ალბათ გახსოვთ, ლეგენდარულ ფილმ “ფორესტ გამპში” ტომ ჰენქსის გმირი გვიამბობს, რომ მისმა მეგობარმა ფული “რომელიღაც ხილის კომპანიაში” ჩადო და ამით მათი მომავალი უზრუნველყო. ფილმში მოვლენები 1980-იან წლებში ვითარდება. დღეს კი Apple ღირს იმდენი, რამდენიც Microsoft, Cisco და Intel ერთად აღებული.
კომპანიის ამგვარი წარმატების საფუძველი ძალიან მარტივია – სმარტფონები თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ჰოდა, კომპანიის კაპიტალიზაციამ 500 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც სრულიად საფონდო ბაზრისათვის ისტორიული მოვლენა გახლავთ, რადგან მხოლოდ 6 კომპანიას თუ მოუხერხებია ამგვარი წარმატების მიღწევა.
გასული წლის აგვისტოში სტივ ჯობსის მიერ Apple-ის თავკაცის პოსტის დატოვების, ოქტომბერში კი მისი გარდაცვალების შემდეგ კომპანიას ძალიან ბევრი ჩავარდნას უწინასწარმეტყველებდა. ამ დროს კი სრულიად პირიქით მოხდა – ბოლო 5 თვის განმავლობაში Apple-ის აქციების ფასმა 43 პროცენტით – 150 მილიარდი დოლარით მოიმატა. ხოლო თუ ბოლო 10 წლის მონაცემებს შევაჯერებთ, უნდა ითქვას, რომ კომპანიის კაპიტალიზაციამ 75-ჯერ, ხოლო მოგებამ 393-ჯერ მოიმატა, რაც მართლაც დიდებული შედეგია.
დღეს ძალიან ბევრი ელის, რომ Apple-ის აქციები გაიაფებას დაიწყებს. საქმე იმაშია, რომ ნახევარტრილიონიანია ბარიერის გადამლახავ სხვა 5 კომპანიას, რომელთაგან, სხვათა შორის, სამი IT სექტორის წარმოამდგენელია, მიღწეული დიდ ხანს ვერ შეუნარჩუნებია. კერძოდ, Microsoft 500 მილიარდზე მეტი 57 დღე ღირდა, Cisco 10 დღე, Intel სულაც ერთი დღე, ExxonMobil 62 დღე, General Electric კი ყველაზე მეტ ხანს - 181 დღე.
მაგრამ Apple უბრალოდ მდიდარი კომპანია კი არა, როგორც ამბობენ, ცხოვრების სტილია. Apple-მა ხომ ახალი ბაზრები შექმნა და ყველა სეგმენტში, რომელშიც თავისი პროდუქტი გაიტანა, ლიდერი გახდა. ისევე, როგორც ეს თავის დროზე Microsof-ის შემთხვევაში მოხდა. განსხვავება ის არის, რომ ამ უკანასკნელმა დაგვიანებით გადაწყვიტა მომხმარებელთა პრიორიტეტების და ინდუსტრიის სტანდარტების ცვლილებასთან ადაპტირებულიყო. Apple კი სწრაფად განვითარებად ბაზარზე ტემპის განმსაზღვრელად და, მინიმუმ, იდეურ ლიდერად რჩება.
დღეს არაერთი ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ Apple უბრალოდ კომპანია კი არა, მთელი ინდუსტრიაა. მაგალითად, როცა კომპანია რაიმე ახალ პროდუქტს გამოუშვებს, ექსპერტები უმალ მის გარჩევას იწყებენ და აღნიშნავენ რა შეიცვალა, რომელი მიმწოდებელი დარჩა და რომელი არა მასში. სმარტფონების და კომპიუტერების სხვა მწარმოებელთა შემთხვევაში კი ეს არავის აინტერესებს.
Apple-ის წარმატებით აღტაცებული ძალიან ბევრი ანალიტიკოსი მსჯელობს, შეძლებს თუ არა კომპანია ტრილიონი დოლარის ღირებულების კაპიტალიზაციას მიაღწიოს. თითქოს არარეალურია, რომ ისედაც ძალიან ძვირფასი კომპანიის ღირებულება გაორმაგდეს, მაგრამ სტივ ჯობსის პირმშო ამას ნამდვილად მოახერხებს, თუ რამდენიმე ბარიერს დაძლევს. ესენი გახლავთ: ჩინური ბაზრის ათვისება, რაც კომპანიას დიდძალ შემოსავალს მოუტანს, კიდევ უფრო მეტი ახალი პროდუქტის დანერგვა, რის გარეშეც Apple წარმოუდგენელია, ტექნოლოგიური პირველობის შენარჩუნება და აქციების გაყოფის მეთოდის გამოყენება, რადგან Apple-ის აქციები ისედაც საოცრად გაძვირებულია და ერთი ქაღალდი უკვე სმარტფონზე ძვირი ღირს.
როგორც ვხედავთ, ზემოთ ჩამოთვლილში შეუძლებელი და ფანტასტიკური არაფერია. ასე რომ, თუ Apple-ის ხელმძღვანელობა სწორი მენეჯმენტის პოლიტიკას გააგრძელებს, დიდი შანსია, სტივ ჯობსის პირმშოს კაპიტალიზაციამ ტრილიონი დოლარის ღირებულების ზღვარს მიაღწიოს. ეს კი მართლაც რომ სუპერისტორიული მიღწევა იქნება.