის ნაწარმს. პრეზიდენტმა კანონპროექტს ხელი უკვე მოაწერა და ადგილობრივი მეურნეობების მიერ ნაწარმოები სასოფლო პროდუქცია დღგ-სგან სრულად გაათავისუფლა (როგორც პირველადი მიწოდება, ისე მეორადი მიწოდებაც). ასე რომ, გაიაფების წამზომი ჩართულია. ეტყობა მმართველ გუნდს წინასაარჩევნოდ ძალიან გაუჭირდა, თორემ ხელისუფლებაში მთელი 8 წლის განმავლობაში მხოლოდ გაძვირება აკერიათ პირზე.
პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე პარლამენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, სოფლის მეურნეობის პროდუქციის მეორადი მიწოდება დამატებული ღირებულების გადასახადისგან თავისუფლდება.
«ამ საკანონმდებლო ცვლილებამდე, საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია არ იყო მიმზიდველი სადისტრიბუციო კომპანიებისა და სავაჭრო ქსელისთვის. ამიტომაც სავაჭრო ობიექტები უპირატესობას სწორედ უცხოურ იმპორტირებულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს ანიჭებდნენ, რადგანაც საგადასახადო დაბეგვრის თვალსაზრისით, იმპორტირებული პროდუქტით ვაჭრობა ბევრად მომგებიანი იყო.
საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, საქართველოში მოწეული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია იმპორტირებულ ანალოგს გაუთანაბრდა.ახალი ინიციატივის ამოქმედება, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველი გლეხი და ფერმერი შეძლებს მოსავლის რეალიზაციას, მიიღებს მეტ მოგებას და გააფართოებს საკუთარ მეურნეობასა და წარმოებას», - აღნიშნა პრესპიკერმა და დასძინა,რომ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი 19 მარტს მოაწერა და, შესაბამისად, შევიდა კიდეც ძალაში.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში უკვე კეთდება განცხადებები,რომ იმპორტირებული პროდუქციის ადგილობრივით ჩანაცვლება მოხდება.მინისტრის მოადგილე ეთერ ყამარაულის აცხადებს, რომ ცვლილების მიზანი ქართული პროდუქციის ხელმისაწვდომობის გაზრდაა. მისი თქმით, ამ დრომდე მეწარმეს ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციისთვის 18%-იანი დღგ-ს გადახდა უწევდა, ამას დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემებიც ემატებოდა და იმპორტირებული პროდუქცია მომგებიან პოზიციაში გამოდიოდა.
მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ასეთ პირობებში ქართული პროდუქცია კონკურენციას იმპორტირებულს ვეღარ უწევდა.
ექსპერტები ეთანხმებიან მთავრობის ინიციატივას, მაგრამ იქვე აღნიშნავენ, რომ ქართული სოფლის ასაღორძინებლად ეს საკმარისი არ არის. «მე და ჩემი თანამოაზრეები უკვე წლებია ვაცხადებთ, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქცია ყველა გადასახადისგან უნდა გათავისუფლდეს, გარდა საშემოსავლო გადასახადისა.
მთავრობის ინიციატივას, რა თქმა უნდა, დადებითად ვაფასებ, მაგრამ აქ ჩნდება ეჭვი, ხომ არ მოხდება გაუქმებული დღგ-ს საპირწონედ საშემოსავლო გადასახადის გაზრდა? ეს ეჭვი არსებობს, მაგრამ იმედია, ასე არ მოხდება», - ამბობს ექსპერტი სოფლის მეურნეობის საკითხებში პაატა კოღუაშვილი.
«პრობლემა სულ სხვა რამაა. კერძოდ, საქართველოში არ არსებობს კანონი ფასთა პარიტეტის დაცვის შესახებ. ამასთან მაღალია მიწისა და წყლის გადასახადი. გაძვირდა მიწის რეგისტრაციაც. ამ ყველაფერს უნდა მიხედვა, სხვანაირად სოფლის მეურნეობა არ აღორძინდება», - აცხადებს ექსპერტი.
ასეთი შეფასებების ფონზე საინტერესოა როგორაა წარმოდგენილი სავაჭრო ქსელებში ქართული პროდუქცია. უმსხვილესი სუპერმარკეტების ნაწილში აცხადებენ, რომ მათთან ქართული პროდუქცია დიდი რაოდენობითაა. «გუდვილის» ინფორმაციით, მათ ქსელში პროდუქციის 52% საქართველოშია წარმოებული. ეს მაჩვენებელი სეზონურობის მიხედვით იცვლება და სოფლის მეურნეობაში აქტიური პერიოდისას 65%-საც აღწევს. ქართველი მომხმარებლები კი არჩევანის გაკეთებისას აშკარა უპირატესობას ქართულ პროდუქტებს ანიჭებენ.
«სმარტის» ქსელშიც აცხადებენ, რომ მათ სუპერმარკეტებში ყველაზე მოთხოვნადი ადგილობრივი და გერმანული წარმოების საქონელია, თუმცა მომხმარებელში პოპულარული მაინც უფრო ქართული პროდუქტია.