ბელორუსის პრეზიდენტის წინააღმდეგ საინფორმაციო ომის მორიგი ეტაპი და კრემლის ირაციონალური საგარეო პოლიტიკს გაგრძელება – ასე აფასებს ქართველ ანალიტიკოსთა ნაწილი დიმიტრი მედვედევის მიერ ალექსანდრ ლუკაშჩენკოსთან დაკავშირებით გაკეთებულ ბოლოს განცხადებას.
3 აგვისტოს, სოჭში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისმა ბელორუსმა კოლეგამ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების პირობა დსთ–ს ლიდერების თანდასწრებით დადო.
„მან თქვა – საზეიმოდ გპირდებით, რომ მე, ყველაფერს გავაკეთებ ყველაზე მოკლე დროში“, - განაცხადა მედვედევმა.
„რუსეთის პრეზიდენტის ეს განცხადება ფაქტობრივად არის პირდაპირი ზეწოლა ბელორუსის პრეზიდენტზე. თუმცა, მეეჭვება, მან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის არ აღიარების საკითხისდამი მინსკის უკვე ჩამოყალიბებული პოზიცია შეცვალოს“, – ამბობს ზურაბ აბაშიძე.
პოლიტიკური ექსპერტის აზრით, დსთ–ს მეთაურთა რომელიმე შეხვედრაზე ლუკაშჩენკომ საქართველოს ორი, მემაბოხე რეგიონის აღიარებასთან დაკავშირებით განცხადება შესაძლოა მართლაც გააკეთა, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, ამ განცხადებას „საზეიმო ვითარებაში დადებული ფიცის“ ფორმა ჰქონოდა.
„ლუკაშჩენკოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება თავიდანვე არ ჰქონდა გადაწყვეტილი. მას გადაჭრით არასოდეს უთქვამს ვაღიარებო. მოგვიანებით კი, ოფიციალურმა მინსკმა ამ საკითხზე მართებული პოზიცია დააფიქსირა და თქვა, რომ მათ აღიარებას არ აპირებს“, – მიიჩნევს ექსპერტი.
ანალიტიკოსის განმარტებით, ამ საკითხთან დაკავშირებით ბელორუსის პრეზიდენტი ერთი პერიოდში შესაძლოა ორჭოფობდა კიდევაც, მაგრამ მას შემდეგ მინსკისა და მოსკოვის ურთიერთობებში, ისევე, როგორც ბელროუსის და საქართველოს ურთიერთობებში ბევრი რამ შეიცვალა. ეს რუსეთის არსაწორ პოლიტიკასთან ერთად, ქართული მხარის მიზანმიმართული და ეტაპობრივი მუშაობის შედეგია.
„მოსკოვისა და მინისკის ბოლო დროინდელი ურთიერთობები ქრესთომატიული მაგალითია იმისა, როგორ არ უნდა წარმართოს ამა თუ იმ ქვეყანამ საკუთარი საგარეო პოლიტიკა, რათა ყველაზე ახლო სტრატეგიული პარტნიორი და სტრატეგიული მეგობარი მტრად არ მოიკიდოს“, – აცხადებს აბაშიძე.
ექსპერტი გამორიცხავს, რუსეთის პრეზიდენტის ამ განცხადებებმა მინსკის მიერ საქართველოს მეამბოხე რეგიონების მიმართ გატარებული არაღიარების პოლიტიკაში რაიმე კორექტივი შეიტანოს.
„დიმიტრი მედვედევის ეს განცხადება ფაქტობრივად იყო რეაქცია იმ პოლიტიკაზე, რომელსაც მინსკი ბოლო ხანს საქართველოსთან მიმართებაში ახორციელებს. მოსკოვი ლუკაშჩენკოს რუსულ–ბელორუსული საქმის მოღალატედ მიიჩნევს და ამიტომაც ცდილობს გაუხსენოს ყველა „ცოდვა“, რომელიც კი, ოდესმე ჩაუდენია“, – ამბობს ირაკლი მენაღარიშვილი.
„სტრატეგიული კვლევების ცენტრის“ დირექტორი არ გამორიცხავს ამ ტიპის კიდევ არაერთი განცხადება გაკეთდეს, რასაც ბუნებრივია აუცილებლად მოყვება ოფიციალური მინსკის პასუხი.
„სრულიად ბუნდოვანი და გაუგებარია მედვედევის ამ განცხადების მიზანი. ბუნებრივია, რჩება შთაბეჭდილება, რომ ის, მოსკოვის ირაციონალური საგარეო პოლიტიკის გაგრძელებაა, რადგან, ლუკაშჩენკოს ფსიქოტიპი კარგად არის ცნობილი. აშკარაა, ამ ტიპის განცხადებები მინსკს მხოლოდ გააღიზიანებს და მისი რეაქცია არ დააყოვნებს. დაველოდოთ, როგორი იქნება ლუკაშჩენკოს პასუხი“, – აცხადებს მენაღარიშვილი.
ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობათ საკითხებში, თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ეს განცხადება პირადად ბელორუსის პრეზიდენტის წინააღმდეგ იყო მიმართული:
„მოსკოვი მინსკის მიერ საქართველოს მეამბოხე რეგიონების აღიარების მიზნით ბელორუსზე ზეწოლას მართლაც ახორციელებდა. სწორედ ამ ზეწოლის ნაწილი იყო „გაზის ომი“ რუსეთ–ბელორუსს შორის. დიმიტრი მედვედევის განცხადება კი, აღიქმება არა იმდენად ზეწოლად, არამედ მოსკოვის მცდელობად, ლუკაშჩენკო „ცუდ ბიჭად“ წარმოაჩინოს, რომელმაც რაღაცა პირობა დადო და აღარ შეასრულა. ეს, იმ საინფორმაციო კმპანიის და „შეთქმულებების თეორიის“ ნაწილია, რომელიც კრემლმა ბელორუსის პრეზიდენტის წინააღმდეგ ააგორა“, – აცხადებს შარაძენიძე.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ ტიპის განცხადებები მოსკოვის მხრიდან კიდევ გაკეთდება. თუმცა, ისინი ვერც ოფიციალური თბილისისა და მინსკის ურთიერთობებზე, ვერც ბელორუსის მიერ უკვე დეკლალირებული საქართველოს მემამბოხე რეგიონების არაღიარების პოლიტიკაზე აისახება.