ასეთი ძვირი საწვავი საქართველოში არასდროს ყოფილა. 1 ლიტრი ბენზინის 2,2 ლარამდე გაძვირებამ საცალო ქსელში აქამდე არნახული რეკორდი დაამყარა. თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლის ლევან იზორიას მტკიცებით, 5-თეთრიანი გაძვირების პირობებში ნავთობკომპანიები ყოველდღიურად 3 მილიონი ლარით გაზრდილ შემოსავალს მიიღებენ.
იზორიას განცხადებით, ადგილობრივ ბაზარზე საწვავზე ფასის მატება შეგნებულად ხდება. საქართველოზე მსოფლიო ბირჟიდან მხოლოდ ნავთობის გაძვირება აისახება, ხოლო გაიაფება ადგილობრივ ბაზარზე გავლენას ვერ ახდენს.
18 მარტიდან საქართველოში ყველა ტიპის საწვავი 5 თეთრით გაძვირდა. 1 ლიტრი ბენზინის ფასი 2,2 და 2,45 ლარს შორის მერყეობს. რაც შეეხება დიზელს, 1 ლიტრი დიზელის ფასი 2.40-2.45 ლარია. კომპანიები საწვავის მორიგ გაძვირებას საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე პროცესებს უკავშირებენ. ახალი წლის შემდეგ 5-თეთრიანი ბიჯებით საწვავი უკვე მესამედ გაძვირდა.
ყველაზე მაღალი ფასის დაფიქსირებამ ავტომფლობელები ძალიან გააღიზიანა და მათ სოციალურ ქსელებში პროტესტიც გამოხატეს. «ფეისბუქზე» მომხმარებლის მიერ შექმნილი გვერდი იუწყება, რომ აზერბაიჯანიდან იმპორტირებული ბენზინი საქართველოში თითქმის ორჯერ ძვირია. მათი ცნობით, 1 ლიტრი «პრემიუმ» კლასის ბენზინი აზერბაიჯანში 1.24 ლარი ღირს, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე აზერბაიჯანული «სოკარის» ბეზინგასამართ სადგურებზე იმავე ტიპის ბენზინის ფასი 2.30 ლარია.
ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა ინტერნეტში «შეკრებილ» უკმაყოფილო მომხმარებელს მალევე უპასუხა. ««ბოლო 10 წელია, აზერბაიჯანი ბენზინს მსოფლიო ფასებით ყიდის. ამიტომ იმის გაპროტესტება, რომ საქართველოში აზერბაიჯანთან შედარებით საწვავი ძვირია, გაუმართლებელია. ნებისმიერ ქვეყანასთან გაფორმებულ კონტრაქტში აზერბაიჯანი ტარიფებს «პლაცის» ფასით აფიქსირებს, და საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება.
აზერბაიჯანი თავადაა საწვავის მწარმოებელი და ამიტომაცაა მის შიდა ბაზარზე შედარებით დაბალი ფასი, თუმცა ქვეყანა საწვავს საერთაშორისო ფასით ყიდის. რაც შეეხება ევროპულ, «სუპერის» ტიპის საწვავს, ჩვენს ვალუტაზე გადაანგარიშებით, ის აზერბაიჯანში 3,2 ლარი ღირს, ჩვენთან კი 2,35», - განმარტა მთვრალაშვილმა.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ აძვირებს ბაზრის თითქმის ყველა მოთამაშე საწვავს ერთდროულად, ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის თქმით, ამაში გასაკვირი არაფერია და ყველა ქვეყანაში (მათ შორის, თურქეთსა და ევროპაშიც) ასე ხდება, და ეს პროცესი მსოფლიო ფასებს ფეხდაფეხ მიჰყვება.
საინტერესოა, როგორია საქართველოში არსებული საწვავის ფასების შესაბამისობა სხვა ქვეყნებში დაფიქსირებულ ფასებთან მიმართებაში. მაგალითად, ირკვევა, რომ აშშ-თან შედარებით საქართველოში საწვავი 35%-ით ძვირია. ადგილობრივ ბაზარზე 1 ლიტრი ბენზინი, საშუალოდ, 2,28 ლარი ღირს, რაც 61 თეთრით მეტია აშშ-ს საშუალო ფასებთან შედარებით. ქართულ ლარზე დაანგარიშებით, ამერიკაში 1 გალონი საწვავი 6,31 ლარი ღირს, საქართველოში კი - 9 ლარი.
რა განაპირობებს ფასების ასეთ სხვაობას? ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე «კომერსანტთან» საუბრისას განმარტავს, რომ მიზეზი საგადასახადო გარემოა. მისი თქმით, ამერიკა მსოფლიო ბაზარზე არსებული ნავთობის მეხუთედს მოიხმარს და იქ საგადასახადო კანონმდებლობა ლოიალურია. საქართველოში კი მოხმარება დაბალია, ხოლო საგადასახადო წნეხი - მაღალი.
მთვრალაშვილის განმარტებით, ქართულ ბაზარზე საწვავი აქციზით, ასევე დამატებითი ღირებულების გადასახადით იბეგრება და მისი გაიაფების ერთ-ერთი გზა, შესაძლოა, საგადასახადო კანონმდებლობის შეცვლა იყოს.
ბოლო 2 კვირაში ევროკავშირის უმეტეს წევრ ქვეყანაში საწვავი საკმაოდ გაძვირდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, მიმდინარე წლის 27 თებერვალი 12 მარტის განმავლობაში A-95 ბენზინის საცალო ფასი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კვლავ გაიზარდა, რასაც ევროკომისიის მონაცემები ადასტურებს.
კერძოდ, მნიშვნელოვნად გაიზარდა A-95 ბენზინის საცალო ფასი ირლანდიაში (4%-ია), კვიპროსსა (3,1%-ით) და ჩეხეთში (2,8%-ით). აღსანიშნავია, რომ A-95 ბენზინის მხოლოდ ბელგიაში (2,4%-ით) გაიაფდა.
ბენზინი ყველაზე მაღალი ფასი იტალიის ავტოგასამართ სადგურებზე (1.80 ევრო-ლიტრზე), საბერძნეთში (1.78 ევრო-ლიტრზე) და ჰოლანდიაშია (1.77 ევრო-ლიტრზე) დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი ფასები კი - ბულგარეთსა (1.28 ევრო-ლიტრზე) და რუმინეთში (1.29 ევრო-ლიტრზე).
თავის მხრივ, დიზელის საწვავი ევროკავშირის ქვეყნებში ნაკლებად ინტენსიურად გაძვირდა. კერძოდ, დიზელის ფასი არსებითად გაიზარდა ირლანდიაში (4%-ით), კვიპროსში (3%-ით) და ჩეხეთში(2.7%-ით).
დიზელის საწვავზე შედარებით დაბალი ფასი ბულგარეთსა (1.27ევრო-ლიტრზე) და ლუქსემბურგში (1,28 ევრო-ლიტრზე) დაფიქსირდა.ყველაზე მაღალი კი - დიდ ბრიტანეთსა (1.73 ევრო-ლიტრზე) და იტალიაში (1.72 ევრო-ლიტრზე).