სააკაშვილს რუსეთთან ისედაც გაუქმებული (ცალმხრივად) სავიზო რეჟიმის კიდევ ერთხელ გაუქმების შესახებ სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, რომ საქართველოს ჩრდილოეთიდან ტურისტები მოაწყდნენ. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში. რადგანაც რუსეთთან ორმხრივად არაფერი გამოგვდის, ამიტომ ახლა პოპულარულია ყველაფრის ცალმხრივად კეთება. ჰოდა, ტურისტებსაც, ალბათ, მხოლოდ ცალმხრივად ითვლიან.
ვინ და როგორ დათვალა რუსი ტურისტები, ცნობილი არ არის. ზოგადად კი საქართველოს ზამთრის კურორტებზე დასვენების მსურველი უცხოელი ტურისტები ადგილობრივი ტუროპერატორების მომსახურებით არ სარგებლობენ.
ტურისტული კომპანია “ვიზიტ ჯორჯიაში” აცხადებენ, რომ უცხოელები ზამთრის კურორტებზე შუამავლების გარეშე ჩადიან და კომპანიის დახმარებაზე ძალიან მცირე მოთხოვნაა. ზამთრის კურორტებზე სასტუმროების მხრიდან შეღავათები არ არის, რის გამოც ტურისტს სააგენტოს მეშვეობით დასვენება უფრო ძვირი უჯდება.
“ვიზიტ ჯორჯიას” ცნობით, უცხოელები კომპანიებს, ძირითადად, კომპლექსური ტურების დროს მიმართავენ, როდესაც პაკეტში სხვადასხვა ქალაქებში ვიზიტი შედის. ტუროპერატორ “მედეა თრეველშიც” აცხადებენ, რომ ზამთრის კურორტებზე გამგზავრების მხრივ დატვირთვა ძალიან დაბალია. მათი განმარტებით, ვინც საქართველოში უკვე ნამყოფია, შიდა ტურებს დახმარების გარეშე გეგმავს.
ზოგადად თეთრი ტურიზმის სეზონი დასასრულს უახლოვდება, თუმცა როგორც სამთო კურორტებზე მოქმედი სასტუმროების მფლობელთა ერთი ნაწილი ამბობს, როგორც შარშან, წლეულსაც სამთო კურორტებზე უცხოული ტურისტების ნაკლებობა იყო. სასტუმროს მფლობელების ნაწილი კი ირწმუნება, რომ ამჯერად ტურისტებთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად მოიმატა და საზონის დასრულებამდე კიდევ უფრო მოიმატებს.
მესტიის გამგებელი შმაგი ნაკანი აცხადებს, რომ წლეულს ზამთრის სეზონზე ტურისტების რაოდენობამ იმატა, თუმცა არა იმ რაოდენობით, რასაც ელოდებოდნენ.
“შარშანდელთან შედარებით, წელს უფრო მეტი ტურისტი ჩამოვიდა, მაგრამ არა იმდენი, რასაც ველოდებოდით, რადგან ინფრასტრუქტურული პროექტები ბოლომდე დასრულებული არ არის. გარდა ამისა, რეკლამირებაც ვერ მოხდა ისე, როგორც საჭირო იყო. თუმცა, შეიძლება ითქვას, მაინც ბევრი ტურისტრი გვყავდა, ძირითადად, სჭარბობდნენ რუსი და ებრაელი ტურისტები. იყო ისეთი დღეებიც, როდესაც სასტუმროებში, მათ შორის, გესთჰაუზებში თავისუფალი ადგილები არ იყო”, - აცხადებს მესტიის გამგებელი.
სხვათა შორის, რუსი ტურისტების მოზღვავების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს ტურიზმის ეროვნულ სააგენტოც. მათი მტკიცებით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების შემდეგ, რუსი ტურისტები განსაკუთრებით აქტიურობენ. იგივეს ამბობს სასტუმრო “გუდაურის” დირექტორი გიორგი მერკვილაძეც “მას შემდეგ, რაც საქართველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა, გუდაურში რუსი ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა”, - ამბობს მერკვილაძე.
რუსი ტურისტების რიცხვი გაიზარდა ბაკურიანშიც, სადაც ამ დროისათვის რუსეთიდან 1000-მდე ტურისტია ჩასული. “მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ სულ რამდენიმე კვირაა, რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა, რუსი ტურისტების ნაკადი დღითი დღე იზრდება”, - აცხადებს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ბექა ჯაყელი. რუსეთიდან შემოსული ტურისტების რაოდენობის შესახებ პირველ მონაცემებს ტურიზმის ეროვნული სააგენტო მიმდინარე თვის ბოლოს გამოაქვეყნებს.
ჯაყელის თქმით, რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზის აღება და საქართველოში ჩამოსვლა არც აქამდე იყო პრობლემა, თუმცა მას შემდეგ, რაც სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუქმდა, რუსი ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.