საქართველოს მთავრობა აშშ-სთან და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებებს განზრახ აჭიანურებს. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება, ფაქტობრივად, არ არის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმებით.
ამის თვალსაჩინო დადასტურებაა ის, რომ რამდენიმე წელია საქართველოს მთავრობა ჯიუტად არ ასრულებს ევროკავშირის ოთხი მოთხოვნიდან არც ერთს. ეს ის მოთხოვნებია, რომელსაც ევროკავშირი განიხილავს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის დადების წინაპირობად.
ეს ოთხი მოთხოვნაა: სტატისტიკის უწყებისა და სტატისტიკის სისტემის რეფორმირება, შრომის კოდექსის შეცვლა, სურსათის უვნებლობის პრობლემის მოგვარება, ანტიმონოპოლიური რეგულირების საკანონმდებლო უზრუნველყოფა და ანტიმონოპოლიური სრულფასოვანი მარეგულირებელი უწყების შექმნა. არც ერთი მიმართულებით საქართველოს ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს.
ცალკეული ცვლილებები ხორციელდება იმ მიზნით, რომ ევროკავშირს კოსმეტიკური ცვლილებები ძირეულ რეფორმებად შეასაღონ.
«აფბა მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკის არასახარბიელო მდგომარეობისა და კატასტროფულად უარყოფითი სავაჭრო ბალანსის პირობებში თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შედეგი, მოკლევადიან პერიოდში ხელშესახები არ შეიძლება აღმოჩნდეს.
აშშ-სა და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების აქტუალური თემაა. ამგვარი თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებს შორის რეგულაციური და საკანონმდებლო გარემოს შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობს. სტატისტიკა ადასტურებს, რომ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის დონე უფრო მაღალია იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც შიდა ბაზარზე თამაშის ერთნაირი წესები აქვთ. ეს არა მხოლოდ სასაქონლო ვაჭრობას, არამედ კაპიტალისა და მომსახურების გადაადგილებასაც შეეხება.
აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ ორ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთან (ევროკავშირი და აშშ) ხელშეკრულების დასადებად საჭირო ნაბიჯების გადადგმას და რეფორმების განხორციელებას», - ნათქამია აფბა-ს განცხადებაში.
ევროპის კავშირი პარტნიორ ქვეყანაში ზოგიერთ სფეროში მკაცრი წესების დანერგვას მოითხოვს. ეს არის მომხმარებელთა დაცვა, შრომითი კანონმდებლობა, სტატისტიკის სისტემის სრულყოფა, სურსათის უვნებლობა, სანიტარული და ფიტოსანიტარული წესები, პროდუქციის უსაფრთხოების სტანდარტები და რეგლამენტები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია მოქალაქეთა უსაფრთხოებასთან.
მოთხოვნები, რომელიც ევროკავშირმა დასაწყისშივე წაუყენა ქართულ მხარეს, ჯერ არ შესრულებულა ან ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები იმდენად მცირე მასშტაბებისაა, რომ რეალურ სურათს არ ცვლის. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად კონკრეტული ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა და მოლაპარაკებები კვლავ კონსულტაციების დონეზეა.
«ახალგაზრდა ფინანსისტები აუცილებლად მივიჩნევთ, საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის ევროკავშირის და აშშ-ს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას, ვინაიდან არათანაბარ პირობებში სავაჭრო ურთიერთობების განხორციელება ქვეყნისთვის დიდი ზიანის მომტანი იქნება. ამას თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის მაგალითიც მოწმობს. თუ გადავხედავთ თურქეთთან საგარეო ვაჭრობის სტატისტიკას რადიკალურად განსხვავებული სურათებია თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მიღებამდე და მისი მიღების შემდეგ», - აცხადებს აფბას ხელმძღვანელობა.
მას შემდეგ, რაც გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება სავაჭრო ბალანსის დეფიციტი 2007 წელს - 3980.1 მილიონ აშშ დოლარამდე, 2008 წელს - 4806.2 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა, 2009 წელს უმნიშვნელოდ შემცირდა 3366.6 მილიონ აშშ დოლარამდე, 2010 წელს დეფიციტი 3674,4 მილიონი დოლარი, 2011 წლის მდგომარეობით დეფიციტმა - 4868.7 მილიონი დოლარი შეადგინა.
ამ მაჩვენებლის გაუარესებაში ლომის წილი სწორედ თურქეთმა შეიტანა. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დადებამდე, 2005 წელს თურქეთში საქართველოს ექსპორტი შეადგენდა 121,8 მილიონ დოლარს, ხოლო თურქეთიდან იმპორტი კი 283,1 მილიონ დოლარს. შესაბამისად დეფიციტი იყო -161.3 მილიონი დოლარი.
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ იმპორტის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად აღემატებოდა ექსპორტის ზრდის ტემპებს, რის შედეგადაც 2011 წელს შემდეგი სურათი მივიღეთ: საქართველოდან ექსპორტმა შეადგინა 227,5 მილიონი დოლარი, რაც 2005 წლის მაჩვენებელზე 1,8-ჯერ მეტია, ხოლო იმპორტმა კი 1272,4 მილიონ დოლარს მიაღწია, ანუ 4,5-ჯერ გაიზარდა. შესაბამისად დეფიციტი -161,3 მილიონი დოლარიდან მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
აფბა მიიჩნევს, რომ ამის ძირითადი მიზეზი სწორედ ვაჭრობის არათანაბარი პირობები იყო, თურქეთის რესპუბლიკას იმპორტირებული პროდუქციის მიმართ ხარისხის კონტროლის ეფექტური სისტემები აქვს, ჩვენთან კი ეს სისტემა სრულიად მოშლილია და უკონტროლოდ შემოდის დაბალხარისხიანი პროდუქცია დაბალი ფასებით.
ხარისხის კონტროლის სისტემა ერთ-ერთია იმ ფაქტორებს შორის, რის გამოც საქართველომ შეიძლება თავისუფალი ვაჭრობის სიკეთეები არათუ მთლიანად, არამედ ნაწილობრივაც კი ვერ გამოიყენოს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დასრულებას წელიწადნახევარში პროგნოზირებს. როგორც გილაურმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, საქართველოს რეგიონალური ცენტრის ფუნქცია კიდევ უფრო გაიზრდება მას შემდეგ რაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები დასრულდება.
რეგიონულ ცენტრად ქცევაში გილაური ასევე გულისხმობს ღია ეკონომიკას, ეკონომიკას კორუფციის გარეშე, კარგ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას და გეოგრაფიულ მდებარეობას. მისი განცხადებით, იგივე გეოგრაფიული მდგომარეობა 10 წლის წინათ გვქონდა, მაგრამ რეგიონულ ცენტრად ვერ ჩამოყალიბდა, თუმცა ახლა ამას განაპირობებს რეფორმები და ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში.