სტუდენტთა დასაქმების სიები განათლების სამინისტროში უკვე გაგზავნილია?!

სტუდენტთა დასაქმების სიები განათლების სამინისტროში უკვე გაგზავნილია?!

«სტუდენტთა დასაქმების პროგრამა საზაფხულო არდადეგებზე» მონაწილეთა რეგისტრაცია საიტზე - «summer job» - დღეიდან იწყება. ახალი პროგრამის მიმართ სტუდენტებში გარკვეული ეჭვები უკვე გაჩნდა. მათი აზრით, საზაფხულო დასაქმების პროგრამაში მხოლოდ ის სტუდენტები მოხვდებიან, რომლებიც თვითმმართველობის მიერ დარეგისტრირდებიან.

სტუდენტთა დასაქმების პროექტის ფარგლებში 25 ათასი სტუდენტი ჩაებმევა და მათი ხელფასი 500 ლარი იქნება. სურვილის შემთხვევაში, სტუდენტი შეთავაზებული 70-მდე სამუშაო სახეობიდან ერთ სასურველ ვაკანსიას აირჩევს. რეგისტრაცია 20 მარტიდან 20 აპრილამდე იწარმოებს, ხოლო საზაფხულო სამუშაოებს სუდენტთა არმია 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე შეესევა.

ახალი პროგრამის მიმართ სტუდენტებში გარკვეული ეჭვები უკვე გაჩნდა. შესაბამისად, «ახალგაზრდა ქრისტიან-დემოკრატებმა» და «სტუდენტთა უფლებების ლიგამ» განათლების მინისტრისგან «სტუდენტთა დასაქმების პროგრამაში» სტუდენტების შესარჩევი კრიტერიუმების გამოქვეყნება მოითხოვეს. განათლების სამინისტროში გუშინ «ახალგაზრდა ქრისტიან-დემოკრატების» ხელმძღვანელმა გიორგი პაპელიშვილმა და არასამთავრობო ორგანიზაცია «სტუდენტთა უფლებების ლიგის» პრეზიდენტმა ნოდარ თათვიძემ განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის სახელზე განცხადება შეიტანეს.

განცხადების ავტორები გამოთქვამენ ეჭვს, რომ ზაფხულში «სტუდენტთა დასაქმების პროგრამაში» მხოლოდ ის სტუდენტები მოხვდებიან, რომლებიც თვითმმართველობის მიერ დარეგისტრირდებიან.  როგორც პაპელიშვილმა განაცხადა, მათ რამდენიმე უკმაყოფილო სტუდენტმა მიმართა, რომელთა ინფორმაციით, სასწავლებლების თვითმმართველობებმა სარეგისტრაციო სიები განათლების მინისტრს უკვე გადაუგზავნეს. განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ ეს წარმოადგენს სტუდენტების უფლებების დარღვევას და განათლების მინისტრისგან ითხოვენ, აცნობოს, რა კრიტერიუმებით მოხდება პროგრამაში სტუდენტთა შერჩევა.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა «summer job» საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ზაფხულის არდადეგების პერიოდში, 2012 წლის 20 ივლისს ამოქმედდება 20 აგვისტომდე გასტანს. მასში მონაწილეობა საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებს შეუძლიათ. სტუდენტთა რეგისტრაცია მხოლოდ ინტერნეტით, 20 მარტიდან 20 აპრილამდე განხორციელდება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა «summer job» მიზნად არ ისახავს სტუდენტის დასაქმებას პროფესიის მიხედვით, თუმცა სტუდენტის პროფესია, შესაძლოა, აღმოჩნდეს ვაკანტური ადგილების ნუსხაში. ძირითად ნაწილს კი, არა პროფესიის მიხედვით მოუწევს დასაქმება იმ მიზეზით, რომ მისი პროფესია, შესაძლოა, არ იყოს დამსაქმებლების მიერ შემოთავაზებული და მოთხოვნილი.

პროექტი «summer job» გამიზნულია იმისთვის, რომ სტუდენტმა შეძლოს კვალიფიკაციის ამაღლება და გამოცდილების მიღება იმ სფეროში, რომელშიც მომავალში სურს დასაქმდეს. ასევე, გამომუშავებული თანხა მას საშუალებას აძლევს საკუთარი სწავლა დააფინანსოს ან გამოიყენოს შემეცნების, მოგზაურობის, დასვენებისათვის და ა.შ. ამგვარი პრაქტიკა დანერგილია და წარმატებით ხორციელდება დასავლეთის ქვეყნებში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტში სახელმწიფო უწყებები და კერძო სექტორია ჩართული.

ის, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მომავალი წლის ზაფხულში სტუდენტური დასაქმების პროგრამის განხორციელებას აპირებდა, ცნობილი შარშან დეკემბერში გახდა. როგორც მაშინ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, პროგრამის ფარგლებში დასაქმების საშუალება სულ 25 ათასს სტუდენტს მიეცემოდა.

საერთოდ, სტუდენტური დასაქმების პროგრამებს წლების განმავლობაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ახორციელედბდნენ.  თბილისში ახალგაზრდებს ზაფხულში თბილისის მერია, ბათუმში კი ბათუმის მერია ასაქმებდა. ახლა კი ეს ყველაფერი პირდაპირ განათლების სამინისტროს გადააბარეს.