ისლანდიაში საკმაოდ მალე მიმოქცევაში უცხოური ვალუტა შემოვა. პირველ პრეტენდენტად შეიძლება ევრო ჩაითვალოს, რადგან ეს კუნძულოვანი სახელმწიფო ევროპის ნაწილია და ევროკავშირში შესვლის დიდი სურვილიც აქვს. მაგრამ ევროპის კონტინენტზე არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას და იმ სიტუაციას თუ გავითვალისწინებთ, რომელშიც ისლანდია ახლო წარსულში იყო, ეს ძალიან საეჭვო პერსპექტივაა. ასე რომ, გვარიანად რეალური ხდება რეიკიავიკის მეორე გეგმა – კანადური დოლარის შემოტანა, რომელმაც ბოლო დროს თავისი ძალა ყველას დაანახა.
მოკლედ, ისლანდიური კრონას დღეები დათვლილია. არადა, 2008 წლამდე ისლანდიელები ამგვარს ვერაფერს წარმოიდგენდნენ. 320 ათასიანი ქვეყნის კრონა ძალიან სტაბილური და საიმედო იყო. ქვეყანაში ფინანსურ სექტორზე დაფუძნებული ეკონომიკა შენდებოდა. კუნძული ლამის გლობალურ ჰეჯ-ფონდად იყო გადაქცეული.
კრიზისმა ყველაფერი 180 გრადუსით შემოაბრუნა. სულ რაღაც 1 წელში მთელი საბანკო სისტემა ჩამოინგრა, ერთ დროს სტაბილური კრონა სასტიკი ტემპებით უფასურდებოდა. ისლანდია იძულებული გახდა სხვადასხვა ქვეყნისა და ორგანიზაციისაგან ვალები ვალებზე აეღო. ცხადი გახდა, რომ საკუთარ ვალუტაზე დაფუძნებული პატარა სავალუტო სისტემა ვეღარ იარსებებდა და ცვლილებები გარდაუვალი იყო.
ყველაზე რეალური ევროზე გადასვლა ჩანდა, თუ ისლანდია ჯერ ევროკავშირში, შემდეგ კი ევროს ზონაში შევიდოდა. მაგრამ ევროს ზონას თავისი მოთხოვნები აქვს და ეგზომ რთულ ვითარებაში თავის რიგებში რომ გაჭირვებული ქვეყანა მიიღოს, ცოტა არ იყოს, ძნელი წარმოსადგენია. თანაც, თავად ისლანდიელებს აქვთ ევროს მიმართ ნდობა დაკარგული. ახლახანს ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ მხოლოდ ისლანდიელთა მეოთხედს სურს ევროს ზონაში შესვლა.
თავისთავად ცხადია, ისლანდიის მთავრობას სხვა ალტერნატივა უნდა მოეძებნა. ამ ქვეყანაში ხომ საზოგადოებრივ აზრს ძალიან დიდ პატივს სცემენ. ჰოდა, რეიკიავიკში ალტერნატივაზე დაფიქრდნენ. უფრო სწორად, მასზე ადრეც ფიქრობდნენ, მაგრამ ახლა ეს ძალიან აქტუალური გახდა. ისლანდიელებმა იმედიანი მზერა დასავლეთისაკენ მიმართეს, თუმცა, საუბარია არა ამერიკულ დოლარზე, არამედ მის კანადურ “უმცროს ძმაზე”.
ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარიც კი გაკეთდა. კერძოდ, ისლანდიაში კანადის ელჩმა ალან ბოუნემ აღნიშნა, რომ დიდი შანსია კუნძულზე მიმოქცევაში კანადური დოლარი შემოვიდეს. მოგვიანებით ისლანდიის ფინანსთა მინისტრმა ოსურ სკარპჰედინესონმა დაამატა, რომ მთავრობაში განიხილება ევროს ალტერნატივები.
კანადური დოლარის წინააღმდეგ ფაქტობრივად არც ერთ ისლანდიელ პოლიტიკოსს არ გაულაშქრია. თავად ისლანდიელთა უმრავლესობაც არ არის მისი წინააღმდეგი. მით უმეტეს, რომ კანადური დოლარის სასარგებლოდ არანაირი პიარ-კამპანია არ ჩატარებულა.
მაინც რატომ კანადური დოლარი? ჯერ ერთი, კანადა ისლანდიის უმთავრესი სავაჭრო პარტნიორია და გეოგრაფიულადაც ახლოსაა. ამასთან, მართალია, კანადის ეკონომიკა ამერიკულთან და ევროპულთან შედარებით საკმაოდ პატარაა, მაგრამ მისი ვალუტა ერთობ ძლიერია. ბოლო 8 წლის განმავლობაში კანადური დოლარი ამერიკულთან მიმართებაში გვარიანად, 25 პროცენტით გაიზარდა და ამჟამად მასზე ძვირი ღირს. ევროსთან მიმართებაში კი ამ ხნის განმავლობაში მისი კურსი 20 პროცენტით გაიზარდა. ისიც უნდა ითქვას, რომ კანადას ვალები არ აქვს და მისი ეკონომიკა მყარად დგას სამ კოლოსზე – სოფლის მეურნეობაზე, ტექნოლოგიურ წარმოებაზე და სასარგებლო წიაღისეულზე.
გამოდის, რომ კანადური დოლარის მიმოქცევაში შემოღება მართლაც არცთუ ურიგო პერსპექტივაა. შემთხვევითი როდია, რომ ბევრმა ქვეყანამ ამ ფულადი ერთეულის თავის რეზერვებში დამატება დაიწყო. ყველას ძალიან მოსწონს, რომ კანადის ცენტრალური ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ძალიან მაღალპროფესიონალურად და ფრთხილად ატარებს.
უცხო ქვეყნის ვალუტის მიმოქცევაში შემოღების კლასიკური მაგალითი ეკვადორი გახლავთ. ამ ქვეყანამ მძიმე კრიზისის შემდეგ 2000 წელს თავისი ვალუტა სუკრე გააუქმა და ამერიკულ დოლარზე გადავიდა. გადავიდა და ხეირიც ნახა – დოლარმა სწრაფად შეაჩერა მზარდი ინფლაცია და შიდა ბაზარმა აყვავება დაიწყო. მართალია, ეკვადორელმა ექსპორტიორებმა გარკვეულწილად წააგეს, რადგან სუსტი ვალუტის უპირატესობა დაკარგეს, მაგრამ მთლიანობაში ქვეყანამ ამოისუნთქა.
ასე რომ, სავარაუდოდ, ისლანდიაც იხეირებს თუ არჩევანს კანადურ დოლარზე შეაჩერებს. ცხადია, მისი ცენტრალური ბანკი ემისიაზე გავლენას დაკარგავს და საკუთარი ვალუტის არქონაც შეიძლება არ იყოს მთლად სასიამოვნო, მაგრამ ახლა ისლანდიას სხვა გზა უბრალოდ აღარ რჩება.