ღვინო ჩვენი არსობისა

ღვინო ჩვენი არსობისა

წლის დასაწყისიდან ქართული ღვინის ექსპორტი 8,5%-ითაა გაზრდილი. ეს მაჩვენებელი შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს თუკი რუსეთის ბაზარი გაიხსნება. ღვინის კომპანიები კი მწვანე შუქს მთავრობისგან ელიან.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ია ჯანაშიამ განაცხადა, ქართული ღვინის ექსპორტი საკმაოდ წარმატებულად ხორციელდება და 2012 წლის გეგმა 21 მლნ ბოთლია, მაშინ როდესაც 2011 წელს 19 მლნ ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა. მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ სხვა წლებში წლის პირველ კვარტალში ღვინის ექსპორტი საკმაოდ პასიურად ხდებოდა, თუმცა წელს ზრდა 8,5%-ია.

“საინტერესოა, რომ წელს მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს სპირტიანი სასმელების ექსპორტის კუთხითაც და დღეისათვის არსებული მონაცემებით ზრდა 71%-ია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ქართული კომპანიები წარმატებულნი არიან, როგორც ღვინის ასევე სპირტიანი სასმელების ექსპორტის კუთხითაც.

წლეულს ქართული ღვინო 2 გამოფენაზე უკვე იყო წარდგენილი და ორივე გამოფენაზე საკმაოდ დიდი ჯილდოები და მოწონება დავიმსახურეთ. ხშირად პირველი კვარტალი საკმაოდ დიდი პასიურობით გამოირჩევა და ამჯერად საკმაოდ დიდი ზრდა გვაქვს. განსაკუთრებით ზრდა სახეზე პრიორიტეტულ ბაზრებზე, როგორიცაა ჩინეთი, პოლონეთი და ლატვია”, - განაცხადა ია ჯანაშიამ. ია ჯანაშია აცხადებს, რომ 15 მარტის მონაცემებით საქართველოდან უკვე ექსპორტირებულია 2 მლნ 788 ათას 197 ბოთლი ღვინო მაშინ, როდესაც 2011 წლის 15 მარტის მონაცემებით, ექსპორტზე 2 მლნ 569 ათას 942 ბოთლი ღვინო იყო გატანილი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლის 15 მარტის მონაცემებით, ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი პრიორიტეტულ ბაზრებზე. საანგარიშო პერიოდში პოლონეთში ქართული ღვინის ექსპორტი 64%-ითაა მომატებული, ლატვიაში - 41%-ით, ჩეხეთში - 138 %-ით, კანადაში - 1700%-ით, ესტონეთში - 87%-ით, აშშ-ში - 219%-ით, გერმანიაში - 199%-თ, თურქეთში - 183%-ით, იაპონიაში - 96%-ით, ინგლისში - 417%-ით, ხოლო ჩეხეთში - 142%-ითაა გაზრდილი.

“სამინისტრო ღვინის კომპანიებს საკმაოდ აქტიურად ხვდება და ერთობლივად უკვე დავსახეთ ის ბაზრები და მიმართულებები, სადაც კიდევ უფრო გავაქტიურდებით. 2011 წლის ბოლოს, როდესაც 2012 წლის გეგმები შევადგინეთ, ავღნიშნეთ, რომ აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა პრიორიტეტულ საერთაშორისო გამოფენებში, როგორიც იყო დუსლედორფისა და ლონდონის გამოფენები და მალე იქნება ჰონგ-კონგის გამოფენა. ჩვენ კომპანიებს დავეხმარებით სხვადასხვა ქვეყნებიდან ჟურნალისტების ჩამოყვანაში. აპრილში უკვე ჩამოდიან ლიტველი და ლატვიელი ჟურნალისტები, რათა მათი საშუალებით მოხდეს ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდა. 

ღვინის კომპანიებს აქტიურად ვეხმარებით ასევე სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობაში, ანუ საუბარი მაქვს ბიზნეს კუთხით ორიენტირებული ღონისძიებების ჩატარებაზე, თითოეულ პრიორიტეტულ ქვეყანაში, სადაც მოწვეულნი იქნებიან ტრეიდერები და მათ გავაცნობთ ქართულ ღვინოს, მივაწვდით უფრო მეტ ინფორმაციას ქართული ღვინის წარმოებაზე: თუ რას ჯიშები გვაქვს და რა ტიპის ღვინოებს ვაწარმოებთ”, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ია ჯანაშიას განცხადებით, სამინისტროს რუსი სპეციალისტების მიღებასთან დაკავშირებით, ონიშჩენკოს უწყებისგან ოფიციალური მიმართვა არ მოსვლია. “ონიშჩენკოსგან არავითარი ოფიციალური მომართვა არ მოგვსვლია და თვითონ რას ფიქრობს, არ ვიცით. ამაზე საუბარი არ ყოფილა და არც განიხილება. თუ ოფიციალურად მოგვმართავენ, ალბათ ამ საკითხს განვიხილავთ, მაგრამ არა მარტო ჩვენი სამინისტრო, არამედ მთავრობა ყველა მიმართულებით”, - განაცხადა ჯანაშიამ.

მინისტრ ქობალიას განცხადებით, რუსეთის მთავარ სანიტარ გენადი ონიშჩენკოს საქართველოში ჩამოსასვლელად მთავრობის თანხმობა არ სჭირდება და ამასთან, ეკონომიკის სამინისტრო ონიშჩენკოს არც ელოდება.

“საქართველოს რუსეთთან უვიზო რეჟიმი აქვს და ონიშჩენკოს ჩვენი თანხმობა არ სჭირდება, როცა უნდა, მაშინ ჩამოვიდეს, მაგრამ ეკონომიკის სამინისტროსთან მას შეხება არ აქვს და შესაბამისად, ონიშჩენკოს მე არ ველოდები”, - აღნიშნა ქობალიამ.

ღვინის კომპანიები კი მწვანე შუქს მთავრობისგან ელის. როგორც კორპორაცია “ქინძმარაულის” წარმომადგენელმა მეგი ტოგონიძემ განუცხადა, “რუსული ბაზრის გახსნა ქართული ღვინის მწარმოებლებისთვის უდავოდ კარგი იქნება, თუმცა კომპანია რუსულ ბაზარზე “ქინძმარაულის” დაშვების თხოვნით რუსეთისთვის მიმართვას არ აპირებს”.

“თუ რუსული ბაზარი გაიხსნება, ზოგადად კარგი იქნება, მაგრამ მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენს კორპორაციას დღეს ბაზრების მოცულობის თვალსაზრისით, არ უჭირს”, - განაცხადა ტოგონიძემ.