საქართველოს მოსახლეობა თვეში მოიხმარს დაახლოებით 60 მილიონ ლიტრ საწვავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველთვიურად 24 მილიონი ლარით გვძარცვავენ!

საქართველოს მოსახლეობა თვეში მოიხმარს დაახლოებით 60 მილიონ ლიტრ საწვავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველთვიურად 24 მილიონი ლარით გვძარცვავენ!

საქართველოს მოსახლეობა თვეში მოიხმარს დაახლოებით 60 მილიონ ლიტრ საწვავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველთვიურად 24 მილიონი ლარით გვძარცვავენ!

ნავთობპროდუქტების ქართული ბაზარი მსოფლიო ტენდენციებიდან აშკარად ამოვარდნილია. სიტუაცია, რბილად რომ ვთქვათ, პარადოქსულია: იმპორტის გაიაფება საცალო ბაზარზე პროდუქციის გაიაფებას არ განსაზღვრავს. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს 2008 წლის აგვისტოში მიაღწია: ერთი ბარელი ნავთობის ფასი 147-150 დოლარს გაუტოლდა. შემდეგ ფასმა კლება დაიწყო და ამჟამად ბირჟებზე 100-110 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

საპირისპირო პროცესების მოწმენი გავხდით ქართულ ბაზარზეც: 2008 წლის მაის-აგვისტოში იმპორტირებული 1 ბარელი ნავთობის ფასი 176-დან 160 დოლარამდე (9%-ით) შემცირდა, ხოლო საცალო ქსელში 1 ბარელი პრემიუმის ფასი 207-დან 236 დოლარამდე (14%-ით) გაიზარდა. 2008 წლის აგვისტო-ოქტომბერში 1 ბარელი იმპორტირებული ნავთობის ფასი ადგილობრივ ბაზარზე 56%-ით შემცირდა, ხოლო 1 ბარელი პრემიუმის ფასი საცალო ქსელში – მხოლოდ 9,5%-ით; რეგულარის ფასი კი საერთოდ არ შეცვლილა. 2009 წლის ივნის-ივლისში იმპორტირებული 1 ბარელი ნავთობის ფასი 16%-ით შემცირდა, მაგრამ საცალო ქსელში 1 ბარელი პრემიუმის ფასი 14%-ით გაიზარდა. 

ფასთა ზრდა ქართულ ბაზარზე 2010 წელსაც გაგრძელდა და ისტორიულ მაქსიმუმს შარშან მიაღწია. უკეთესობას ვერც მიმდინარე წელს ვეღირსეთ.

რა დგას ამ პარადოქსის მიღმა?

 «მემწვანილის სინდრომი» – ნავთობპროდუქტების ბაზარზე

ნავთობპროდუქტების ქართულ ბაზარზე დაახლოებით 50-მდე კომპანია მოქმედებს, მაგრამ სიტუაციას, ძირითადად, ხუთი აკონტროლებს: «ვისოლი», «სოკარი», «ლუკოილი», «რომპეტროლი» და «ეკოჯორჯია». 2011 წლისთვის საქართველოს სადილერო ბაზარზე ნავთობის 72%-ს, ხოლო დიზელის 61%-ს აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია «სოკარ პეტროლიუმ ჯორჯია» ფლობდა. სადისტრიბუციო ბაზარზე კომპანია «ვისოლი» ლიდერობს. ბაზრის მონოპოლიზაცია შეუიარაღებელი თვალითაც აშკარაა. საკითხავი მხოლოდ ისღა რჩება, აქვს თუ არა ადგილი კარტელურ გარიგებებს. თუკი ფაქტობრივი სიტუაციით ვიმსჯელებთ, ნამდვილად აქვს. ნავთობპროდუქტების ბაზრის აგენტები შუბლზე ძარღვგაწყვეტილი მემწვანილეებივით იქცევიან – ფასს სინქრონულად აწესებენ. კანონი კი ცვედანის როლშია: 2005 წელს კანონმა «თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ» ადრე მიღებული კანონი «მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ» ძალადაკარგულად გამოაცხადა. შედეგიც შესაბამისი მივიღეთ: მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას მწვანე შუქი აენთო.

მერაბ ჯანიაშვილი, «ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის» გამგეობის წევრი:

– სისხლის სამართლის კოდექსში შემორჩა მუხლები, რომლებიც კარტელური გარიგებებისათვის დასჯას ითვალისწინებს. ამ მუხლების გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ ფინანსურ პოლიციას. 2005 წლიდან მოყოლებული არც ერთი ასეთი საქმე არ განხილულა. ოთხი-ხუთი კომპანია ფლობს ბაზრის თითქმის 90%-ს და ფასებს საკუთარი სურვილის მიხედვით აწესებს. შეიკრიბებოდნენ, იმსჯელებდნენ, მერე აკეთებდნენ განცხადებას: «ჩვენ გადავწყვიტეთ, გავაძვიროთ ბენზინი ხუთი თეთრით!». ბენზინის ბაზარზე: ერთი კვირის მანძილზე ბენზინი ორჯერ ძვირდება. წესით, ცვლილება ორთვიან ინტერვალში უნდა მოხდეს – ამის მარაგები ნამდვილად გააჩნიათ. ქსელში ნებისმიერი ხარისხისა და წარმომავლობის საწვავის ერთსა და იმავე ფასში რეალიზაციაც კარტელური გარიგებების არსებობაზე მიუთითებს. გნებავთ, «ჯენტლმენური შეთანხმება» დაარქვით, სახელს რა მნიშვნელობა აქვს?! ნორმალურ ქვეყნებში ფასს ბაზარი არეგულირებს. ჩვენთან საბაზრო ეკონომიკის პრინციპებიც და კონკურენციაც მკვდარია.

ნავთობპროდუქტების ბაზარზე რამდენიმე კომპანიის განუკითხავი დომინირება ქვეყნის ეკონომიკას აზარალებს. სოფლის მეურნეობა ძირითადად დიზელზე მუშაობს. მისი ძირითადი შემომტანი «სოკარია». საქართველოში დიზელი რატომღაც ბენზინზე ძვირია, რაც ყოვლად გაუმართლებელია, რადგან მისი წარმოება ბენზინზე იაფი ჯდება; დაბეგვრაც ნაკლებია. ხელისუფლებას ნამდვილად რომ უნდოდეს საქმის გამოსწორება, მერწმუნეთ, მონოპოლია არც ერთ სფეროში არ იარსებებდა.

ძარცვის ტექნოლოგია 

ბექა კემულარია, «სოლიდარობა ეროვნული ინტერესებისათვის» ხელმძღვანელი:

– მკაცრად გასაიდუმლოებულია, რა ფასად ყიდის საწვავს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია «სოკარი», მის მიერ საქართველოში დაფუძნებულ კომპანია «სოკარზე»; ნებისმიერ შემთხვევაში, _ მსოფლიო ფასებზე უფრო იაფად. აზერბაიჯანული ბენზინი ევროსტანდარტებს არ აკმაყოფილებს; იგი დაშვებულზე 50-ჯერ უფრო მეტად აბინძურებს გარემოს. საწვავის უსამართლოდ მაღალი ფასები შეგვიძლია ელემენტარული კალკულაციით დაგიდასტუროთ: შესასყიდი ფასი დღეის მდგომარეობით შეადგენს 930 დოლარს (1534 ლარი); ამას დავუმატოთ ტრანსპორტირების ღირებულება (40 ლარი), აქციზის გადასახადი (250 ლარი); ხარჯი, რომელიც, მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, არ აღემატება თვითღირებულების 10%-ს (157 ლარი) და მოგება (თვითღირებულების 5% – 78 ლარი). გავითვალისწინოთ, აგრეთვე, დღგ, ანუ ზემოთ ჩამოთვლილი თანხების ჯამის 18% (370 ლარი). ჯამში ვღებულობთ ერთი ტონა ბენზინის სარეალიზაციო ფასს – 2431 ლარს. 1 ტონა (1000 კგ) შეადგენს 1350 ლიტრ ბენზინს. სარეალიზაციო ფასის დასადგენად 2431 ლარი გავყოთ 1350 ლიტრზე, რაც უდრის 1,80 ლარს. რეალურად, ბენზინს 2,20 ლარად ყიდიან. მოსახლეობას თითოეულ ლიტრზე ჯიბიდან აცლიან 40 თეთრს, რაც თვეში შეადგენს ათეულ მილიონობით ლარს. საქართველოს მოსახლეობა თვეში მოიხმარს დაახლოებით 60 მილიონ ლიტრ საწვავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველთვიურად 24 მილიონი ლარით გვძარცვავენ!

ნავთობპროდუქტების ბაზრის ხელში ჩასაგდებ თამაშებში საქართველოს ხელისუფლებაც მონაწილეობს. აზერბაიჯანში საწვავის რეალიზატორია «სოკარის» შვილობილი კომპანია «აზპეტროლი». საქართველოში კი საწვავის ბაზრის 80%-ს თავად «სოკარი» დაეპატრონა, რასაც უშუალოდ მიხეილ სააკაშვილმა შეუწყო ხელი. 2004 წლის მარტში აზერბაიჯანში შედგა პრეზიდენტების შეხვედრა დახურულ კარს მიღმა. ორ წელიწადში აზერბაიჯანიდან საწვავის იმპორტის ექსკლუზიური უფლება გადაეცა «სოკარ ენერჯი ჯორჯიას», რომლის 51%-იანი წილის მფლობელია «აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანია». რაც შეეხება დანარჩენ ნაწილს, იმ მომენტში 24,5% ეკუთვნოდა ყოფილ ეკონომიკის მინისტრ ვანო ჩხარტიშვილს, ხოლო 4,5% – კომპანია «პერტო ტრანსს». ეს ბადებს სერიოზულ ეჭვს, რომ ორ პრეზიდენტს შორის საუბრის ნაწილი საწვავის მაფიას და «შავი ოქროთი» საკუთარი ჯიბეების გასქელებას ეხებოდა.

საგულისხმო ინფორმაცია:

უკვე მიმდინარეობს მუშაობა ახალ ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობაზე. იმედი ვიქონიოთ, რომ მოვლენები კონსტრუქციული მიმართულებით განვითარდება და დემოკრატიულ სტანდარტებთან მისადაგებული საკანონმდებლო ნორმები «შავი ოქროს კერპის» გარშემო მავანთა როკვას წერტილს დაუსვამს.