საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია ავიაკომპანიებში ბოლო დროს შექმნილ ვითარებას ეხმაურება. მისი აზრით, ქართულ ავიაციაში პრობლემები არ არსებობს. არადა, პრობლემები მართლაც რომ თავზესაყრელია. საქართველოს ავიაბაზარს ერთიმეორის მიყოლებით ტოვებენ ძლიერი უცხოური კომპანიები, ადგილობრივი ავიატორები ლამისაა საერთოდ აღიგავონ პირისაგან ზეცისა, გაიაფების ნაცვლად, ძვირდება აივბილეთები. ამ დროს ქობალია წარბშეუხრელად აკეთებს “ჯანსაღ კომენტარებს” ნებისმიერი მიმართულებით.
ქართული ბაზრიდან “ჩეხეთის ავიახაზების” წასვლას მინისტრი კომპანიაში არსებული ფინანსური პრობლემებით ხსნის. ჩეხები საქართველოს პირველ ივლისს დატოვებენ.
როგორც მინისტრი განმარტავს, “ჩეხეთის ავიახაზებისათვისაც” რთული იყო ზაფხულში საქართველოს ბაზრიდან გასვლა, თუმცა კომპანიის მენეჯმეტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, რაც თავად კომპანიის კრიზისს უკავშირდება.
მინისტრის თქმით, ანალოგიური პრობლემები აქვსს “აირ ფრანსს” და კიდევ რამდენიმე მსხვილ ავიაკომპანიას. ქობალიას განცხადებით, დაბალბიუჯეტიანი კომპანიები მსხვილ ავიაკომპანიებს საკმაოდ დიდი კონკურენციას უწევენ და სწორედ ამიტომ დიდ კომპანიებს პოზიციების დათმობა უწევთ.
ადგილობრივ კომპანია “სკაი ჯორჯიაზე” კი, ქობალია, აცხადებს, რომ არ დაუშვებს გაუმართავი თვიმფრინავებით თუნდაც სატვირთო გადაზიდვების შესრულებას. ეს კომპანია ეკონომიკის სამინისტროს ნატოს პროექტის, კერძოდ, ავღანეთში ტვირთების გადაზიდვის დაბლოკვაში ადანაშაულებს.
“ავიამიმართულების უსაფრთოების კუთხით არასდროს დავიხევ უკან. ჩემთვის ადამიანების უსაფრთხოება პირველ ადგილზეა. თუ ტექნიკურად თვითმფრინავი არ არის გამართული და ვერ გაიარა აუდიტი, ეს ნიშნავს, რომ ფრენის საშუალებას არ მივცემთ”, - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ “სკაი ჯორჯიას” 6-თვიანი ვადა ჰქონდა საქართველოში ახალი თვითმფრინავის შემოსაყვანად.
მისივე თქმით, აღნიშნული კომპანიის თვითმფრინავზე უარყოფითი დასკვნა ეროვნულმა საავიაციო სააგენტომ მიიღო. “საავიაციო სააგენტოს აუდიტის შედეგად რამდენიმე ავიაკომპანიას პრობლემების გამოსასწორებლად 6 თვე მიეცა. მათ შორის იყო “სქაი ჯორჯიაც”. მათ მე არაერთხელ ვუთხარი, რომ ამ კუთხით ემუშავათ, მაგრამ არაფერი გააკეთეს”, - აღნიშნა ქობალიამ.
კრიმინალური პოლიციის შეფის ერეკლე კოდუას ძმის გიორგი კოდუას ავიაკომპანია “სქაი ჯორჯიასთვის” ნატოს წევრ ქვეყნებში სამხედრო ტვირთების გადაზიდვების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება არა ევროკავშირის, არამედ საქართველოს შიდა კომპეტენციის ქვეშ ექცევა.
ამის შესახებ ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტის და ტრანსპორტის კომისიის ხელმძღვანელის სიმ კალასის კაბინეტის უფროსის ჰენრიკ ჰოლოლეის მიერ კოდუასთვის გამოგზავნილ ოფიციალურ წერილშია ნათქვამი.
წერილში აღნიშნულია, რომ თვითმფრინავს (“სქაი ჯორჯიას” თვითმფრინავები იგულისხმება) ევროპის კანონმდებლობის შესაბამისად, EASA-ს მიერ გაცემული სერტიფიკატი არ გააჩნია, ევროკავშირის წესებისაგან გათავისუფლებულია და შეიძლება, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელობის მიერ 2015 წლის 1 იანვრამდე იყოს მართული.
თავის მხრივ, გიორგი კოდუა ასკვნის, რომ “წერილის მიხედვით,მისი კომპანიისთვის ნატოს წევრ ქვეყნებში სამხედრო გადაზიდვების განხორციელების აკრძალვა ევროკავშირიდან არ მოდის და აღნიშნული შიდა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო”.
სანამ ქობალია ციდან მიწაზე დაეშვებოდა, კომპანია “აირზენასაც” გადაწვდა. მისი აზრით, კომპანიას მენეჯმეტის პრობლემა აქვს, ხოლო ხელისუფლება “აირზენას” დახმარებას ცდილობდა.
“მთავრობამ “აირზენას” შიდა რეისების შესრულება შესთავაზა, საწყის ეტაპზე საუბარი იყო მესტიის მიმართულებით ფრენების განხორციელებაზე. იმ წინადადებაში, რომელიც მთავრობამ “აირზენას” შესთავაზა, სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირება იგულისხმებოდა, თუმცა “აირზენამ” საბოლოოდ აღნიშნულ პროექტში ჩართვისგან თავი შეიკავა”, - განაცხადა ქობალიამ.
აი, აქ კი მინისტრს სწრაფად უპასუხეს. “აირზენაში” ფინანსური პრობლემების გამომწვევ მიზეზად რამდენიმე რეისზე დატვირთვების შემცირებას მიიჩნევენ და გამოთქვამენ მზადყოფნას, არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს შეხვდნენ.
ავიაკომპანიის წარმომადგენლის ნინო გიორგობიანის თქმით, ის მზადაა, მინისტრს დარგში არსებულ პრობლემებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს. “ავიაცია ზოგადად რთული დარგია. მინისტრი არ ფლობს სწორ ინფორმაციას დარგში არსებულ პრობლემებზე. ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ ვერა ქობალიას და დარგში არსებულ ვითარებაზე დეტალურად ვუამბოთ”, - აცხადებს გიორგობიანი.