“ძალა ერთობაშია. გამოხატე პროტესტი არსებული რეჟიმის წინააღმდეგ” - ასეთი გზავნილით გაიმართა ”ქართული ოცნების” მხარდასაჭერი აქცია ”ქართუ ბანკთან”. აქციის მონაწილეებმა ”ქართუ ბანკის” მეშვეობით ”ქართული ოცნების” ანგარიშზე სიმბოლური თანხები ჩარიცხეს და ამით გამოხატეს პროტესტი უკანასკნელ დღეებში რეგიონებში კონტროლის პალატის წარმომადგენლების მიერ მოქალაქეების დაბარებისა და ახსნა-განმარტებების ჩამორთმევის ფაქტზე. აქციის მონაწილეები მიმართავენ კონტროლის პალატას, რომ ახსნა-განმარტებები მათაც ჩამოართვან.
65 წლის თამარი ერედვიდანაა. თბილისში აქციაში მონაწილეობის მისაღებად ის და კიდევ მისი რვა მეზობელი ჩამოვიდა. თამარმა ”ქართული ოცნების” ანგარიშზე სიმბოლური შესაწირი უკვე შეიტანა. ახლა თანასოფლელებს ელოდება:
”იმ სიშორიდან იმიტომ ჩამოვედი, რომ ჩვენ არავინ გვაქცევს ყურადღებას. ტელევიზიით შევიტყვე ამ აქციის შესახებ და გადავწყვიტე ”ქართული ოცნების” ანგარიშზე სიმბოლური შესაწირი გამეკეთებინა. ჩვენ ისე ძალიან გვიჭირს, ხუთი ლარის მეტი არ შემიტანია, მაგრამ ამით ჩემი მხარდაჭერა მაინც გამოვხატე”, - ამბობს 65 წლის თამარი.
”ქართული ოცნების” მხარდასაჭერი აქცია სოციალური ქსლის, ”ფეისბუქის” საშუალებით რამდენიმე დღის წინ მას შემდეგ დაიგეგმა, რაც კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებმა, ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანული კანონის” საფუძველზე, რეგიონებში ”ქართული ოცნების” აქტივისტების დაბარება და მათგან ახსნა-განმარტებების მიღება დაიწყეს. დაბარებული მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციები კონტროლის პალატის თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ საუბრობდნენ. ამ ფაქტით დაინტერესდა სახალხო დამცველი გიორგი ტუღუშიც. როგორც მან რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ კონტროლის პალატამ გარკვეული პროცედურები კანონდარღვევით განახორციელა, შედეგად სახალხო დამცველის რეგიონალურმა ოფისებმა ფაქტების შესწავლა უკვე დაიწყეს.
”მოვუწოდებთ კონტროლის პალატას, დაგვიბარონ ახსნა-განმარტების ჩასაბარებლად”, - გვეუბნება ”ქართული ოცნების” მხარდასაჭერად გამართული აქციის ორგანიზატორი თათული მელქაძე:
”კონტროლის პალატის ქმედებების შედეგად გაგვიჩნდა პროტესტის გრძნობა და გვინდა სიმბოლური თანხა გადავრიცხოთ ”ქართული ოცნების” ანგარიშზე. ჩვენ არ გვეშინია. კონტროლის პალატას შეუძლია მოვიდეს, შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა და დაგვიბაროს ახსნა-განმარტებების მისაცემად”, - ამბობს თათული მელქაძე.
”ქართული ოცნების” მხარდასაჭერ აქციაზე მისვლის თანხმობა სოციალური ქსლის საშუალებით 300-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა. მათ შორის არის მირანდაც.”ჩემი ვალია საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია დავაფიქსიროო”, ამბობს ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში:
”იქნებ ჩვენც მოვხვდეთ ნათია მოგელაძის (კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი) ყურადღების ცენტრში და დაგვიბაროს კონტროლის პალატაში და გაგვარკვიოს ამ კანონიერი საქციელით რას ჩავდივართ უკანონოს”, - გვეუბნება მირანდა.
კანონი ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” იმთავითვე, ანუ გასული წლის ბოლოდანვე, იქცა ფართო განხილვის საგნად, განსაკუთრებით კი კანონის 26-ე პრიმა მუხლი, სადაც საუბარია პოლიტიკურ პარტიებთან ”დაკავშირებულ პირებსა” და მათ უფლებამოსილებებზე. სწორედ ამიტომ რამდენიმეთვიანი განსჯის შემდეგ, რომელშიც მონაწილეობას არასამთავრობო სექტორისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები იღებდნენ, გადაწყდა, რომ ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შევიდეს. კანონპროექტი, სავარაუდოდ, 21 მარტს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე იქნება ინიცირებული. როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა 19 მარტს განაცხადა, ცვლილებების მიზანი კანონმდებლობაში მეტი სიცხადის შეტანა და იმ ეჭვის გაბათილება იქნება, რომ კანონი რომელიმე კონკრეტული ძალის წინააღმდეგ არის მიმართული.
სხვათა შორის, აქვე უნდა ითქვას: მიუხედავად იმისა, რომ კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი არ აღიარებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ უწყების წარმომადგენლები ახსნა-განმარტების მისაცემად მისული მოქალაქეების უფლებებს არღვევდნენ, ის გამოდის ინიციატივით, პროცესში მეტი გამჭვირვალობის შესატანად მოქალაქეთა ახსნა-განმარტებები ჩაიწეროს აუდიო ან ვიდეო ფორმატში. ამის შესახებ მან 19 მარტს განაცხადა. იქვე ილაპარაკა კონტროლის პალატის სამოქმედო წესების შემუშავების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩართვის შესახებაც.